რა სასწაულები ხდება თაკო აბაშიძის ცხოვრებაში

რა სასწაულები ხდება თაკო აბაშიძის ცხოვრებაში_ მჯერა, რომ სასწაულები ხდება, რადგან ამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ, _ უთხრა ”სარკეს” მსახიობმა თაკო აბაშიძემ.

მას სჯერა, რომ შეიძლება ადამიანმა სიზმრებში რაღაც მინიშნებები ნახოს, რითაც ხიფათს თავიდან აიცილებს. საუბარი კი ერთი ამბის გახსენებით დაიწყო:
_ ერთი წლის წინ დედაჩემმა აგარაკზე ბეჭედი დაკარგა. სად არ ვეძებე, მაგრამ ვერსად ვნახე. ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ აგარაკზე ავედით. გულში დარდად მქონდა ჩარჩენილი, რომ დედამ საყვარელი ბეჭედი დაკარგა.
წმინდა ნიკოლოზის ხატთან სანთლები დავანთე და ვთხოვე, რომ ბეჭედი მეპოვა და თუ ასე მოხდებოდა, წმინდა ნიკოლოზის უძველეს ეკლესიაში, რომელიც ჩემი აგარაკიდან 5-6 კილომეტრში მდებარეობს, ფეხით ავიდოდი და იმდენ სანთელს ავიტანდი, რამდენიც ხელში დამეტეოდა.
მეორე დღეს ეზოში რომ გამოვედი, დავინახე, ქვიშაზე რაღაც მცენარე იყო და მის ფოთოლზე დედაჩემის ბეჭედი ჩვეულებრივად იდო.
_ თქვენი დაპირება შეასრულეთ?
_ რა თქმა უნდა. ფეხით ავედი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და იმდენი სანთელი ავიტანე, რამდენიც ხელში დამეტია.
_ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. კიდევ თუ გიხილავთ სასწაული?
_ კი, როგორ არა! ჩემს ოჯახში დიდი სასწაულია, უფრო სწორად, ბიძაჩემის, გია აბაშიძის სახლში. ბიძაჩემი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მისი სახლის კარის მინებზე ჯვრებია გამოსახული.
ეს სასწაული რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ბიძაჩემის მეუღლე მომლოცველებთან ერთად იერუსალიმში გახლდათ. ბიცოლაჩემი წმინდა მიწიდან რომ დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ კარზე ჯვრები იყო გამოსახული. თუ კარის მინასთან ახლოს მიიტანთ რაიმე ნათებას, რა ზომის ნათებაც იქნება, იმ ზომის ჯვრის გამოსახულებას დაინახავთ. თუ რამდენიმე ნათება იქნება, იმდენივე ჯვარს დაინახავთ. ანუ ათი ნათება რომ იყოს, ათ ჯვარს დაინახავთ.
ეს სასწაული ვერავინ ახსნა. სასულიერო პირს რომ ვაჩვენეთ, განაცხადა, რომ ეს ყველაზე ხილული სასწაული იყო, რაც მას ცხოვრებაში ჰქონდა ნანახი.
_ ზოგჯერ გარდაცვლილ ადამიანებს ნახულობენ სიზმარში და ამა თუ იმ მოვლენის ახსნას ასე პოულობენ. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
_ გარდაცვლილი ახლობლები არაერთხელ მინახავს სიზმარში, მაგრამ ალბათ ეს მათი მონატრების ბრალია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ღვინო დაუსხამთ ჭიქაში. სიზმარში როცა ჩემი გარდაცვლილი ახლობელი ღვინოს დამისხამს, მეორე დღეს მის სახელზე საკურთხს ვამზადებ და ეკლესიაში მიმაქვს.
_ ანუ გჯერათ სიზმრების?
_ დიახ, იმიტომ, რომ ხშირად მიხდება. რამდენჯერმე ავარიაში მოვყევი და წინა დღით მესიზმრებოდა, რომ თითქოს ქორწილი მქონდა და თეთრი კაბა მეცვა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დამთხვევა იყოს.
_ თქვენი აზრით, თეთრი კაბა რას უნდა ნიშნავდეს?
_ არ ვიცი, მაგრამ სიზმარში რომ ვხედავ, ქორწილი მაქვს და თეთრი კაბა მაცვია, მეორე დღეს ავარიაში ვხვდები.
ერთ-ერთი ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ, ანუ მეორე დღეს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ჩემს ავტომობილს ძალიან ძლიერად შეეჯახა სხვისი ავტომობილი. არც კი ვიცი, როგორ გადავრჩი. იარა, რომელიც დღესაც მაქვს ტუჩზე, იმ ავარიისდროინდელია. ამ იარის გამო ხშირად მეუბნებიან, ტუჩები დაბერილი გაქვსო.
_ სიკვდილისთვის სხვა დროსაც ჩაგიხედავთ თვალებში?
_ კი. როდესაც ჩემი ქალიშვილი, ბარბარე, დაიბადა, ცუდად ვიყავი. ექიმები ჩემზე ამბობდნენ, ამას მხოლოდ სასწაული გადაარჩენსო.
_ თუ საიდუმლო არ არის, მძიმე მშობიარობა რითი იყო გამოწვეული?
_ ბარბარეს დაბადების შემდეგ ექიმები ისეთ პრეპარატს მაძლევდნენ, რომელზეც ალერგიული ვიყავი და კვინკეს შეშუპება დამემართა. რეანიმაციაში დიდხანს ვიწექი. ღმერთმა გადამარჩინა.
_ როგორც ვიცი, წმინდანებს ხატავთ. როდიდან დაიწყეთ ამ თემატიკაზე მუშაობა?
_ ბავშვობაში გრაფიკაში ვხატავდი, მერე წმინდანების ხატვაც დავიწყე. რამდენიმე წელი ამ საქმეს თავი დავანებე. წელს ოჯახთან ერთად ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში წავედი. იქ ვთქვი, თბილისში რომ ჩამოვიდოდი, აუცილებლად წავიღებდი საკურთხს დიდი დიღმის ეკლესიაში. ჩემი ოჯახის წევრები ამ ეკლესიაში მამა მერაბის ლოცვებს ესწრებოდნენ.
_ ”სარკე” მამა მერაბზე წერდა, მისი ლოცვით ბევრი ადამიანი გახდა მშობელი.
_ დიახ, მამა მერაბი უშვილო წყვილებს ლოცავს. ჩემს ძმას და რძალს მისი ლოცვის შემდეგ მეორე შვილი შეეძინათ.
მოკლედ, საკურთხი წავიღე და ეკლესიაში წავედი. იქ შევიტყვე, რომ მამა მერაბი და მისი მეუღლე ხატმწერები ყოფილან. ზეთისცხების შემდეგ მამა მერაბმა ჩემ თვალწინ მაცხოვრის ხატი დაწერა და მაჩუქა. ეს საოცარი განცდა იყო ჩემთვის.
სახლში მოსული მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა, დამეხატა და ხატვა დავიწყე. ჩემი შვილის სათამაშო სანთლის ფანქრებით თაბახის ფურცლებზე დავიწყე მაცხოვრის ხატვა, შემდეგ მამა გაბრიელის, მერე ღვთისმშობლის და ასე შემდეგ.
 ჟურნალი ”სარკე”, ლია ოსაძე