როგორ გაიტაცა საავადმყოფოდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ შალვა ოგბაიძე

როგორ გაიტაცა საავადმყოფოდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ შალვა ოგბაიძეპროკურატურა 26 მაისის დარბევის ეპიზოდებს იძიებს. ამჯერად საქმე შალვა ოგბაიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდის გამოძიებას ეხება. ამ საქმეზე

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიკითხა.

ყოფილი დეპუტატი „ახალ თაობასთან“ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ყვება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ პროკურატურას აინტერესებს 26 მაისის ის ეპიზოდი, რომელიც ეხება შალვა ოგბაიძეს. 26 მაისის ამ ეპიზოდზე გამოძიების შედეგები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ამ საქმეში არის ეპიზოდი, რომელზეც არც მე, არც ჩემს მეგობრებს და, მით უმეტეს, შალვა ოგბაიძეს საჯაროდ არასოდეს გვისაუბრია.

აქამდე არ ვსაუბრობდით იმიტომ, რომ გამოძიების ინტერესი დაცული ყოფილიყო. დღეს უკვე შეგვიძლია ამ ეპიზოდზე საჯაროდ საუბარი. 26 მაისს ბატონ შალვას და მის შვილს ლევან ოგბაიძეს უმოწყალოდ სცემეს. ბატონი შალვა გაატარეს დუბინკების მწკრივში და გრძნობა დააკარგვინეს. შემდეგ ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.

მაშინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდით. შალვა ოგბაიძის მეუღლემ, ქალბატონმა ქეთევან ოგბაიძემ დამირეკა და მითხრა, რომ შალვა უმოწყალოდაა ნაცემი, უგონო მდგომარეობაშია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვერ ლაპარაკობს, უნდათ პოლიციის სამმართველოში გადაიყვანონ, გვიშველეთ რამე და აქედან გაგვაყვანინეთო. იმ დროს ჩემთან იმყოფებოდა დავით ლორთქიფანიძე, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ფრაქციის აპარატის თანამშრომელი გახლდათ.

მე, დავით ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ყუფარაძე (ახლა გარდაცვლილი გახლავთ) მივედით საავადმყოფოში, სადაც ვნახეთ შალვა ოგბაიძე უგონო მდგომარეობაში. მის გონზე მოსვლას სპეცრაზმელები ელოდებოდნენ, რომ სამმართველოში გადაეყვანათ.

თავიდან არ მიშვებდნენ, მაგრამ პირადობის მოწმობა ვაჩვენე და ვუთხარი, რომ პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. შალვა ოგბაიძესთან პალატაში ვნახე გივი ფალიაშვილი, ზაქარია ფალიაშვილის ნათესავი.

ბატონ შალვას ტანზე 12-14 ნატყვიარი (რეზინის ტყვიებს ვგულისხმობ) და სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, დუბინკებით ცემის შედეგად. ძნელად შემოდიოდა კონტაქტში. კართან და გასასვლელში სპეცრაზმი იდგა. შალვა ოგბაიძეზე ხორციელდებოდა მუქარა ინსპექტორის მხრიდან. ამიტომ შალვა ოგბაიძის იქიდან გაყვანა გადავწყვიტეთ. გამოვიძახეთ ერთ-ერთი კერძო კომპანიის მანქანა. მე და დავით ლორთქიფანიძემ თეთრი ხალათები ჩავიცვით. პირადად გავედით და შემოვიტანეთ საკაცე.

ჯერ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. ვიდრე გავიყვანდით, წინა სავარძელში წინასწარ მოვათავსეთ ქალბატონი ქეთევანი. ბატონი შალვა მოვათავსეთ გორგოლაჭებიან საკაცეზე, გადავაფარეთ სუდარა, როგორც მიცვალებულს, და ისე გავიყვანეთ. გავიყვანეთ თუ არა, შევსვით უკან ძარაში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვსდიეთ ამ მანქანას და შემდეგ, როცა ვიგრძენით, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, დავშორდით. ჩვენც არ ვკითხეთ და არც უნდა გვცოდნოდა, სად წაიყვანდა ქალბატონი ქეთევანი ბატონ შალვას.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის გადამალული იყო. შეიძლება ვინმემ ჩვენს საქციელში დანაშაულის კვალი დაინახოს, რადგან დაკავებული პირი გავიტაცეთ საავადმყოფოდან, მაგრამ, როგორც პარლამენტის წევრი, ვმოქმედებდი ადამიანის უფლებათა კონვენციის იმ მუხლის ფარგლებში, რომელიც ადამიანს იცავს წამებისგან, რადგან ვიცოდი, რომ ბატონი შალვა შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა წამებას. აქედან ერთადერთი გამოსავალი იყო, გადამერჩინა წამებისგან ნებისმიერი გზით და საშუალებით..

„ახალი თაობა“, გულიკო ბალაძე