მარიშკა ჯავახაძე ციცქნა პეკინესმა დაიმორჩილა

მარიშკა ჯავახაძე ციცქნა პეკინესმა დაიმორჩილამსახიობ მარიშკა ჯავახაძეს პეკინესის ჯიშის ძაღლი, სახელად რაფაელი, მოფერებით რაფა, ჰყავს. ჟურნალ ”სარკეს” უყვება, რომ ცხოველები ყოველთვის უყვარდა, თუმცა ოთხფეხა მეგობარი გვერდით რომ ჰყოლოდა, ამის სურვილი 5 წლის წინ გაუჩნდა. რაფაელს 3 კვირის ასაკიდან ზრდის და ამბობს, რომ საოცრად თავნება და ცელქი ძაღლის პატრონია.
ერთი პერიოდი ძაღლების ფსიქოლოგის, ძია ნოდარის დახმარებაც დასჭირდა, ოღონდ ეს ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა. დომინანტმა რაფამ მარიშკას დამორჩილება მაინც შეძლო. სწორედ ასეთი ხასიათის გამო ”ჩემი ცოლის დაქალებში” როლიც დაკარგა.
__ როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში პეკინესი?
_ ქერა პეკინესი, რაფაელ ნადალი მყავს. რაფაელი ჩემი საყვარელი ესპანელი ჩოგბურთელია და პეკინესს ეს სახელი მის პატივსაცემად დავარქვი. ცხოველები ძალიან მიყვარს და ავიჩემე, რომ ძაღლი უნდა მომეყვანა. ინტერნეტში ვეძებდი და აღმოჩნდა, რომ პეკინესის ლეკვები იყიდებოდა. დედაჩემს არც კი შევუთანხმდი, ისე წავედი მის ქმართან, რეზოსთან (აწ გარდაცვლილი რეზო ადამია. რედ.) ერთად ღამის 12 საათზე რაფას მოსაყვანად.
პატარა ლეკვები სარდაფში ჰყავდათ. საწყლებს ცუდი სუნი ასდიოდათ. 3 კვირის იყო, რომ წამოვიყვანე.
__ სამი კვირის ჯერ კიდევ ძუძუზეა. არ გაუჭირდა დედასთან დაშორება?
_ რაფა ძუძუს აღარ წოვდა, თუმცა ისეთი პატარა იყო, მკითხველს ვურჩევ, ასეთი ციცქნა ძაღლი არ იყიდონ. პირველ ღამეს ლეკვები ხომ ტირიან და დედას ითხოვენ, რაფას ხმა არ ამოუღია. შემოვიყვანე თუ არა სახლში, ოთახიდან ოთახში დადიოდა და ყველა კუთხე-კუნჭულს ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა. ღამითაც არასდროს გავუღვიძებივარ.
__ ასეთ პატარას ალბათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა და ბევრ რამესაც აფუჭებდა.
_ რაფას სახლში არასდროს არაფერი გაუფუჭებია, არც ავეჯს ერჩოდა და არც ფეხსაცმელებს. ერთადერთი, რასაც ვუჩივი, მისი სიცელქეა, რაც დღემდე გამოჰყვა. იმდენად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სახლში ვინმე რომ მოდის, თვლის, რომ ჩემი კი არა, მისი სტუმარია. უნდა, რომ მხოლოდ მას დაუთმოს ყურადღება.
ამის გამო კინოლოგს მივაბარე, რომელიც კვირაში სამჯერ ჩვენთან, სახლში მოდიოდა და ქცევებს ასწავლიდა. ოლია მასწავლებელს ბოლომდე უჯერებდა, მაგრამ საკმარისი იყო, წასულიყო და ისეთივე ცელქი ხდებოდა, როგორიც არის. ამის გამო ძაღლების ფსიქოლოგის, ძია ნოდარის, დახმარებაც დაგვჭირდა, რომ ცოტა გონს მოეყვანა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. მაინც ისეთი ცელქი და ჯიუტი დარჩა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ასეთი ხასიათის ბიჭია და მისი გაწვრთნა გამორიცხულია.
__ რაში გამოიხატება რაფას სიჯიუტე?
_ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი გაიტანოს. დომინანტია! ლეპტოპთან რომ ვზივარ და ფილმს ვუყურებ, არ მოსწონს, ყურადღებას რომ არ ვაქცევ. ამ დროს თავზე დამაჯდება, არ დამაცდის ყურებას, მაინც ამაყენებს და მაიძულებს, მას ვეთამაშო.
__ არ ფიქრობთ, რომ რაფას სიჯიუტე თქვენი ბრალიცაა, თქვენ გაათამამეთ?
_ შეიძლება ასეც არის. ისე გავზარდეთ, როგორც ოჯახის მთავარი წევრი. ალბათ გათამამებულია და დედაჩემი სულ მსაყვედურობს, შენს შვილებსაც თუ ასე გაზრდი, თავზე დაგასხდებიანო. არ შემიძლია რაფას რაიმეზე უარი ვუთხრა და რა ვქნა? რაც არ უნდა დააშავოს, არასდროს ვსჯით.
რაფას ძირითადი პატრონი არ ჰყავს. ოჯახის ყველა წევრს პატრონად აღიქვამს, დედაჩემის მიმართ კი უფრო მეტი პატივისცემა აქვს. სადაც დედა ზის, არც იმ სავარძელზე ავა და არც საწოლში შეუძვრება. ჩემს საწოლზე კი ნებივრობს. სადაც უნდა დავჯდე, კალთაში მიჯდება. როცა ვსადილობთ, თვითონაც სკამზე დაჯდება და ითხოვს, რომ რასაც ვჭამთ, მასაც გავუნაწილოთ.
__ არაფერი ეკრძალება საკვებიდან?
_ როგორ არა? სპეციალურ საკვებს ჭამს, თუმცა მე იმდენად ჯანსაღად ვიკვებები, ბოსტნეული იქნება, უცხიმო ყველი თუ მოხარშული თევზი, რომელიც რაფას ძალიან უყვარს, ვუნაწილებ. ხაჭაპურზე ისე გიჟდება, საკმარისია, სიტყვას ყური მოჰკრას, რომ დახტის და ერთ ამბავშია.
__ სახლში მარტოს ტოვებთ?
_ არ ვიცი, რატომ, მაგრამ სახლში მარტო დატოვება დღემდე მიჭირს და იშვიათადაც ვტოვებ.
__ როცა სახლში ბრუნდებით, ამ სიხარულს როგორი ემოციით გამოხატავს?
_ კედლებს ასკდება, სირბილს იწყებს, სავარძელზე რამდენჯერმე ახტება-ჩამოხტება, გაიქცევა, სათამაშოს მომიტანს და ბოლოს ხელში უნდა ავიყვანო. ავიყვან თუ არა, სახეს მილოკავს. ამით მადლობას მიხდის, რომ დიდხანს არ დავტოვე და სახლში დავბრუნდი.
თუ ცუდ ხასიათზე ვარ, რაფა ის არის, ვისთან კონტაქტის სურვილი მაინც მაქვს. ვეფერები, ველაპარაკები, ვუყვები რაღაცებს, რაც ძალიან მშველის. რაფა ჩემი ანტიდეპრესანტია.
__ გასეირნება უყვარს?
_ ძირითადად მე ვასეირნებ, თუმცა ოჯახის წევრებიც ასეირნებენ. რაფას გარეთ ყოფნა ძალიან უყვარს, მთელ ზაფხულს აივანზე ატარებს, მაგრამ დიდხანს სეირნობა არ ხიბლავს. სულ გარეთ გავარდნაზეა. საკმარისია, გარეთ გავიყვანო და ნახევარ საათში სახლში დაბრუნებას მთხოვს.
__ სხვა ძაღლებისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს?
_ ეს საკითხი ჩემი ტკივილია! პატარა ჯიშის ძაღლებს იგნორირებას უკეთებს, დიდ ძაღლს რომ ხედავს, საშინლად აგრესიული ხდება, ყეფას იწყებს და საკბენად იწევს. ის ყურადღებას თუ არ მიაქცევს, ამაზე ხომ მთლად გიჟდება! ამ დროს ხელში ამყავს და მისგან სულ დაფხაჭნილი ვარ ხოლმე.
__ ტანსაცმელს ატარებს?
_ ტანსაცმელი აქვს, მაგრამ ჩაცმა არ უყვარს, ამიტომ არც მე ვაძალებ. აუცილებელი პირობაა ზამთარში დუტის ქურთუკით გასეირნება, რადგან ფილტვები აქვს სუსტი და მეშინია, არ გაცივდეს.
__ ოდესმე ვეტექიმის დახმარება დაგჭირვებიათ?
_ სერიოზულად არასდროს უავადმყოფია. ერთხელ კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა. სწორ ნაწლავზე დაბადებიდან აქვს ცხიმგროვა, რომელსაც სულ ვაკონტროლებ.
__ ბანაობა თუ უყვარს?
_ დაბანის პროცესზე გიჟდება! მეც ვაბანავებ, დედაჩემიც და დამხმარე ქალიც, რომელსაც ოჯახის წევრად ვთვლი. ძირითადად, თვეში ერთხელ ვეტერინარულ კლინიკაში ვაბანავებთ, სადაც სალონიც არის. ფრჩხილებსაც იქ იკეთებს.
__ სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებში” რაფას მიყვანა არ გიფიქრიათ? იქნებ მისთვისაც გამოჩნდეს იქ როლი?
_ სხვათა შორის, როცა სერიალში ჩემი გმირი გამოჩნდა, გიორგი ლიფონავასთან შევთანხმდი, რომ ჩემთან ერთად რაფაც ითამაშებდა. ხელმძღვანელობა დამთანხმდა, ბარბარეს პატარა ძაღლი ჰყოლოდა, მაგრამ ისეთი ცელქია, გადასაღებ მოედანს დაანგრევდა, ამიტომ ჩემი გეგმები ვერ განვახორციელე. რაფასთან ერთად მუშაობა ძალიან გამიჭირდებოდა და ზუსტად ვიცი, რომ გადაღებას ჩაშლიდა.
__ ლეკვები არასოდეს ჰყოლია?
_ ორჯერ შევაჯვარეთ. ერთხელ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და მამა გახდა. მეორედ არაფერი გამოუვიდა, თუმცა კარგად გაერთო. სექსუალურად იმდენად აქტიური ძაღლია, ბალიშებსა და ადამიანის ფეხებს ერჩის. გამუდმებით მისი პარტნიორის ძებნაში ვარ.
მისი ლეკვი, რომელიც გვაჩუქეს, არ გამიყიდია. ამას ვერასდროს ვიზამ. რაფას შვილს, რომელიც ჩემს მეგობარს ვაჩუქე, ლეო მესი ჰქვია. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ კარგად უვლიან. როგორც ჩვენს ოჯახში რაფაა მთავარი, მათთან ლეოა დომინანტი. მამა-შვილი ერთმანეთს რამდენჯერმე შევახვედრეთ, მაგრამ იჩხუბეს.
__ რაფასთვის სახლში მეგობრის მოყვანა არ გიფიქრიათ?
_ სიამოვნებით მოვიყვანდი კიდევ ერთ ძაღლს, მაგრამ რაფა ამას ვერ აიტანს და თავს ვიკავებ. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის შესახებ რომ მცოდნოდა მაშინ, როცა რაფა ვიყიდე, აუცილებლად ვიშვილებდი და არ ვიყიდდი, რადგან მიმაჩნია, რომ ძაღლები არ უნდა იყიდებოდნენ.
ჟურნალი ”სარკე”, სოფიო ბოჭორიძე