ნაციონალები “ქართუ ბანკს” თაღლითობაში ადანაშაულებენ, ივანიშვილის ბანკი კი სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება

ნაციონალები "ქართუ ბანკს" თაღლითობაში ადანაშაულებენ, ივანიშვილის ბანკი კი სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებაოპოზიცია და ტაქსების კომპანიაში დასაქმებული 50-მდე მძღოლი “ქართულ საინვესტიციო ჯგუფ 21-ე“-სა და “ქართუ ბანკს” თაღლითობაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ნაციონალურ მოძრაობაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა განაცხადეს, რომ ხელშეკრულებების არსებობის მიუხედავად ავტომობილები, რომლებითაც ისინი წლების განმავლობაში მუშაობენ და ყოველდღიურ გადასახადს იხდიან, ”ქართუ ბანკმა” დააყადაღა და ახლა მძღოლებს ტრანსპორტის ჩამორთმევით ემუქრებიან.

ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართულმა საინვესტიციო ჯგუფმა 21-ე“-მ 10 წლის წინ 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ.

ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ “ქართუ ბანკიდან” 6 მილიონიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც, “ქართუ ბანკი” მძღოლებს მანქანებს ართმევს.
_ 2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა _ 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო “ქართუ ბანკში” და გამოიტანა 6 მილიონი ლარი.

კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს, _ განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურმა “ქართუ ბანკი” და ტაქსების კომპანია თაღლითურ გარიგებაში დაადანაშაულა.

_ თაღლითური გარიგება იყო ბანკსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის, ტრაგიკულია, როცა მილიარდერის ბანკი ართმევს გაჭირვებულ ხალხს მანქანებს, რომლის საფასურიც მათ გადაიხადეს. მძღოლებს გვერდში ვუდგავართ ამ ბრძოლაში, _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღესვე ბრალდებას უპასუხეს “ქართუ”-ში.

როგორც ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ნაციონალური მოძრაობა და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

_ მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა, _ აღნიშნულია განცხადებაში.

“ქართუ”-ში აცხადებენ, რომ შპს “ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI”-ს აქვს საკრედიტო დავალიანება, თუმცა არა 6 მილიონი, არამედ გაცილებით ნაკლები.

სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას, დარჩენილი დავალიანების ამოღებას.

ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას.

_ კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად, სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებს, _ აღნიშნულია განცხადებაში.

ნიუპოსტი