კობა გვენეტაძე: “ქართული საბანკო ბაზარი აბსოლუტურად გახსნილია”

კობა გვენეტაძე: "ქართული საბანკო ბაზარი აბსოლუტურად გახსნილია"– მე ვერ ვიტყვი რამდენი ბანკი იქნება საქართველოში, ქართული საბანკო ბაზარი არის აბსოლუტურად გახსნილი ამ მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად” განაცხადა.

მისივე თქმით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის 12 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე გაზრდა აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომი განვითარების გზაზე.

– საკმაოდ ხშირი კომენტარები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ბანკი უნდა იყოს საქართველოში, არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები საკითხის ასეთ დასმას. მე ვერ ვიტყვი რამდენი ბანკი იქნება, ეს იქნება 6, 10, 17, 18 თუ 25. ქართული საბანკო ბაზარი არის აბსოლუტურად გახსნილი ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საბანკო დაწესებულებები არიან კერძო მფლობელობაში. საბედნიეროდ, ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სახელმწიფო ბანკი და ყველას, ვისაც უნდა ძლიერი ბანკით, ძლიერი კაპიტალით მოსვლა საქართველოში, ბაზარზე, შეუძლია შემოვიდეს და დაიწყოს მუშაობა. ამასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა წინადადებებიც, ბევრ ინვესტორს უნდა კიდეც ამის გაკეთება. მთავარია, რამდენად ძლიერია ბანკი, რამდენად სტაბილურია იგი და რამდენად უწყობს ხელს სისტემის სტაბილურობას. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები და ეს ასე გაგრძელდება. საბანკო სისტემის მაჩვენებლები, სტაბილურობა და მდგრადობა საკმაოდ მაღალია, – განახცადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს იმ საკანონმდებლო პროექტზე,რომელიც კომერციულ ბანკებს, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს და რაც მთავარია მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეეხება.

– მიკროსაფინანსო და საკრედიტო კავშირები რეგისტრირებულნი არიან ეროვნულ ბანკში, ეროვნული ბანკის უფლებები კი მინიმალური და ფორმალურია. ამიტომ შევიმუშავეთ პაკეტი მთელი რიგი ცვლილებებისა, რომლებიც უკვე განხილვის სტადიაშია. მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები უნდა არსებობდნენ, ისინი უნდა იყვნენ მძლავრი ორგანიზაციები, მათ აქვთ თავიანთი ნიშა და ჰყავთ თავიანთი კლიენტები. საკანონმდებლო პროექტი კი ხელს შეუწყობს ამ სექტორის დინამიურობას.

საკანონმდებლო პაკეტში შევიტანეთ საერთაშორისო გამოცდილება, გარდა ამისა სპეციალური დახმარების მისია გვყავდა სავალუტო ფონდიდან. მისია გაეცნო პაკეტს და მოგვაწოდა რეკომენდაციები. გვინდა შევქმნათ ისეთი რეგულაციები,რომლებიც დაეხმარებიან მომხმარებლებს.

ხშირად აკრიტიკებენ რეგულაციებს, ძალიან ბევრი რეგულაცია არ არის კარგი, მაგრამ მისი არარსებობა ძალიან ცუდია, დერეგულების პოლიტიკის შედეგად უკვე ვნახეთ, რაც მოხდა 2008-2009 წლებში შეერთებულ შტატებში,სადაც ფინანსური კრიზისი დაიწყო, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.