უბილეთო მგზავრებს 20 ლარით დააჯარიმებენ

უბილეთო მგზავრებს 20 ლარით დააჯარიმებენ– მგზავრებს, რომლებსაც ავტობუსის მგზავრობისას ბილეთი არ ექნებათ, აქამდე 5 ლარით აჯარიმებდნენ. ახლა ჯარიმა 20 ლარამდე უნდა გაზარდონ. მომხვეჭელი და ფულზე გაგიჟებული ხელისუფლება ვეღარ ძღება და ყველა მეთოდით ცდილობს ხალხისგან ფულის ამოღებას.

ვიღაც შემედავება, რომ უბილეთოდ მგზავრობა არ შეიძლება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ იმას რატომ არავინ კითხულობს, აქვს კი ხალხს ბილეთის ფული? მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტია აუცილებლად გააკეთებს განცხადებას და რაღაც ღონისძიებასაც დავგეგმავთ, – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი.

მისი აზრით, შესაცვლელია დაჯარიმების მექანიზმიც.

– მგზავრები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დააჯარიმო, თუ ავტობუსიდან უბილეთოდ ჩამოვლენ. სხვა შემთხვევაში მათი დაჯარიმება არ შეიძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაქსუებული ხელისუფლება ხალხის ხარჯზე აღარ გამდიდრდეს. აქ საზოგადოების აქტიურობაც არის საჭირო. ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, – აცხადებს ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი.