აღმაშენებლის გამზირზე დაშავებულ გოგონას გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვს

აღმაშენებლის გამზირზე დაშავებულ გოგონას გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვსალადაშვილის კლინიკის მორიგე ექიმის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შოთა გაბადაძის თქმით, კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა 20 წლის გოგონა, მრავლობითი ტრავმების დიაგნოზით. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს აღენიშნება გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა.

– ამ ეტაპზე, ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მიმდინარეობს კვლევები, ტარდება ლაბორატორიული ანალიზები. პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია, ცნობიერება ნათელია. ოპერაციული ჩარევა საჭირო არ იყო და პაციენტი მკურნალობას აგრძელებს, – განაცხადა გაბადაძემ.

დღეს საღამოს, აღმაშენებლის ქუჩის №123-თან, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობიდან ბათქაში ჩამოცვივდა. ბათქაშის საკმაოდ დიდი ნატეხი იქვე ფეხით მიმავალ ახალგაზრდა ქალს დაეცა.

imedinews.ge