გვარამია ქუმსიშვილის წინააღმდეგ – ”სახელმწიფო და ტელეიმედი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან”

გვარამია ქუმსიშვილის წინააღმდეგ - ”სახელმწიფო და ტელეიმედი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან”რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ფინანსთა მინისტრმა კანონი დაარღვია, რადგან გაამხილა რუსთავი2-ის კონფიდენციალური საგადასახადო ინფორმაცია. ამის შესახებ რ2-ის დირექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ნიკა გვარამიამ აღნიშნული ფაქტი კონკურენტული გარემოს დარღვევად შეაფასა:

– რაც ფინანსთა მინისტრმა ჩაიდინა არის მძიმე კანონდარღვევა, ინფორმაციის გათქმა იმ ადამიანისგან ვისაც ამის დაცვა ევალება, ეს არის საშიში სიგნალი ყველა ინვესტორისთვის. კონკურენტუნარიანობის დარღვევა არის ის, რაც რ2-ის წინააღმდეგ გააკეთეს და უპირველესად ტელეკომპანია იმედის სასარგებლოდ.

საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანია რ2-ის დავალიანება გაცილებით ნაკლებია საქართველოს სახელმწიფოს დავალიანებაზე რ2-ის მიმართ. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოსაც, რომ ანაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც რ2-ს სახელმწიფოს ქმედებების შედეგად მიადგა.

რუსთავი2-ს ერთი თეთრი არ მიუღია დამფუძნებლებისგან, განსხვავებით ტელეკომპანია იმედისა, რომელიც დღეს არის ბაბილონის გოდოლი და რ2-იდან წასული და გადაბირებული ადამიანებიც იმყოფებიან იქ, როგორც ჩანს, გაიზარდა ხარჯები და გადაწყვიტეს რომ დაკავდნენ რ2-თან არაკოლეგიალური და არაკონკურენტული ბრძოლით. არაკონკურენტულ გარემოში სწორედ რ2 იმყოფება, – განაცხადა ნიკა გვარმაიამ.

მისი თქმით სახელმწიფო და ტელეკომპანია იმედი რუსთავი2-ის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან და “იმედმა” რ2-ის თანამშრომლები გაბერილი, არარეალური ხელფასების დაპირებით გადაიბირა.

ნიუპოსტი