ქუთაისი გრეგორი ლეპსის და თამარ გვერდწითელის წინააღმდეგ

ქუთაისი გრეგორი ლეპსის და თამარ გვერდწითელის წინააღმდეგარასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლია“ საპროტესტო აქციებით იმუქრება. ისინი ქუთაისში, კინო “საქართველოს” გახსნაზე რუსეთში მოღვაწე მომღერლების, გრეგორი ლეპსისა და თამარ გვერდწითელის შესაძლო ჩამოყვანას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ამ მომღერლების ჩამოყვანას ქუთაისში კინო “საქართველოს” ადმინისტრაცია გეგმავს.
“ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლების თქმით, ეს ადამიანები არიან რუსეთის პირველ პირთან დაახლოებულები და მათი ქუთაისში ჩამოყვანა მიუღებელია.
– ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც 2015 წლის 12 ივნისს რუსეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კრემლის წინ იმღერეს რუსეთის ჰიმნი. ისინი რუსეთის პროპაგანდას უწყობენ მხარს, – განმარტავს გია გოქაძე.
როგორც ,,ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მთავარი პროტესტი არის ის, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი.
– ამიტომაც რუსი მომღერლების ადგილი არ არის ქუთაისში და არც საქართველოს სხვა ქალაქებში მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, – აცხადებს გია გოქაძე.
“ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მომხრე არიან საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობის, მათ პროტესტს შეუერთდებიან.
ქუთაისში კინო „საქართველო“ სექტემბერში იხსნება.