7 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 66 მილიონი ლარი შეიტანა

7 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 66 მილიონი ლარი შეიტანასათამაშო ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში იზრდება მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. მხოლოდ მიმდინარე წლის 7 თვეში სათამაშო ბიზნესმა ქვეყნის ბიუჯეტში 66 მილიონი ლარი შეიტანა.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელების მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მხოლოდ გასულ წელს სათამაშო ინდუსტრიის წლიურმა ბრუნვამ 4 მილიარდს გადააჭარბა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში გასული წლის მდგომარეობით სულ 139 ნებართვაა გაცემული.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სათამაშო ინდუსტრიის რეგულირების მიზნით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ფისკალურ ნაწილზე გავლენა არ ექნება. აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად მას გაზრდილი მოსაკრებლები მოჰყავს. რაც შეეხება საკითხს თუ რამ განაპირობა სათამაშო ბიზნესის 4 მილიარდიანი ბრუნვა, – ხუციშვილი ამის ერთ-ერთ მიზეზად საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობას ასახელებს.
– პაკეტს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, დიდი გავლენა არ ექნება ფისკალურ ნაწილზე. სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში განაკვეთები ბოლო პერიოდში გაიზარდა. ეს ეხება როგორც მოსაკრებლის, ისე ბრუნვის გადასახადს. 30%-მდე გაიზარდა მოსაკრებელი სხვადასხვა ტიპის თამაშობებზე და ის შემოსავლები, რაც ფიქსირდება მიმდინარე წელს, სწორედ აქედან არის განპირობებული. გარდა ამისა, საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილი, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ხორციელედება ეფექტურია და დიდი შედეგების მომტანია. თუ ვნახავთ კომპანიების ბრუნვებს, რომელიც ფიქსირდებოდა 4-5 წლის წინ და დღეს არსებულ ბრუნვებს, რადიკალური სხვაობაა და ეს მოხდა ადმინისტრირების გაუმჯობესების ხარჯზე, – განმარტავს “საქმის კურსთან” ლაშა ხუციშვილი.
ბიზნესმედია