ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებს გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებს გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილ უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილი უფროსი ლეიტენანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება.

იგი მკურნალობას რეანიმაციაში გადის.
შედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. სამივე ქართველ სამხედროს მკურნალობისთვის გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.