როგორ მიიღებენ 10%-იან შეღავათს ქართული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში?

როგორ მიიღებენ 10%-იან შეღავათს ქართული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში?სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება – ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ საკითხს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
იქნება თუ არა ეს შეღავათი პრივილეგია ქართული ბიზნესისთვის და დისკრიმინაცია ტენდერში მონაწილე უცხოური კომპანიებისთვის? როდის შეეძლებათ შეღავათის მიღება ქართულ კომპანიებს? 
“საქმის კურსთან” საუბრისას შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე აცხადებს, რომ შეღავათებით სარგებლობა ქართულ კომპანიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი ტენდერში გაიმარჯვებენ. ახალ ცვლილებას ლევან რაზმაძე “სუბსიდიას” და “სტიმულირებას” უწოდებს, თუმცა, არა პრივილეგიას. სუბსიდიის მიღების იმედით ქართული კომპანიები, სავარაუდოდ, ტენდერში ფასს დააკლებენ და გამარჯვების მეტი შანსი ექნებათ.
“ამას პრივილეგიას ვერ დავარქმევ, რადგან ქართულ კომპანიებს უწევთ სხვა კომპანიებთან ერთად ტენდერში მონაწილეობის მიღება, სადაც მათ აუცილებელ პირობად უდგათ, რომ უნდა გაიმარჯვონ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სუბსიდიის, სტიმულირების სახით კანონზე დაყრდნობით და არავითარ შემთხვევაში ხელაღებით, ის მიიღებს დახმარებას. გამარჯვება არის უპირობო კრიტერიუმი”,- აცხადებს ლევან რაზმაძე.
მისი განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელ სფეროებზე გავრცელდება სუბსიდია, უცნობია.

ქართული ბიზნესის ნაწილი დიდი ხანია ითხოვს სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას, რაზეც ხელისუფლებისგან თანხმობა უკვე მიიღეს. სანამ ცვლილება ძალაში შევა უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული სფეროები, რომლებზეც შეღავათები გავრცელდება.
აღმოჩნდა, რომ ის, რაც მოიწონა ადგილობრივმა ბიზნესმა და მთავრობამ, არ მოსწონთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. EBRD-ის წარმომადგენელი, “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის ღია ბაზარი და ფინანსებთან ხელმისაწვდომობა სჭირდება და არა პრივილეგიები.
“ჩემი აზრით, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშნელოვანია, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბაზარი, ვიდრე გარკვეული პრივილეგიები იყოს დაწესებული მათ სასარგებლოდ. ჩვენი, როგორც ბანკის, მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაიზარდოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვაქვს, მაგალითად საქართველოში, როდესაც კონკრეტული ბიზნესები გაიზარდნენ და ახლა ჩვენ მათ რეგიონულ ბაზრებზე შესვლაში ვეხმარებით. ასე, რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრივილეგიების შექმნა ადგილობრივი ბიზნესისთვის, საჭიროა. ისინი თავადაც მოახერხებენ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას საკუთარი ხედვა აქვს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ერთადერთი რაც, მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, არის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და გაზრდის შესაძლებობები, ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი და არა პრივილეგიები”,- განაცხადა EBRD-ის წარმომადგენელმა ელიზა ნიევიადომსკამ.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ კონკრეტულ რეგულაციაზე კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა, ბაზარი ყველას მიმართ სამართლიანი უნდა იყოს.
„არ გავაკეთებ კომენტარს ქვეყნაში არსებულ სპეციფიკურ კანონმდებლობაზე, მაგრამ გეტყვით, რომ მსოფლიო სავაჭრო ორაგნიზაციის ხელშეკრულება გულისხმობს სამი მთავარი პრინციპის დაცვას – ღია ბაზარი, გამჭვირვალობა და სამართლიანობა. ვფიქრობთ, რომ ეს პრინციპები სჭირდება ბიზნესს განმვითარებისთვის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესს“,- აცხადებს რობერტ ანდერსონი.
ადგილობრივი ბიზნესი კი აცხადებს, რომ შეღავათის ამოქმედებით თანხები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში იხარჯება და რომელიც 3,5 მილიარდს შეადგენს, საქართველოშივე დარჩება.
“გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იმპორტირებული თუნდაც ერთი და იგივე პირობებში იმით გვჯობნიდა, რომ 2-3%-ით წარმოების სიდიდიდან გამომდინარე უკეთესი ფასის დადება შეეძლო. მათთვის იოლი იყო საქართველოს ბაზარზე შემოღწევა, რაც ანალოგიურად სხვა ბაზრებზე ჩვენი შეღწევა გაცილებით რთულია. ამ კანონით და გადაწყვეტილებით იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო მის წარმოებას მცირეოდენ უპირატესობას მიანიჭებს”,- აცხადებს “საქკაბელის” ხელმძღვანელი ედიშერ მამალაძე. 
ბიზნესმედია