ქალბატონი ლიზა 75 წლისაა, ერთ დროს დიდი ოჯახის დიასახლისი დღეს მარტო ცხოვრობს, ამაში არავის ადანაშაულებს, მიაჩნია, რომ შვილები კარგად ვერ გაზარდა და ამის გამო ისჯება.
ქალბატონი ლიზა ეკლესიის ეზოში გავიცანი. მამის გარდაცვალების წლისთავი იყო და პანაშვიდი მინდოდა გადამეხადა. მღვდელს არ ეცალა და მოცდა მომიწია. მამაოს უცდიდა შავებში ჩაცმული, ჯაფისგან დაპატარავებული ქალიც, მასაც პანაშვიდის გადახდა უნდოდა შვილისთვის. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. მე ჩემი ვთქვი, იმან თავისი და გავიცანით ერთმანეთი. ქალბატონი ლიზა ძალიან გულმოკლული დედა აღმოჩნდა არა მარტო იმით, რომ ჯან-ღონით სავსე შვილი დაკარგა, არამედ იმითიც, რომ თავს იდანაშაულებდა, შვილები კარგად ვერ გავზარდეო.
ლიზა:
– 18 წლის გავთხოვდი, სახლში დედამთილ-მამამთილი დამხვდა, შვილივით მიმიღეს, მეც 15 წელი ვიცხოვრე მათთან და ერთი სიტყვა არ მწყენია, წინ ზიხარ და უკან დაჯექიო, არ უთქვამთ. ჭკვიანი და მოსიყვარულე ქმარი მყავდა. გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ გვიყვარდა ერთმანეთი და სიამტკბილობაში ვცხოვრობდით. ჩვენი სახლიდან ხმამაღალი სიტყვა არ გასულა. სამი შვილი გავზარდეთ, სამი ბიჭი. სიყვარული და ყურადღება არ მოგვიკლია. დამჯერი და მოსიყვარულე შვილები დავზარდე. ამიტომ იყო, რომ იმ ავბედით, გაჭირვებულ დროს, ბევრი ცუდ გზას რომ დაადგა, ზოგი ნარკომანი გახდა, ზოგმა ქურდობა დაიწყო, ჩემები სახლში ისხდნენ და წიგნს კითხულობდნენ.
– რამ დაარღვია თქვენი ოჯახის იდილია?
– ჩვენი ოჯახი უბანში ერთ-ერთ კარგ ოჯახად ითვლებოდა. ჩემი ბიჭები შესახედადაც კარგები იყვნენ და კარგ სასიძოებად ითვლებოდნენ. ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ ესენი ცოლის მოყვანას არ ფიქრობდნენ. ასაკი ჰქონდათ და მე უკვე ვნერვიულობდი. უფროსმა ბიჭმა, რა დროს ცოლია ამ გაჭირვებაშიო და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოს საძებნელად. იმ პერიოდში ჩემი დისშვილი, ნინო გათხოვდა. მასთან სტუმრობისას გავიცანით ერთი ახალგაზრდა გოგო. მართალია, სარძლოს ვეძებდი, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან არც ჩემი და არც ჩემი ბიჭის გემოვნებას არ შეესაბამებოდა. საშუალო სიმაღლის, მსუქანი, შავგვრემანი, უგემოვნოდ ჩაცმული გოგო იყო. სამაგიეროდ, მას მოსწონებია ჩემი შუათანა ბიჭი, ზურა. ნინო დასცინოდა ზურას, მას შემდეგ, რაც შენ გაგიცნო მარინამ, იპრანჭება, სულ შენს ამბავს კითხულობს. რომ გაიგებს მოდიხარ, შენ საყვარელ ნამცხვარს აცხობს და ყველანაირად ცდილობს, თავი მოგაწონოსო. ზურა ჩემს შვილებში ყველაზე შესახედი იყო, ტანადი, თვალადი, მხიარული და ენამოსწრებული, ას კაცში გამოარჩევდი. ნინოს ხუმრობაზე ზურა პასუხობდა, ხომ იცი, რომ მასეთი გოგოები არ მომწონს, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, არანაირად არ მომწონს, ნამცხვრები და სადილები კი მართლა გემრიელი იცის, მაგრამ მარტო მაგის გამო ხომ არ მოვიყვან ცოლადო.
– თქვენ რას ამბობდით?
– მე ჩემს ბიჭს ვეუბნებოდი, ნუ ეთამაშები, გოგოს იმედი არ მისცე, ცოდოა. შენ მაგის მომყვანი არა ხარ და გული ეტკინება-თქო.
ასე გაგრძელდა 3 წელი. ვიფიქრე, გარეგნობას რა ჭკუა აქვს, ყოჩაღია, ჩემი შვილი უყვარს და მასზე იზრუნებს-მეთქი და ზურას ვურჩიე, მარინა ცოლად მოეყვანა.
– დაგიჯერათ შვილმა?
– კი, დამიჯერა. ზუსტად ეგ არის ჩემი დანაშაული ჩემი შვილების მიმართ, რომ ძალიან მორჩილები დავზარდე, ნეტა არ დაეჯერებინა. გადავიხადეთ ქორწილი. მოვიყვანეთ პატარძალი. ორი კვირა იყო ჩვენთან, ორი კვირის შემდეგ, ფეხი რომ იბრუნა, სახლში დარჩა, აღარ წამოვიდა. მამაჩემს მარტო ვერ დავტოვებო.
– მარინა დედისერთა იყო?
– არა, სამი დანი იყვნენ. ორი და გათხოვილი იყო, დედა გარდაცვლილი ჰყავდათ და მარინა ცხოვრობდა მამასთან. მე არ მინდოდა, ჩემს შვილს სხვაგან ეცხოვრა, მაგრამ ამაზე ტრაგედია არ შემიქმნია. რა მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებს, აქაც მაგათი სახლია და იქაც, ცოლი ჰყავს და მოუვლის, მარტო ხომ არ იქნება-თქო.
– ზურამ რა თქვა?
– ზურაც გადავიდა მარინას სახლში. მთელი მათი შემოსავალი ჭამაში მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ მამა-შვილისთვის, ლუარსაბივით, ცხოვრების აზრი მარტო ჭამაში იყო, სხვა ინტერესი და მისწრაფება არ გააჩნდათ. ზურაც თანდათან დაემსგავსა ცოლს. გასუქდა. ჩემი რძალი არ ფეხმძიმდებოდა. ექიმმა უთხრა, ძალიან მსუქნები ხართ, უნდა გახდეთ, დიეტა დაიცავით, ისე მკურნალობას არავითარი შედეგი არ ექნებაო. მაგრამ მარინას ამის გაგონება არ სურდა, 100 კილო იყო და იძახდა, მერე რა, რომ მსუქანი ვარ, ყველაფრით ჯანმრთელი ვარ და თუ ღმერთს უნდა, შვილიც მეყოლებაო.
ჩემი უბედურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურამ სამსახური დაკარგა. ზურამ სახლში მოსვლასა და დარჩენას მოუხშირა. რომ ვკითხე მიზეზი, მითხრა, მარინას მამას სმა უყვარს, აღარ შემიძლია ყოველდღე მისი ცქერა, მირჩევნია, აქ მოვიდე და დავისვენოო. სინამდვილეში, როგორც შემდეგ გავიგე, სიმამრი აყვედრიდა თურმე, ქალი იმიტომ გავათხოვე, ქმარმა უნდა შეინახოს. სანამ ჩემს შვილს კარგი შემოსავალი ჰქონდა, კმაყოფილი იყო მამა-შვილი, გაუჭირდა თუ არა, მაშინვე ყვედრება დაუწყეს და სახლიდან დაითხოვეს. მერე შერიგდნენ.
ამასობაში უმცროსმა ბიჭმა, მერაბმა, მოიყვანა ცოლი.
– მეორე რძალი თუ მაინც იყო თქვენი მოსაწონი?
– არც მეორე რძალში გამიმართლა. ძალიან ავი გამოდგა. ნიორივით ერთი წელი შეინახა თავი და როგორც კი შვილი ეყოლა, მაშინვე დაიწყო ულტიმატუმების წამოყენება. ისეთები მითხრა, მტრისას. თავზარი დამეცა, თურმე როგორ ვეზიზღები-მეთქი, ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა და წამოვედი ზურასთან.
– მერაბმა, თქვენი წასვლა როგორ მიიღო?
– რა გითხრათ, შვილო, ცოლს რომ მოიყვანენ, მერე ცოლის თვალებით იხედებიან. ყოველ შემთხვევაში, ჩემებს ასე დაემართათ. ჩემი რძლები ყველაფრით განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე კარგად ახერხებდა ქმრების თავის ჭკუაზე ტარებას.
– ზურამ რა გითხრათ, როგორ მიგიღოთ?
– რომ მივედი, გაუხარდა, მოდი, დედი, დარჩი აქო. შემოდგომა იყო, ჩემს რძალს საკუთარი სახლი ჰქონდა და ზამთარში შეშით თბებოდნენ. შეშა ეყიდათ და ზურას შემოუთვალა, გამოდი, შეშა ვიყიდეთ და დაჩეხეო. ზურაც წავიდა. მთელი დღე ჩეხა ამ წნევიანმა კაცმა შეშა. იმ ღამეს იქ დარჩა, ღამე გაუღვიძებია ცოლი, მარინა, თავი ისე მტკივა, მისკდება, რამე დამალევინეო, დაულევინებია წნევის წამალი. დილით ადრე დამადგა თავზე, კიდევ დამრჩა დასაჩეხი, მაგრამ აღარ შემიძლია, ცუდად ვარ, დედი, წამალი მომიტანე და წნევა გამიზომეო. ესა თქვა და გონება დაკარგა. მორჩა, ვერაფერი ვეღარ ვუშველე. ექიმმა თქვა, როგორც ჩანს, პირველი შეტევა წუხელ ჰქონდა, ახლა გაუმეორა და ფატალური შედეგიც იმიტომ დადგა. ამის ადგომა და სიარული როგორ შეიძლებოდაო. ასე დამეღუპა ჩემი სანაქებო შვილი, უყურადღებობით, უსიყვარულობით. პანაშვიდებზე ჩემმა რძალმა იტირა, ივიშვიშა, მოყვარული ცოლის როლი ითამაშა. დაკრძალვიდან ერთი კვირის მერე დამტოვა ჩემს ტკივილთან მარტო და წავიდა თავის სახლში. ორმოცზე მოვიდა, თუ რამე იყო ღირებული, ჩაალაგა ჩემოდნებში და წაიღო. დავრჩი მარტო ჩემს სიმწარესთან, ტკივილთან და გარდაცვლილი შვილის სურათთან ერთად.
– რატომ მარტო, სხვა შვილებიც ხომ გყავთ?
– შვილო, უფროსი ბიჭი, რაღა ბიჭი, შუახნის კაცია უკვე, ისევ საზღვარგარეთ წავიდა. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ არ დარჩა, აქ რა უნდა გავაკეთო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავის რჩენა ხომ გვინდა, იქიდან იმდენს გამოგიგზავნი, რომ არაფერი გაგიჭირდება, მკვდარსაც უნდა პატრონობა და ცოცხალსაცო. უმცროსი კი თავისი ოჯახის მოვლით არის დაკავებული. ისეთი კაპასი ცოლი ჰყავს, მეშინია, მასაც რამე არ მოსწიოს. რაც მეორე შვილი გააჩინა, კიდევ უფრო მოუმატა პრეტენზიებს. სახლიდან კი გამომაგდო ჩემმა რძალმა, მაგრამ თურმე ნუ იტყვით, ჩემი პენსია და ორი კაპიკი, თუ რამე მაბადია, იმას უნდა გავუგზავნო. ნაწყენია. ამხელა ტკივილის მიუხედავად, არ მოდის და არც ბავშვებს უშვებს ჩემთან. არავის ვადანაშაულებ ჩემს უბედურებაში, დამნაშავე მე ვარ, ასეთი ჭკვიანი და დამჯერი შვილები რომ გავზარდე. თავის დროზე რომ გამეშვა ქუჩაში, სხვანაირები გაიზრდებოდნენ, თავის სიტყვის გატანას ისწავლიდნენ. არავის აწყენინოთ, არავის ატკინოთ, არ წაართვათ, არ მოატყუოთო და დავზარდე ასე ბოთეებად. სამი ვაჟი გავზარდე და წყლის მომწოდებელი არავინ მყავს. ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ ჩემი შვილები მენანებიან, ჩემი მიზეზით ასე რომ დაიჩაგრნენ.