ლელა ჩახვაძე: “სურსათის უვნებლობის სამსახურმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა”

“ეს სამსახური რესტორნებს დღისით ხურავს, ღამით ხსნის”

“ფაროსანას წინააღმდეგ 16 მილიონი იყო გამოყოფილი და 16 თეთრის შედეგიც კი ვერ მივიღეთ”

ლელა ჩახვაძე: "სურსათის უვნებლობის სამსახურმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა"თბილისში რამდენიმე რესტორანი და მაღაზიაა, რომელსაც სურსათის უვნებლობის სამსახური დღისით ლუქავს, ღამით კი ხსნის. ასეთ დღეში 600-მდე საწარმოა.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა (სუსი) ლელა ჩახვაძე 15 დეკემბერს სამსახურიდან პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლა. სუსი არის სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა კვებით დაწესებულებებში საკვების ხარისხის დონეს აკონტროლებს. ამით უნდათ გადაფარონ თავისი კორუფციის ფაქტები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სამსახური, მთლიანად კორუფციის ჭაობშია.

ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურიდან გათავისუფლებული, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი და ლანჩხუთის მერობის კანდიდატი “პატრიოტთა ალიანსიდან” ლელა ჩახვაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე საუბრობენ.

ლელა ჩახვაძე:

– 15 დეკემბერს პოლიტიკური მოტივებით სამსახურიდან გამათავისუფლეს. ვმუშაობდი სურსათის უვნებლობის სამსახურში, თბილისში. მე ვარ ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი და პატრიოტთა ალიანსიდან კენჭს ვიყრიდი ლანჩხუთის მერობაზე. სამსახურიდან ჩემს გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აღვიქვამ. გარდა პოლიტიკური მოტივებისა, ჩემი გათავისუფლების მიზეზი ისაა, რომ ვამხელდი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უვარგის ბრძოლას ფაროსანას წინააღმდეგ. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხები მითვისებულია.

– უვარგისად ბრძოლაში რას გულისხმობთ?

– უვარგისად ბრძოლაში ვგულისხმობ იმას, რომ ფაროსანას წინააღმდეგ არ გამოიყენებოდა სათანადო ტექნიკა, საკარმიდამო ნაკვეთები არ შეიწამლა. სანამ მე არ ვთქვი ხმამაღლა, ავიაცია არ გამოიყენეს, ავიაცია შემდეგ ჩართეს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. წამლობა უნდა მომხდარიყო მაისის პირველ ნახევარში. ეს სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყო.

– სამუშაოების დაგვიანებას რას მიაწერთ?

– სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაეფექტურ მენეჯმენტს.

– სურსათის უვნებლობის სამსახურში თქვენ რა პოზიციაზე მუშაობდით?

– მე ვმუშაობდი ინსპექტორად. ჩემს მოვალეობაში შედიოდა სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება ვეტერინარული კუთხით, მონიტორინგი, ექსპორტზე ტვირთების გაშვების დროს სერთიფიკატების გაცემა და სხვადასხვა სახის სამუშაოები.

– ფაროსანა თქვენ არ გეხებოდათ?

– ფაროსანა, როგორც სპეციალისტს, არ მეხება, მაგრამ, როგორც მოქალაქეს, მეხება.

– თქვენ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში თანხების მითვისებაზე განაცხადეთ.

– ამის თაობაზე მხოლოდ ახლა კი არ განვაცხადე, მერობის კანდიდატი ვიყავი და მაშინაც ვსაუბრობდი. ფაროსანამ გურიის მოსავლის 95% გაანადგურა. 16 მილიონი იყო გამოყოფილი და 16 თეთრის შედეგიც კი ვერ მივიღეთ.

– თანხები გვერდით წავიდა?

– თუ ფაროსანასთან ბრძოლა დაგვიანებული იყო, მაშინ სამუშაოები რატომ ჩაატარეს? თუ ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი, შედეგი სად გვაქვს? მე მოვიკითხე ლანჩხუთის რაიონში, რამდენი იყო გამოყოფილი ამ სამუშაოს შესასრულებლად. 16 მილიონიდან მხოლოდ 200 ათასი ლარი გამოიყო ლანჩხუთისთვის მაშინ, როდესაც მთელს საქართველოში ყველაზე მეტი ფაროსანა ლანჩხუთსა და ზუგდიდში იყო.

– სამსახურიდან თქვენი გათავისუფლების გარემოებები როგორია?

– წინასაარჩევნოდ ჩემს სამსახურს კუთვნილი შვებულებისა და უხელფასო შვებულების მოთხოვნით განცხადებით მივმართე. მიპასუხეს, რომ ადამიანური რესურსის სიმწირის გამო კუთვნილ შვებულებას ვერ მომცემდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ არღვევდნენ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც უფლებას მანიჭებს, მონაწილეობა მივიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და უარი არ მიიღება არანაირი მოტივით-მეთქი. ეს ითვლება კანდიდატის დისკრედიტაციად, სხვა კანდიდატებთან შედარებით ცუდ პირობებში ჩაყენებად.

ამის გამო მივმართე არასამთავრობო ორგანიზაციას და ჩემი პარტიის ხელმძღვანელებს. მათ საკითხი უწყებათაშორის კომისიაზე გაიტანეს, სადაც გადაწყდა, რომ მე მომეცემოდა წინასაარჩევნო კამპანიის სრულყოფილად ჩატარების საშუალება. არჩევნების შემდეგ მე დავბრუნდი სამსახურში. მიუხედავად ყველაფრისა, 15 დეკემბერს გადმომცეს ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება.

– სამსახურში როდის დაბრუნდით?

– სამსახურში 12 ნოემბერს დავბრუნდი, რადგან 8 ნოემბერს მითხრა სურსათის უვნებლობის კადრების განყოფილების უფროსმა, თქვენი განცხადება არ დაკმაყოფილდაო. სამი თვის შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი განცხადება დაკმაყოფილებული არ იყო.

– გამოდის, 3 თვე უკანონოდ იყავით სამსახურიდან წასული?

– თუ უკანონოდ ვიყავი წასული, ამ თვეების ხელფასი დანამატის გარეშე რატომ მივიღე? სამი თვის განმავლობაში შეჩერებული მქონდა და 9 ნოემბერს 2 თვის ხელფასი ერთდროულად ჩამომირიცხეს. თუ უკანონოდ ვიყავი წასული, მაშინ ხელფასი როგორ ჩამომირიცხეს. მესამე თვის ხელფასი სამსახურში გამოსვლის შემდეგ, 22 ნოემბერს ჩამომირიცხეს.

– გათავისუფლების ბრძანებაში რა ჩაგიწერეს?

– გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ ლელა ჩახვაძის ქმედება გამოიხატა არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობაში და მიჩნეულია დისციპლინარულ გადაცდომად. დისციპლინარულ სასჯელად მიესაჯოს სამსახურიდან გათავისუფლებაო.

– დისციპლინარული გადაცდომისთვის სამსახურიდან ათავისუფლებენ?

– არა. ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ გამომიცხადეს საყვედური. დარღვევაც რომ ყოფილიყო, ორჯერ გამომიცხადეს საყვედური. ამიტომ მივდივარ სასამართლოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის” ხელმძღვანელმა ნატალია ხოხიაშვილმა თავის დროზე ლელა ჩახვაძის საკითხი უწყებათაშორის კომისიაზე გაიტანა.

– ლელა ჩახვაძემ მომართა ჩემს ორგანიზაციას, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წარდგინებით, ის კენჭს იყრიდა ლანჩხუთის რაიონში მერის პოსტზე, მაგრამ მუშაობდა თბილისში და საარჩევნო კამპანიის სრულფასოვან წარმოებაში ხელი რომ არ შეშლოდა, მიმართა სურსათის ეროვნულ სამსახურს და სთხოვა კუთვნილი და უხელფასო შვებულება, რაზეც ქალბატონმა ლელამ უარი მიიღო.

– უარის მიზეზად სუსმა ადამიანური რესურსის ნაკლებობა დაასახელა. ამ უწყებას ამ მოტივით უარის თქმის უფლება არ ჰქონდა?

– უფლება ჰქონდა, თუკი ორგანიზაციას მართლა შეზღუდული ადამიანური რესურსი ექნებოდა და სამსახურიდან სხვა თანამშრომლები უკვე ეყოლებოდა გაშვებული. ასეთ შემთხვევაში უხელფასო შვებულებაზე უარის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ კუთვნილ შვებულებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს. ეს ქალბატონი შვებულებას დასვენებისთვის არ ღებულობდა, ის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ამიტომ მისი ეს მდგომარეობა სამსახურს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა.

ქალბატონ ლელას განცხადებით, იმ პოზიციაზე, რაზეც ქალბატონო ლელა მუშაობდა, სამსახურიდან არც ერთი სპეციალისტი არ იყო გაშვებული შვებულებაში. ეს იყო მიზეზი, რომ ჩახვაძე შეეფერხებინათ და საარჩევნო კამპანიაში არ მიეღო მონაწილეობა.

ეს საკითხი გავიტანეთ უწყებათაშორის კომისიაზე. ქალბატონი თეა წულუკიანი დაინტერესდა ამ საკითხით და მაშინვე მოითხოვა პასუხი ცესკოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროდანაც. უპასუხეს, რომ ლელა ჩახვაძის მხრიდან დაშვებული იყო ხარვეზი, მას ორი თარიღი ჰქონდა მითითებული.

ბუნებრივია, ორ თარიღს მიუთითებდა, რადგან ჯერ ითხოვდა კუთვნილ შვებულებას, კუთვნილი შვებულება რომ დამთავრდებოდა, უხელფასო შვებულებას. შემდეგ რადგან უწყებათაშორის კომისიაზე გავიდა საკითხი და არასამთავრობოებიც დაინტერესდნენ, ქალბატონმა თეამ ერთ-ერთ სხდომაზე გაგვიცხადა, რომ ლელა ჩახვაძის შვებულების საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილია და მას შეუძლია არჩევნებში სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობაო. ამის თაობაზე არსებობს უწყებათაშორისი კომისიის ოქმები.

უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

– საქართველოში ადამიანებს სამსახურებიდან უკვე პოლიტიკური მოტივებით ათავისუფლებენ. სურსათის უვნებლობის სამსახურიდან ლელა ჩახვაძე პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს. ქვეყანაში იწყება დიქტატურა. ადამიანებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ პოლიტიკური მოტივებით იმის გამო, რომ ისინი არიან სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

– პოლიტიკურ მოტივებზე ყურადღებას რატომ ამახვილებთ?

– იმიტომ, რომ ლელა ჩახვაძე სხვა პარტიის წევრია. მისი გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. ეს მისი გათავისუფლების ბრძანებაში იკითხება.

გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ ლელა ჩახვაძე გათავისუფლდა (კუთვნილი შვებულება რადგან არ მისცეს) საარჩევნო პერიოდში სამსახურის გაცდენის გამო. კანონში არსებობს მუხლი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ საარჩევნო პერიოდში თუნდაც არ ეკუთვნოდეს შვებულება (ლელა ჩახვაძეს შვებულება ეკუთვნოდა), მისი დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას, რაც არ გააკეთა სურსათის უვნებლობის სამსახურმა.

პირიქით, რაღაც პერიოდის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ლელა ჩახვაძეს საარჩევნო პერიოდში გაცდენილი დღეები, რომლებიც სინამდვილეში იყო კუთვნილი შვებულების დღეები, ჩაუთვალა არასაპატიოდ და 15 დეკემბერს სამსახურიდან გაათავისუფლა.

ეს არ არის პოლიტიკური მოტივი, პოლიტიკურ ნიადაგზე არ არის გათავისუფლებული? “ქართული ოცნების” წევრი რომ ყოფილიყო, მაშინ ხომ არ იზამდნენ ამას.

გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სამსახურს ამ პოლიტიკური თამაშებით უნდა გადაფაროს ის დანაშაულებრივი ფაქტები, იქ რაც ხდება.

– რა დანაშაულებრივი ფაქტები ხდება?

– სურსათის უვნებლობის სამსახური (სუსი) არის მონიტორინგის ერთ-ერთი სტრუქტურა. სუსი არის სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა., ანუ ოპერატიული სამსახური, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა კვებით დაწესებულებებში საკვების ხარისხის დონეს. რამდენად ხარისხიანი საკვები იყიდება ამა თუ იმ დაწესებულებაში, დამოკიდებულია ამ სამსახურის მუშაობაზე. საწარმოს დღისით დაკეტავენ, ღამით კი ხსნიან.

– რომელი საწარმო დალუქეს დღისით და ღამით გახსნეს?

– თბილისში რამდენიმე რესტორანი და რამდენიმე მაღაზია დღისით დალუქეს, ღამით კი გახსნეს. ასეთი დღეში 600-მდე საწარმოა. იციან, რომ ადამიანის პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების გამო პოლიტიკური დებატები დაიწყება და ამით უნდათ გადაფარონ თავისი კორუფციის ფაქტები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სამსახური, მთლიანად კორუფციის ჭაობშია.

– შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ კორუფციის მაგალითი?

– გეუბნებით, რესტორნებს დღისით ხურავენ, ღამით ხსნიან. რამდენიმესაათიანი ლიცენზიები აქვთ, 6-საათიანი, 12-საათიანი.

– სურსათის უვნებლობის სამსახური შემოწმების შემდეგ მხოლოდ რეკომენდაციას აძლევს თუ მისი დასკვნები აუცილებელი შესასრულებელია?

– სურსათის უვნებლობის სამსახური ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა. ეს არ არის მხოლოდ მონიტორინგის სამსახური. მათ უნდათ, მათი საქმეები დაიფაროს და ლელა ჩახვაძის გათავისუფლების საკითხზე ვისაუბროთ და არა მათ მუშაობაზე.

– ლელა ჩახვაძე მათ ხელს უშლიდა?

– დიახ, ლელა ჩახვაძე მათი პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის. ამიტომ, ბუნებრივია, ის ხელს უშლიდა. მათ საქმიანობაზე დღეს თუ ხვალ ლელა ჩახვაძე ხმას ამოიღებდა, როცა მყარი მტკიცებულებები ექნებოდა. ამიტომ მას ვერ ენდობოდნენ.

– თუკი ლელა ჩახვაძე არ დაწერდა განცხადებას შვებულების შესახებ, არ იქნებოდა სხვა პარტიის წევრი, მაგრამ განაცხადებდა დარღვევების შესახებ, მაშინ?

– მაშინ ვერ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ლელა ჩახვაძის ცხოვრებისეული ბიოგრაფია მთლიანად პოლიტიკას უკავშირდება. ლელა ჩახვაძე დამოუკიდებელ პიროვნებად მივიდა იქ და დამოუკიდებელ პიროვნებად წამოვიდა იქიდან. თუმცა, ჩვენ არ შევეგუებით ამას, 100-ით ნულს მოვუგებთ სურსათის უვნებლობის სამსახურს და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუმცა, მათ სწორედ ის უნდათ, ჩვენი მთელი ყურადღება გადავიდეს ლელა ჩახვაძის გათავისუფლების საკითხზე და ყურადღების მიღმა დარჩეს მთავარი – კორუფციული გარიგებები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სამსახურში.