ბიძინა გუჯაბიძე – “ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში კარგი იქნება, მაგრამ არა – პრეზიდენტის ამპლუაში”

ბიძინა გუჯაბიძე - "ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში კარგი იქნება, მაგრამ არა - პრეზიდენტის ამპლუაში"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს კონსერვატიული პარტიიდან ბიძინა გუჯაბიძეს.
– თქვენი აზრით, რამ განაპირობა ინფორმაციის გავრცელება ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით? მმართველ პარტიას ცუდად აქვს საქმე?
– საქართველოში, როგორც წესი, პოლიტიკიდან არავინ მიდის. ყოფილი აქტიური პოლიტიკოსები გარკვეული დოზით, აზრის გამოთქმის დონეზე ჩართული არიან ხოლმე პროცესებში. ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პრემიერად ცოტა ხანს დარჩებოდა, შემდეგ გადადგებოდა და სამოქალაქო სექტორიდან გააკონტროლებდა ხელისუფლებას. იგი ამ ამოცანას ასრულებს. კარგი იქნებოდა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დარჩენილიყო. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა წასულიყო. არ ვიტყოდი, რომ მმართველ პარტიას ცუდად აქვს საქმე, თუმცა, გარკვეული შეცდომები ხელისუფლებამ დაუშვა. პრეზიდენტის ამპლუაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება გამართლებულად არ მიმაჩნია.
– პრეზიდენტის უუფლებობის გამო?
– პრეზიდენტს უფლებები უფრო შეეკვეცა. მას ხელისუფლების შტოებს შორის მედიატორის სიმბოლური ფუნქცია აქვს. ასეთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი მოვლენებზე რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენს.
– არსებობს მოსაზრება, რომ ჯობია, ის პრემიერად დაბრუნდეს.
– ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ბუნებრივია, ეს საკითხი პირადად მისი გადასაწყვეტია.
– ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები თქვენც ახსენეთ. “ქართული ოცნების” რეიტინგი სულ უფრო ეცემა.
– განზრახ ამ ხელისუფლებას არაფერი დაუშავებია. ზოგ შემთხვევაში გამოუცდელობამ იჩინა თავი. შეცდომები იქნა დაშვებული საკადრო საკითხებში. აქ საკადრო დეფიციტის პრობლემაც დგას. სააკაშვილმა მიიზიდა კვალიფიციური სპეციალისტები. სააკაშვილის გარემოცვაში ყოფნამ მათ ავტორიტეტი გაუფუჭა. კვალიფიციური, გამოცდილი და წესიერი ადამიანების მოზიდვა “ქართულ ოცნებას” ამა თუ იმ რგოლში გაუჭირდა. კიდევ ერთი შეცდომა პრემია-დანამატებში გამოვლენილი მადაა. წინა წლებში მოხელეებმა გადაჭარბებით აიღეს პრემია-დანამატები.
– ეს პრაქტიკა ისევ გრძელდება.
– მე ვსაუბრობ წინა წლებზე. დღევანდელი მონაცემები არ გამაჩნია.
– პარლამენტის ახალმა სახეებმა ვერ შეცვალეს ვერაფერი?
– საერთოდ, პარლამენტის თანამდებობის პირს, მით უმეტეს, რიგით დეპუტატს, ძალიან უჭირს რაიმე გარდატეხის შეტანა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ახალი სახეები აქტიურები არიან. შესაძლოა, მათ თავიანთ სფეროში რაიმე პოზიტიური ცვლილება მოახდინეს. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელია პარლამენტისა და მთავრობის შეთანხმებული მუშაობა. წინა მოწვევის პარლამენტში და შემდგომაც, პრეზიდენტის მოქმედებები ხშირად სცილდებოდა პრაგმატულობის ჩარჩოებს. იგი ჯიბრში უდგებოდა პარლამენტს და ამის გამო ადებდა ვეტოს კანონებს.
– პრეზიდენტის ბოლო ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის რეკლამის გაფართოების უფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც არ ეთანხმება..
– ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობაში განხეთქილებაა. საერთოდ, კანონების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, კამათი პროცესს მხოლოდ წაადგება. დეპუტატების ნაწილის მოსაზრება თუ დაემთხვა პრეზიდენტის შეფასებებს, ეს განხეთქილებას არ მოასწავებს. დემოკრატია სწორედ გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღებას გულისხმობს.
– დაბოლოს, ოპოზიციური ძალებიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი. კენჭს იყრის ასევე გიორგი მარგველაშვილი.
– დარწმუნებული ვარ, გამარჯვება მმართველი ძალის კანდიდატს დარჩება. ეს პოლიტიკოსები საპრეზიდენტო არჩევნებს გამოიყენებენ პოლიტიკური აქტიურობისთვის. შალვა ნათელაშვილი იხვეწება, ერთხელ მაინც მენდეთ და მართვის საჭე მანდეთო, მაგრამ ის ხომ ვერ გახდება პრეზიდენტი! ის ბოლო წლებში რუსთავი 2-სა და ნაციონალებს შეეკრა. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციონერი კანდიდატები არჩევნებზე მასზე კარგ შედეგს აჩვენებენ. მმართველი პარტიის კანდიდატისთვის წონიანი კანდიდატების ჩართვა საარჩევნო რბოლაში სასარგებლოა. კონკურენცია კარგია ქვეყნისთვის.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა