ბიტკოინის ციებ-ცხელება საქართველოში – მომავლის ფული თუ დამოკლეს მახვილი _ რა საფრთხეებს შეიცავს კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ციებ-ცხელება საქართველოში  - მომავლის ფული თუ დამოკლეს მახვილი _ რა საფრთხეებს შეიცავს კრიპტოვალუტარა არის ბიტკოინი?

რამდენიმე წლის წინ ციფრულ სამყაროში ახალი ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო, თუმცა ამჯერად მოსაპოვებელ ძვირფას ლითონად ვირტუალურ სამყაროში არსებული კრიპტოვალუტა, ანუ ბიტკოინები იქცა.

ბიტკოინმა 2018 წლის იანვარში სენსაციურ კურსს, 14.350 აშშ დოლარს მიაღწია. მათთვის, ვინც ბიტკოინებს იძენს, ხვალისთვის ორი ალტერნატივა არსებობს: ის შეიძლება მომავლის ფული გახდეს ან საერთოდ არანაირი ღირებულება გააჩნდეს.

ციფრული ვალუტა, იგივე კრიპტოვალუტები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში იქმნებოდა, მაგრამ კონტროლდებოდა მესამე მხარის (მთავრობა, ინსტიტუტები) მიერ.

პირველი დეცენტრალიზებული ვალუტა, ბიტკოინები, 2009 წელს გამოჩნდა. ბიტკოინები დაფიქსირებულია მომხმარებლის ელექტრონულ საფულეში. მათი დახმარებით შესაძლებელია კრიპტოვალუტის შენახვა, ხარჯვა და გადარიცხვა.

ფინანსური ტრანზაქციები ხორციელდება უზარმაზარ მონაცემთა ბაზაში, ე.წ. ბლოკჩეინში, რომელიც შედგება ერთმანეთთან ურთულესი მათემატიკური ოპერაციებით დაკავშირებული ბლოკებისაგან. მასში ათიათასობით კომპიუტერული მოწყობილობაა გაერთიანებული, რაც იცავს სისტემას კიბერშეტევებისაგან და არსებობს იმის გარანტია, რომ რომელიმე ძალა მის მთლიანად გაკონტროლებას ვერ მოახერხებს.

რა არის მაინინგი?

ბიტკოინების მოსაპოვებლად ხორციელდება მაინინგი, რაც გულისხმობს ძლიერი კომპიუტერული ოპერაციების სანაცვლოდ ბიტკოინების მიღებას. მაინინგისთვის გამოიყენება იმდენად ძლიერი კომპიუტერები, რომ მათი სიმძლავრე რამდენიმე ათასჯერ აღემატება მსოფლიოს ტოპ 500 სუპერკომპიუტერის გამოთვლით შესაძლებლობებს. მაინერებს კომპიუტერებთან ერთად შეუძლიათ გამოიყენონ ანდროიდებიც.

ბიტკოინებით დაინტერესებული ადამიანები მას ისე უყურებენ, როგორც ინვესტირების ფორმას, ოქროს მსგავსად. მათ სანაცვლოდ შესაძლებელია სხვადასხვა ეროვნული ვალუტის შეძენა.

ზოგიერთი კომპანია თავის მომხმარებლებს ბიტკოინების სანაცვლოდ უკვე სთავაზობს საკუთარ პროდუქციას. მათ შორის იყო “მაიკროსოფტი”, მაგრამ მან უკვე შეწყვიტა კრიპტოვალუტის პირდაპირი გადახდით მიღება. ამის მიზეზად მისი რისკები დასახელდა, რის გამოც შესაძლოა, ანგარიშსწორების დროს, კომპანიას ზარალი მიადგეს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს სხვა მსხვილმა კომპანიებმაც.

როგორ ძვრებიან თქვენს კომპიუტერებში

ინტერნეტსივრცეში მრავლად შეხვდებით საიტებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც უფასო ბიტკოინების დაგროვებას სთავაზობენ ინტერნეტმომხმარებლებს. ეს საიტები გამოიყენება მაინინგისათვის, ანუ მომხმარებლის პროცესორის სიმძლავრეს რთავს ბლოკჩეინის სისტემაში და იყენებს ახალი კრიპტოვალუტის შესაქმნელად.

საიტები რეკლამების ნახვის ან სიმძლავრის გამოყენების სანაცვლოდ ბიტკოინების მეასმემილიონედს, სატოშებს რიცხავს ელექტრონული საფულის მისამართზე (1 სატოში 0.00000001 ბიტკოინია).

მაინერები, როგორც წესი, ამის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებენ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ თქვენ დამოუკიდებლად მიმდინარეობდეს მაინინგის პროცესი, ანუ თქვენს კომპიუტერებში ისე შემოძვრნენ, რომ ამის შესახებ არც იცოდეთ.

უნებართვო მაინინგი განსაკუთრებით ხშირია საიტებსა და აპლიკაციებში, რომლებიც მათი უფასოდ სარგებლობის საშუალებას იძლევიან.

ფეხებზე გამობმული საფრთხე

ასეთი შეიძლება იყოს ფიტნეს აპლიკაციები, რომლებიც სხვადასხვა კრიპტოვალუტებს გთავაზობენ იმის მიხედვით, რამდენ ნაბიჯსაც გადადგამ. ქართველი ფეისბუქმომხარებლები ბოლო დროს ხშირად წერენ, რომ გადმოწერეს აპლიკაცია, რომელიც მათ ნაბიჯებს ითვლის და ამით ბიტკოინებს გამოიმუშავებენ. ხუმრობენ კიდეც, ქართველ ფეხბურთელებს “გამოვაბათ” ფეხებზე, სხვას ვერაფერს აკეთებენ და ბიტკოინები მაინც გამოიმუშავონო.

ბევრმა ტელეფონებში უკვე დააყენა ფიტნესაპლიკაცია, თანაც ისე, რომ არ სვამს კითხვას, რატომ მისცემენ ბიტკოინებს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებში. საქმე ის არის, რომ დიდი შანსია, მაინინგისთვის ტელეფონების, ანდროიდების სიმძლავრეებს იყენებდნენ ვირტუალური ფულის შესაქმნელად. ამის შესახებ კი ფიტნეს აპლიკაციების რეკლამებში არაფერია ნათქვამი.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი შესაძლებელია მაინინგისთვის თქვენი კომპიუტერებისა და ტელეფონების გამოყენება, ანუ თუ რთავთ ნებას, რომ თქვენი პროცესორებისა და ანდროიდების სიმძლავრეებით ისარგებლონ, ხომ შეიძლება ასე თქვენი კომპიუტერები და ტელეფონებიც გააკონტროლონ, ანუ ვიღაცებს თქვენი პირადი მონაცემები ჩაუვარდეთ ხელში.

კრიპტოვალუტა “რულეტკებით”

ასევე შეხვდებით საიტებს, რომლებიც დავალებების შესრულებას გავალებენ ან ლატარიისა და “რულეტკის” პრინციპით ათამაშებენ მოპოვებულ კრიპტოვალუტებს, რასაც ფაქტობრივად ვირტუალური ფულით გემბლინგის (აზარტული თამაშები) ფორმა აქვს. მიღებული.

ცნობილია ისიც, რომ მალტამ გასული წლის ნოემბერში შეიმუშავა გეგმა კრიპტოვალუტების ლეგალიზების შესახებ, რომლის მიხედვით, კრიპტოვალუტის გამოყენება მოხდება ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში.

ვინ დგას ბიტკოინების უკან

პირველი ბიტკოინების შექმნა სატოში ნაკამოტოს სახელს უკავშირდება, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, რეალურად ვინ ან რა შეიძლება იდგეს ამ ფსევდონიმის მიღმა. მან შექმნისთანავე დააწესა კრიპტოვალუტის ლიმიტი _ 21 მილიონი ბიტკოინი, ანუ ეს არის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი იქნება კომპიუტერული მაინინგით.

ნაკამოტოს მფლობელობაში 1 მილიონი ბიტკოინია, რაც დღეისათვის დაახლოებით 14.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ იდუმალ შემქმნელს აქვს ბიტკოინების უდიდესი რეზერვი, რომლის საშუალებითაც შეუძლია, ბაზარზე კონტროლი დაამყაროს.

იმ შემთხვევაში, თუკი სატოში ნაკამოტოს ფსევდონომით მოთამაშე ვიღაც ან რაღაც ბაზარზე მიწოდებას გაზრდის, ბიტკოინების ფასი შეიძლება კატასტროფულადაც დავარდეს.

სატოში ნაკამოტოს ანონიმურობა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რომ ბიტკოინები თავიდანვე გამიზნული იყო სპეკულაციური საქმიანობებისათვის.

მილიონები 12 დოლარად _ უმდიდრესი მოსწავლე

2010 წელს ბიტკოინის ფასი შეადგენდა 0.003 აშშ დოლარს. მას შემდეგ, მერყეობის მიუხედავად, კურსი მკვეთრად იზრდებოდა და დღეს უკვე რამდენიმე ათასი აშშ დოლარია.

2011 წელს, როცა 1 ბიტკოინი მხოლოდ 12 აშშ დოლარი ღირდა, მოსწავლე ერიკ ფინმანმა მათში ფულის ინვესტირება გადაწყვიტა, შედეგად კი 18 წლის ასაკში მილიონერი გახდა.

2010 წლის მაისში დეველოპერმა 10.000 ბიტკოინად ორი პიცა შეიძინა, დღევანდელი კურსით კი ამ ფასად 142 მილიონ დოლარამდე აშშ დოლარის მიღება შეეძლებოდა.

სპეკულაციები და გარანტიები

კრიპტოვალუტები ზოგისთვის სპეკულაციების საგანი, ზოგისთვის კი კაცობრიობის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ექსპერტების შეფასებები ბიტკოინებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ბევრს ის მიაჩნია ბუშტად, რომელიც ძალიან მალე გასკდება, ბევრი კი მასში გადახდის ახალ, დეცენტრალიზებულ საშუალებას ხედავს და მოელის, რომ 2018 წელს კურსი დაახლოებით ათჯერ, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პროგრესით გაიზრდება.

სპეკულაციური ოპერაციების გამო სავალუტო ბაზარზე ბიტკოინები მერყევი კურსით ხასიათდება. არავინ იცის, რა იქნება მათი ფასი ბაზარზე შემდეგი დღისთვის. არ არსებობს გარანტიები, რომლებიც ადამიანს გაკოტრებისგან დაიხსნის. კურსის ზრდის შემთხვევაშიც კი ყველას არ შეეძლება საარგებლის მიღება.

ბიტკოინების განსაზღვრული რაოდენობა არსებობს, რომლებიც რამდენიმე მფლობელის ხელშია კონცეტრირებული.

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ბიტკოინების საერთო რაოდენობის 95% მათი მფლობელების ძალიან ცოტა ნაწილს, მხოლოდ 4%-ს ეკუთვნის. ეს გვაფიქრებინებს, რომ თუ ტრენდი გაგრძელდება და გაცვლის კურსი აიწევს, ამ შემთხვევაშიც, დიდი კონკურენციის გამო, ძალიან ცოტა გამარჯვებული იქნება.

გაფრთხილება!

სახელმწიფოს მმართველები ალბათ ვეღარ შეეგუებიან იმ ვალუტის არსებობას, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. ისინი უკვე სერიოზულ გაფრთხილებებს იძლევიან.

აშშ-ს ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიტკოინები ხშირად გამოიყენება კრიმინალური აქტივობებისთვის. ამერიკის მთავრობა ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მომხმარებლებს ინვესტიციის კონსპირაციული სქემების შესახებ.

გაფრთხილებებს იძლევა საქართველოს ეროვნული ბანკიც. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები უნდა მოერიდონ ბიტკოინებით ვაჭრობას, რადგან ტრანზაქციებისთვის არ არსებობს რეგულაციები და მომხარებლების მფლობელობაში არსებული ელექტრონულ ფულს გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსი აქვს.

ასევე, ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა მას მიმზიდველს ხდის არაკანონიერი საქმიანობებისთვის, როგორიცაა ფულის გათეთრება და ა.შ.

ამერიკის ფინანსთა მინისტრი სტივ მნუჩინი გამოთქვამს შეშფოთებას იმის შესახებ, რომ “ცუდმა ხალხმა არ შეძლოს ვალუტის გამოყენება ცუდი საქმეების გასაკეთებლად”.

მნუჩინის აზრით, კრიპტოვალუტების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს დიდი ოცეულის სამიტი, რომელიც მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებებს და ხელს შეუშლის პროცესის გაძლიერებას.

ცხადია, სახელმწიფოს მესვეურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაექცეთ მართვის სადავეები. თუკი დიდი სახელმწიფოების მთავრობები შეთანხმდებიან, მათ შეუძლიათ, გააუფასურონ ან შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული მაინც გახადონ ბიტკოინებით ვაჭრობა.

“ამის უკან შეიძლება იდგეს მაფიოზური სინდიკატი!”

საერთოდ, კრიპტოვალუტები ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს საზოგადოებაში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიტკოინის შესახებ წერს:

_ ბიტკოინი არ წარმოადგენს არც უცხოურ ვალუტას, არამედ ბიტკოინი არის მაქსიმუმ ციფრული ვალუტა, რომლის გამომუშავებაში წარმოების ფაქტორის როლს ასრულებს მხოლოდ ციფრული ინფორმაცია.

ე.ი. ეკონომისტის ენაზე ბიტკოინის წარმოების ფუნქციაში ცვლადების სახით ვერ გამოვიყენებთ ვერც ერთ რაოდენობრივ წარმოების ფაქტორს _ ვერც კაპიტალს, ვერც სამუშაო ძალას და ვერც ბუნებრივ რესურსს, მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

ბიტკოინი შეიძლება განხილულ იქნეს ფინანსურ ინსტრუმენტად, მაგრამ ის სუვერენული ფული ვერასოდეს გახდება. მის უკან არ დგას არც ერთი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ მის უკან სავსებით შესაძლებელია, იდგეს საერთაშორისო მაფიოზური სინდიკატი, რომლისთვისაც ციფრული ვალუტა ხელუხლებელ პლატფორმას წარმოადგენს ფულის გათეთრების და გადასახადების გადამალვის მიზნით.

2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსის აღმაფრენა, რომლის ღირებულება აშშ-ს სუვერენულ ვალუტაში, დოლარში იზომება, განაპირობა ჩიკაგოს ბირჟაზე ბიტკოინის ფორვარდული კონტრაქტებით ვაჭრობის დაშვებამ.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მოელოდნენ, რომ ბიტკოინის კომპანიის ფინანსური მონაცემები გახდებოდა საჯარო, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა, ამიტომაც ბიტკოინის კურსი ახლა ეცემა.

დღეს ბიტკოინის კომპანია დგას არჩევანის წინაშე: ან მის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია გახდება სრულად საჯარო, რათა ბიტკოინმა რიგითი ფინანსური აქტივის სტატუსი მიიღოს, ან ბიტკოინის ღირებულება განულდება.

ბიტკოინის შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის ფონზე ვთხოვთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და სტუდენტებს, ნუ აჰყვებიან “სწრაფი მოგების” ცდუნებას, რომელსაც სხვა ყველაფერთან ერთად ხელს უწყობენ და ავრცელებენ თვითმარქვია და უვიცი ექსპერტები, _ წერს იაკობაშვილი და იქვე, კომენტარებში ამატებს:

“ციფრული ვალუტები არის ფინანსური სექტორის ახალი და საინტერესო სეგმენტი. თუმცა მისი განვითარებისთვის აუცილებელია ნდობა, რაც ძნელად მიღწევადია ბიტკოინის ირგვლივ მწირი ინფორმაციის პირობებში და სხვა კრიპტებსაც ჩათრევით ემუქრება.

ჩემი აზრით, ბიტკოინი გასულია კონტროლიდან, გამომგონებელსაც აღარ აინტერესებს მისი მომავალი… გთხოვთ, ბიტკოინს, როგორც რეალურ აქტივს, იქნებ ერთი ფოტო მაინც გადაუღოთ და გვაჩვენოთ – გვაინტერესებს, როგორ გამოიყურება. “ბლოკჩეინების არის მომავალი” _ ჩემი აზრით, ეს თეზა ძალაშია დღესაც, ხვალაც, ძალაში იყო გუშინაც, ერთი და ათი საუკუნის წინაც. ბლოკჩეინები ვართ ნებისმიერი ცოცხალი არსებაც, ოღონდ ბუნებრივი ბლოკჩეინები და არა ციფრული”.

რა ხდება საქართველოში

ბიტკოინის ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მონაცემთა გადამუშავების ცენტრი გახსნან, სადაც ბევრი სერვერი განთავსდება. სწორედ სერვერების რაოდენობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ტრანზაქციის შემოწმებას შეძლებს ესა თუ ის ფიზიკური ან იურიდიული პირი დროის გარკვეულ მონაკვეთში და რამდენ ახალ ბიტკოინს მოიპოვებს ამის შედეგად.

“ბიტფურიმ”, ბიტკოინის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელმაც ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი საქართველოს თანაინვესტირების ფონდიდან, მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ 100 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს თბილისში ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრის ასაშენებლად.

სახელმწიფომ კომპანია “ბიტფურის” პროექტის განსახორციელებლად 185 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა. კომპანია ამ ტერიტორიაზე ცენტრთან ერთად ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც გეგმავს”, – წერდა ქართული პრესა 2 წლის წინ.

დღეს ეს ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, გლდანში. ასეთივე ცენტრი, ოღონდ მცირე მასშტაბის, გორშიც არსებობს. არის დღეები, როცა “ბიტფურის” შემოსავალი 200 ათას დოლარზე მეტია.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ “ბიტფური ჯგუფის” პარტნიორი გორისა და გლდანის დატა ცენტრებში ბიძინა ივანიშვილია. “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი” მათ ბრალდებებს ასე გამოეხმაურა:

“2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია “ბიტფური” სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. “ბიტფურის” საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.

სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად, გვინდა, მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ”.

“ბიტფური ჯგუფის” დამფუძნებელმა, ვალერი ვავილოვმა, აღნიშნა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ის დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან.

_ საქართველო ძალზე ინოვაციური ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. საქართველოში არ არის კორუფცია, აქ არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, იგი არამხოლოდ დაბეგვრისთვის არის ხელსაყრელი, არამედ სტრუქტურაა მარტივი, ცოტა დრო გჭირდება სხვადასხვა ქაღალდების შესავსებად. ასევე, არ არის ძვირი მუშახელი, ისინი არიან ძალიან შრომისმოყვარე. საქართველო არის მწვანე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იაფ ელექტროენერგიას. ყველა ეს პარამეტრი საქართველოს ხდის კეთილგანწყობილს და მეგობრულს ჩვენი ბიზნესისათვის, _ განაცხადა რამდენიმე კვირის წინ ვავილოვმა.

ენერგოვამპირი სერვერები

“ბიტფურის” წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავარი ხიბლი იაფი ელექტროენერგიაა. რატომ არის ელექტროენერგიის ფასი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს ცენტრები ყოველთვიურად რამდენიმე მილიონ კვტ.სთ-ს მოიხმარენ. სერვერები განუწყვეტლივ მუშაობენ და მათ გასაგრილებლად საჭიროა ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, გაგრილება.

ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ბიტკოინის მოპოვების პროცესი, რომელიც დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას ისრუტავს, რაც გიგანტურ ქარხნებს სჭირდებათ. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ენერგოსექტორს განსაცდელს უმზადებს.

_ საწარმოებლად მუხიანში მდებარე ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის ელექტროენერგიის მოხმარების დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია და საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი 75 მგვტ-მდე გაიზარდოს (შესაძლოა, უკვე არის კიდეც ამდენი). ამ დროს ფეროშენადნობთა ქარხნის სიმძლავრე ზესტაფონში 75-80 მგვტ-მდეა, _ ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან.

ბოლო დროს “ბიტფური ჯგუფს” პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ, რომ ელექტროენერგიას შეღავათიან ფასად იღებდნენ, რამაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და ფასის ზრდა გამოიწვია. კომპანია ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არც ერთ ეტაპზე არანაირი შეღავათით არ უსარგებლია და ყოველთვის ბაზარზე დადგენილ ტარიფს იხდიდა.

“სამი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ საქართველოში ინვესტირებული თანხის მოცულობა აღემატება 140 მილიონ ლარს, ხოლო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 180 კაცს. დასაქმებულთა 100% არის ადგილობრივი და საშუალო ხელფასი შეადგენს 2.500 ლარზე მეტს, ხოლო მათი საშემოსავლო გადასახადი ირიცხება ბიუჯეტში”, – ნათქვამია ”ბიტფური ჯგუფის” განცხადებაში.

ახალი თაობა, თამარ ტყემალაძე