დემურ გიორხელიძე: “ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობდა”

დემურ გიორხელიძე: "ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობდა"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს.

– ბატონო დემურ, ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლებამ საახალწლო “საჩუქარი” მოუმზადა. მოიმატა დენის და წყლის ტარიფებმა. იყო თუ არა შესაძლებელი ტარიფის მატების თავიდან აცილება? მოსახლეობამ ხელისუფლებისგან ვერ მოისმინა დამაჯერებელი და დასაბუთებული არგუმენტები. რას იტყვით თქვენ?

– გასაგებია, რომ ტარიფის გაზრდის მომხრეები ყველანაირად ცდილობენ გაამართლონ ეს ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკისთვის, დღევანდელ პირობებში მთავარი უნდა იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ არსებული პრობლემის თანდათანობითი გადაჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ცალკეულ ინტერესთა ჯგუფების ფარგლებში თუ ვიმოქმედებთ, შედეგი არ იქნება მიღწეული.

– ტარიფების ზრდა რამდენად აისახება ბიზნესზე? ველოდოთ ფასების მატებას?

– ქვეყანაში, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესი არის დომინირებული, სერიოზულ გავლენას მოახდენს ნებისმიერი მატება, იმიტომ, რომ ეს ბიზნესები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ძლივს გააქვთ საკუთარი თავი. მე არაფერს ვამბობ დიდ ბიზნესზე, პრივილეგირებულ ბიზნესზე, რომელიც თავს შესანიშნავად გრძნობს და მომავალშიც შესანიშნავად იგრძნობს, თუკი ეს პოლიტიკა იქნება. მიზანია გასარკვევი.

– და რა არის მიზანი?

– მიზანი დეკლარირებული მთავრობას სწორად აქვს, მაგრამ კარგად არ მესმის, ტარიფების პერმანენტული ზრდა რატომ არის საჭირო მაშინ, როცა მე ამ ტარიფების სტრუქტურაში ძალიან კარგად ჩავიხედე და ყველა ციფრი მაქვს აწონილ-დაწონილი. რეზერვები ძალიან დიდია იქ, ამიტომ გამორიცხულია, ენერგეტიკის რომელიმე დარგი იყოს წამგებიანი.

– ინვესტიციების განსახორციელებლად წინასწარ განისაზღვრა თანხა ტარიფშიო.

– გასაგებია, რომ ყველა დარგი უნდა იყოს გონივრულ ფარგლებში რენტაბელური, მათ შორის, იგივე სადისტრიბუციო მწარმოებელი გენერაციის ობიექტები, გადამცემები და დისტრიბუტორები, აქ ორი აზრი არ არის.

როგორ ხდება პროპორციულად იმ საერთო სარგებლის გადანაწილება? მთელი პრობლემა საქართველოში ყოველთვის ეს იყო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე საფუძველი ტარიფების მატებისთვის არსებობდა. თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარება, ჩვენ შეგვიძლია თითოეული ციფრი, რომელიც წარმოქმნის ტარიფს, ავწონოთ ძალიან დეტალურად ყოველგვარი ემოციის გარეშე და ჩვენ დავინახავთ, რომ რეზერვები საკმაოდ სერიოზულია.

– როგორც დენის, ასევე წყლის ტარიფში?

– რა თქმა უნდა! წყალი კიდევ ცალკე თემაა. მოკლედ, ტარიფების საკითხი არის ძალიან სერიოზული საკითხი, სამწუხაროდ, იგი ინტერესთა ჯგუფების ფარგლებში წყდება.

– რამდენად დაამძიმებს ტარიფების მატება სოციალურ და ეკონომიკურ ფონს ქვეყანაში?

– მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მატება რაღაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. უბრალოდ მცირე და საშუალო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია და ეს გაძვირება არ გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას, თუ შესამჩნევად არ გააუარესებს. ისინი როგორც არიან მძიმე მდგომარეობაში, დარჩებიან ისევ მძიმე მდგომარეობაში, განვითარების პერსპექტივის გარეშე!

– ეს არ არის საგანგაშო მატებაო, მოვისმინეთ შეფასებები. თქვენ რას იტყვით?

– რას ნიშნავს არ არის სერიოზული მატება?! რა, ჩემი ჯიბიდან ამოღებული 1 თეთრი ცოტაა?! შეიძლება ეს ვიღაცისთვის ცოტაა და ხვალ 2 თეთრის ამოღების სურვილი ჰქონდეს. ის 1 თეთრი ჩემია, ამიტომ მე უნდა განვკარგო იგი ისე, როგორც ჩავთვლი საჭიროდ.

– როგორ აფასებთ 2017 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით? გასული წელი გამოირჩეოდა ლარის გაუფასურებით. რას იტყვით თქვენ? რას ელოდებით, იქნება სერიოზული რყევები?

– მე ველოდები იმ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ბოლოსდაბოლოს გახსნის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს და აამოქმედებს იმ ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება აქამდეც ამოქმედებულიყო და უკეთესი ვითარება გვქონოდა ამ კუთხით. ყველა რეზერვი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან რენტაბელური, გრძელვადიანი და საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდეს.

– თუმცა არ გვაქვს.

– ეს ჯერჯერობით არ ხდება იმიტომ, რომ აქ არის ისევ პოლიტიკის დეფექტი. პირველ რიგში ის, რომ ყველაფერი მობილიზებული არ არის იმ მთავარი მიზნისკენ, რომელსაც ჰქვია ეკონომიკური ზრდა. დღეს ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ზრდა, იმიტომ, რომ ძალიან მცირე ეკონომიკისთვის, როგორსაც საქართველო წარმოადგენს, ზრდის ეს ტემპები არის ბუნებრივი ზრდის ტემპები. კი, ეს ვერ მოხსნის პრობლემას, მაგრამ მაინც დადებითი ფონია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომზადდება ნიადაგი სერიოზული ძვრისთვის.

– ანუ თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და უკეთეს შედეგებს ელით?

– პოლიტიკის ცვლილების შემთხვევაში, მე გაცილებით უკეთეს შედეგებს ველი. მე ვგულისხმობ ერთიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფუნქციები პარამეტრული და მკაცრად განსაზღვრული იქნება. ასეთი პოლიტიკის განმტკიცება დღეს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ პარლამენტს შეუძლია, მაგრამ პარლამენტი დღეისათვის ამ მთავარ ფუნქციას თავისას არ ასრულებს!

– არ არის ამისთვის მზაობა საკანონმდებლო ხელისუფლებაში?

– საკანონმდებლო ხელისუფლება, როგორც მე კომენტარებიდან მესმის, ძალიან არასწორ პოზიციას ადგას. რადგან მთავრობა უმრავლესობის მიერ არჩეულია, ისინი გამოდიან პროვინციული გუნდური პრინციპებიდან და არა – პარლამენტის საკანონმდებლო და კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან. მათი ფუნქცია კონტროლია აღმასრულებელი ხელისუფლების და რაკი საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის საშინაო პოლიტიკის, მთლიანობაში ხდება პარლამენტში და არა – აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

– დღევანდელი პარლამენტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას?

– თუ რაიმე პრეტენზია დღეს შეიძლება საქართველოში ვინმეს წაეყენოს, ეს, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტია, რომელიც გუნდურ პრინციპზეა გადასული! ეს არის ძალიან დრომოჭმული შეხედულება, რომ ჩემი გუნდია და ამიტომ მე უნდა დავიცვა გუნდი. პარლამენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციურ ფარგლებში. იგი უნდა იყოს მთავარი მაკონტროლებელი და კანონშემოქმედი! დღეს პარლამენტს აქვს უზარმაზარი ფუნქციები, რომელთაც იგი უბრალოდ ვერ ქაჩავს!