კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყოკონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ საუბარია კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე 18 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
“საავტომობილო საწვავის ბაზარზე, მოქმედი კომპანიების სარჩელების საფუძველზე, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ საქმის მოკვლევა დაიწყო”,- ნათქვამია განცხადებაში.
BMG კონკურენციის სააგენტოს დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდა, თუმცა, მათ კვლევის დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა 2015 წელს დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.
“კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე ბაზრის ძირითად სუბიექტებს: “ვისოლს”, “რომპეტროლს”, “სოკარს”, “ლუკოილს”, “გალფს”, ასევე ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობაში იყვნენ ამ ხუთეულთან, შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. გარდა ამისა, სანქციები გატარდა ფრენჩაიზინგის მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ”, – განაცხადა 3 წლის წინ კონკურენციის სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ.
სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ დრომდე სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

ბიზნესმედია