ყაზახეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში

ყაზახეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ცენტრალურ აზიაშიგასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალური ვიზიტი გახლდათ აშშ-ში. ყაზახეთის ლიდერი თეთრი სახლის ხელმძღვანელს, დონალდ ტრამპს შეხვდა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხს, სიტყვით წარდგა და რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გამართა

პირველების დროა

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული ვიზიტი გარკვეულწილად უპრეცედენტო გახლდათ. ყაზახეთის პრეზიდენტი ცენტრალური აზიის ლიდერთა შორის პირველია, რომელმაც თეთრი სახლი მოინახულა, ხოლო მისი ქვეყანა – პირველია რეგიონში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

დონალდ ტრამპის აზრით, ყაზახეთი მეტად ანგარიშგასაწევი პარტნიორია აშშ-ისთვის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის ლიდერის პოზიციას რეგიონში და მშვიდობისმყოფელის მისიას, მთლიანობაში.

– საქმე ისაა, რომ აშშ ესწრაფვის შეიძინოს ძლიერი, განვითარებული პარტნიორები – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, – რომლებიც პატივს სცემენ მეზობლებს და საკუთარ ბედ-იღბალსაც თავად განაგებენ. მოუთმენლად ველი იმ უზარმაზარი პროგრესის ხილვას, რომელსაც ყაზახეთის მკვიდრთ მიაღწიეს. ჩვენი სურვილია, ყაზახეთს კარგი, სუვერენული და აყვავებული მომავალი ჰქონდეს, იგივეს ვუსურვებთ მსოფლიოს ყველა მშვიდობისმოყვარე ერს, განურჩევლად ყველას.

ნაზარბაევისა და ტრამპის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ დადებით შედეგად შესაძლოა დასახელდეს გაფართოებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

ბევრმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ყაზახეთის ლიდერის აშშ-ში ვიზიტი სამშვიდობო მისიის განხორციელებადაც აღიქვეს. ორმხრივი შეხვედრის გარკვეული ნაწილი ავღანეთის კონფლიქტისა და ჩრდილოეთ კორეაში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვისაკენ მიმართული ზომების განხილვას დაეთმო.

– ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარება მხოლოდ აშშ-თან, ჩინეთთან და რუსეთთან ერთობლივადაა შესაძლებელი – ხაზგასმით აღნიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. – ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, მეზობლებს, ცხადია, გვაღელვებს რუსეთისა და აშშ-ის პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც ნულოვან ნიშნულამდე დაეცა.

ეკონომიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, ორი ქვეყნის ლიდერებმა დააზუსტეს, რომ ისინი სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზეც აპირებენ შესაბამისი კონსულტაციების გავლას, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუთვალისწინებელი არასასურველი შედეგი ყაზახეთის ეკონომიკისათვის, რაც თავისთავად გარკვეულ მოსაზრებებს ბადებს. ყაზახეთის საპასუხისმგებლო შუამავლის როლის გათვალისწინებით, რომელიც მან რუსეთისა და თურქეთის შერიგებისას შეასრულა, და ყაზახეთის ლიდერის მთავარი დებულება: “ჯერ – ეკონომიკა და შემდეგ – პოლიტიკა”, მსგავსი განცხადებები სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა.

კონტრაქტი? არის კონტრაქტი!

ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაზარბაევის ვიზიტი საკმაოდ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. შედეგად, ყაზახეთმა გააფორმა აშშ-ის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან 20-ზე მეტი კონტრაქტი, რომელთა საერთო ღირებულება 7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ეს შეთანხმებები სხვადასხვა დარგს ეხება – ავიაციიდან დაწყებული, სარკინიგზო კომუნიკაციით დამთავრებული, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და კოსმოსის ჩათვლით.

ყაზახეთის ლიდერის აშშ-ში ვიზიტი დადებითად შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმაც. ასე, მაგალითად, საგარეო პოლიტიკის ფონდის “მემკვიდრეობა” ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, აშშ და ყაზახეთის კავშირი ახალ ეტაპზე გადავიდა.

– ყაზახეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში, – აცხადებს კოფი. – ჩვენ გვაერთიანებს უამრავი საერთო გამოცდილება, ასევე საკმარისი საერთო შესაძლებლობები. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი იქნება პირველი ნაბიჯი ყაზახეთსა და აშშ-ს შორის დაწყებულ გრძელვადიან ურთიერთობაში… ამ ბოლო დროს ყაზახეთი უამრავი დიპლომატიური ინიციატივით გამოდის და ეს სავსებით მართებულია. მაგალითად, აღსანიშნავია ასტანაში გამართული მოლაპარაკებები (სირიის საკითხებთან დაკავშირებით – ავტ.), რომელმაც სავსებით გაამართლა მოლოდინი.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი, დენიელ რუნდე დარწმუნებულია, რომ აშშ-მ უნდა გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ყაზახეთთან და გაზარდოს ინვესტიციების მოცულობა.

– ჩვენთვის ცნობილია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებისთვისაც ეს საკითხი პრიორიტეტულია, – აღნიშნა მან. – აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში თანამედროვე საზოგადოება ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ჯანსაღი და მდიდარი ერი… პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი მიმართულია პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ნდობით ბომბზე

ცხადია, ცალკე ვისაუბრებთ იმ მოხსენების შესახებ, რომლითაც ნურსულთან ნაზარბაევი გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან წარდგა: “მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა: ნდობის საზომი”. ყაზახეთი, არსებითად, თავად არის სახელმწიფო – მაგალითი იმისა, რომ ნებაყოფლობითი განიარაღება შესაძლებელია.

– გაეროს სისტემაში გატარებული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩემმა ქვეყანამ სწრაფად და მიზანმიმართულად გაიარა გზა მსოფლიოში მეოთხე ბირთვული არსენალის მფლობელობიდან ქვეყანა-ლიდერამდე, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების გლობალური აღკვეთის მომხრეა, – განაცხადა ნაზარბაევმა. – ჩვენ დავხურეთ მსოფლიოს უდიდესი საცდელი ბირთვული პოლიგონი სემიპალატინსკში.

დღესდღეობით ყაზახეთი ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებული ყველა ფუნდამენტალური საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეა და იურიდიულად გაამყარა თავისი არაბირთვული სტატუსი.

– ჩვენ შევქმენით და გავაძლიერეთ ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყანა, მოვიპოვეთ მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი, როდესაც უარი განვაცხადეთ ბირთვულ იარაღზე და მოვიპოვეთ გარანტიები ბირთვული ზესახელმწიფოების მხრიდან, რომ ისინი არასოდეს დაგვესხმიან თავს, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. – ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დანარჩენ ქვეყანას – მოგვბაძონ. თავის დროზე, ჩვენ მოვუწოდებდით ირანსაც, ახლა მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეასაც.

ნაზარბაევის აზრით, ქვეყნის მთავარი დამცავი ფარი მსოფლიო საზოგადოების მხრიდან ნდობაა. ხოლო მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება მხოლოდ ზრდის დესტრუქციული ძალების ხელში ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური იარაღის მოხვედრის საფრთხეს.

– ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დღეს არსებული სამართლებრივი ბაზა უძლური აღმოჩნდა და ვერ აღუდგა მე-20 საუკუნის ბოლოს ზესახელმწიფოების ბირთვული კლუბის გაფართოებას, – განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა. – ვიმედოვნებ, რომ გაუვრცელებლობის რეჟიმის ამგვარი აუცილებელი გამყარება, რომელიც ემყარება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას, მოითხოვს ღრმა მენტალურ ცვლილებებს, ახალ მრავალმხრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

ამისათვის ყაზახეთის პრეზიდენტმა შემდგომი წინადადება წამოაყენა: ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის გართულება; გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური რეზოლუციის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება მკვეთრად განსაზღვრული შედეგები იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ შეთანხმებას, იძულებითი და სანქცირებული ღონისძიებების ჩათვლით.

– აუცილებელია შევიმუშაოთ მასობრივი განადგურების იარაღის შეძენისა და გავრცელების საწინააღმდეგო უმკაცრესი ზომების რეალურად მოქმედი მექანიზმი, – მოკლედ აღნიშნა ნაზარბაევმა. – მსგავსი მრავალმხრივი შეთანხმებები ცალკეული რეზოლუციების სახით უნდა დამტკიცდეს გაეროს უშიშროების საბჭოზე.

მთავარი აღმკვეთი ზომის სახით იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ნებაყოფლობით აცხადებენ უარს ბირთვული იარაღის ფლობაზე და რომელთაც გააჩნიათ არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, შესთავაზეს ბირთვული ზესახელმწიფოების სამართლებრივი ვალდებულებების საგარანტიო სისტემის განვითარება. ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ასევე მართებულია უარი ვთქვათ წარსულში ეგზომ პოპულარულ სამხედრო ბლოკებში ქვეყნების გაერთიანებაზე.

– მსოფლიო საზოგადოება ერთიანი ორგანიზმია, რომელიც გვაოცებს საკუთარი მრავალფეროვნებითა და მრავალწყობილებით, – სიტყვის ბოლოს განაცხადა ნაზარბაევმა. – მას შეუძლია გადარჩეს და განვითარდეს პლანეტაზე დასახლებულ ერთა შორის ბალანსისა და ჰარმონიის არსებობისას. ამიტომაც, ჩვენ ერთობლივად უნდა მივაღწიოთ უსაფრთხო მსოფლიოსა და სამართლიან მსოფლიო წესრიგს, რომლის საფუძველი იქნება კანონის უზენაესობა. მჯერა, რომ მსოფლიო საზოგადოების ნდობა, სურვილი და გონიერება, გაჯერებული კოლექტიური ქმედებების ენერგიით, არ მისცემს უფლებას ჩვენს პლანეტას, გლობალური კატასტროფის მორევში ჩაეფლოს.