შაშკინი – ”რელიგიის ისტორიის სკოლებში დანერგვა განათლების სამინისტროსთვის შეუძლებელია“

შაშკინი -  ”რელიგიის ისტორიის სკოლებში დანერგვა განათლების სამინისტროსთვის შეუძლებელია“მიმდინარე კვირის რეზონანსული საკითხია რელიგიის ისტორიის, როგორც საგნის, სკოლებში დანერგვა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. განათლების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მოხდეს ამ საგნის დანერგვა სკოლებში.

საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს აღნიშნულთან მიმართებით. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი „ნიუპოსტთან“ საუბრისას იმ რისკებზე საუბრობს, რომლებიც ამ ინიციატივის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს.

– ამ წუთისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რელიგიის ისტორია არის ნაწილობრივ ინტეგრირებული ისტორიის კურიკულუმში და ბუნებრივია, გარკვეული დოზით ბავშვები ამ საგანს სწავლობენ. არსებობს კერძო სკოლები, რომლებიც ასწავლიან რელიგიის ისტორიას ცალკე საგნად, ამაში არაფერი ცუდი არ არის, ეს ბავშვს მეტი ცოდნის მიღებაში ეხმარება.

რელიგიის ისტორია არ არის რელიგიის გაკვეთილი. რელიგიის ისტორია სწავლობს სხვადასხვა რელიგიებს ისტორიული თვალსაზრისით, კერძო სკოლები, სადაც ეს საგანი ისწავლება, სწორედ ასე მუშაობენ.

რელიგიის ისტორია თუ დაინერგა, გულისხმობს იმას, რომ იმავე დოზითა და მოცულობით, რაც არის მართლმადიდებლობა, ბავშვი შეისწავლის კათოლიციზმს, პროტესტანიზმს, ინდუიზმს, ისლამს და მის სხვადასხვა განშტოებებს, იუდაიზმსა და ბუდიზმს. ყველა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ მართმადიდებლობის ისტორიის სწავლება მოხდება, ეს ასე არ არის და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს. რელიგიის ისტორია გულისხმობს, რომ ბავშვები სწავლობენ ერთი და იგივე დოზით სხვადასხვა რელიგიების ისტორიებს.

რელიგიის ისტორია გულისხმობს იმას, რომ ბავშვები შეისწავლიან ისეთ რელიგიებს, რომლების მიმართაც საზოგადოებაში არის არაერთგვაროვანი განწყობა. როდესაც საზღვარგარეთ ამ საგანს სწავლობენ, მაგალითად აშშ-ში, ბავშვები ამ დისციპლინის ფარგლებში შეისწავლიან კაბალას ისტორიას და საზოგადოებას ესეც უნდა ესმოდეს.

ამ სამი პუნქტიდან გამომდინარე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბავშვი უფრო ეკლესიური გახდება და იქნება ზნეობაზე, რელიგიურ ფასეულობებზე საუბარი, ის ძალიან ცდება, რადგან ბავშვები შეისწავლიან რელიგიების ისტორიებს, მათ წარმოშობას და მათ როლს საზოგადოებაში – აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.

განათლების ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ საგნის დანერგვა რთული საკითხია, რომელიც უკავშირდება ღრმა თეოლოგიურ ცოდნას. რელიგიის ისტორია არის მოცულობითი საგანი, რომელიც პედაგოგების გადამზადებას ითვალისწინებს.

– არის მეორე ნაწილიც, ვთქვათ საზოგადოება შეთანხმდა, რომ ეს ყველაფერი არის კარგი, შედგა კონსესუსი, ამის განხორციელება არის სხვა თემა. 2.200 სკოლაა საქართველოში, საჭიროა მინიმუმ 2.200 პედაგოგი, რომელიც ამ საგანს წაიკითხავს, საგანს, რომელიც არის კავშირში თეოლოგიასთან, მეცნიერებასთან, რომლის სპეციალისტებიც საქართველოში ძალიან ცოტანი არიან. ეს არის საგანი, რომელიც ითვალისწინებს ახალი აღთქმის ცოდნას და არა მხოლოდ მართლმადიდებლობის ისტორიის ცოდნას, არამედ ეს არის კურიკულუმი, რომელიც მოითხოვს ყველა რელიგიის და მისი ისტორიის ცოდნას.

გარდა რელიგიების საერთო კომპონენტებისა, საჭიროა განშტოებების ცოდნაც. ეს არის ძალიან მოცულობითი საგანი, რომელიც ითვალისწინებს ახლიდან მომზადებას პედაგოგებისა, რომლებიც ამ ინფორმაციის ობიექტურად მიწოდებას შეძლებენ. ამის იმპლემენტაცია ამ წუთისთვის, განათლების სამინისტროს შესაძლებლობებიდან გამომდინარე იქნება არა მარტო რთული, არამედ შეუძლებელი, ამ ხალხს ასეთი პროექტების განხორციელება არ შეუძლია, ეს დასრულდება ბევრი საუბრით, ათ სკოლაში დანერგავენ და ერთ წელიწადში ეს პროექტიც მოკვდება, – აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.

ნიუპოსტი