შვედებს ომისთვის ამზადებენ – რას მოიტანს კრიზისი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში?

შვედებს ომისთვის ამზადებენ -  რას მოიტანს კრიზისი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში?ევროპელი ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ დღეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ისეთი კრიზისია, რომელიც არ ყოფილა ცივი ომის დამთავრების შემდეგ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებოს სურვილზე არაერთი განცხადება გაუკეთებიათ ტრამპსა და პუტინს, თუმცა სიტუაცია ორ სახელმწიფოს შორის სულ უფრო იძაბება.
ამერიკული გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ 2018 წელს რუსეთი შეეცდება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიპყროს ბალტიის ქვეყნები – ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ამისათვის კრემლს 845 ათასი ჯარისკაცი დასჭირდება.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთს, სამხედრო აგრესიის გარდა, სხვა სამხედრო იარაღი გაუჩნდა. ესაა ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ცრუ მონაცემებითა და დესტაბილიზაციის გამომწვევი პროპაგანდით კრემლი ცდილობს ევროკავშირის დაშლას და ევროსკეპტიციზმის გაღვივებას.
რუსეთი ერთ-ერთ საფრთხედ მიაჩნიათ შვედეთში. იქ მოსახლეობაში დასარიგებლად ამზადებენ ბუკლეტებს სახელწოდებით “თუ ომი მიმდინარეობს”. ეს მასალები ხალხს ტერორიზმისაგან, ასევე კიბერშეტევებისა და სტიქიური უბედურებისაგან დაცვაში უნდა დაეხმაროს. დოკუმენტი სახელწოდებით „თუ ომი დაიწყება“, შვედეთში 1943-1961 წლებში გამოიცემოდა. ბროშურის გამოცემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს შეწყდა. თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი, შვედეთის ხელისუფლებამ ომის დროს მოქმედების ინსტრუქციის დარიგების განახლება გადაწყვიტა.
რუსეთი, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეა და ირანი აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, ითვლებიან ვაშინგტონის მოწინააღმდეგეებად. მთავარ საფრთხედ დასახელებულია ჩინეთი.
ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთი და ჩინეთი, განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, ამერიკის წინააღმდეგ ალიანსს შეკრავენ. ამერიკის მთავარ მოკავშირედ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში სახელდება იაპონია.
უველაზე ცხელი მოვლენები ბოლო დღეებში სირიაში ვითარდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა, ანალიტიკოსების პროგნოზებით, უნდა შეცვალონ ძალთა ბალანსი რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თავისი სამხედრო ოპერაციით უპირისპირდება ამერიკის ინტერესებს, სპეციალისტები ვაშინგტონი-ანკარას შორის ღია კონფრონტაციას გამორიცხავენ. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი მიზანი ირანის შესუსტებაა. თურქეთი კი ვეღარ იქნება აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში.
აზიური მედია ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა აქვს ჩაფიქრებული.
ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ისევ აქტუალურია. თეთრი სახლის ლიდერი დიდი ხანია საუბრობს ამ დოკუმენტის გადასინჯვაზე და ირანის მიმართ მოთხოვნების გამკაცრებაზე. დღეს ტრამპის დღის წესრიგშია არა ამ შეთანხმების პირობების შეცვლა, არამედ ირანის საქმიანობის კონტროლის მექანიზმის გარდაქმნა. ამისთვის ტრამპმა ევროპელ მოკავშირეებს ვადა მაისამდე მისცა. მათ ახალი შეთანხმება უნდა შეიმუშაონ.
ევროპელები ამ ინიციატივას თავშეკავებით ხვდებიან. მათ, ამერიკისაგან განსხვავებით, ირანის ეკონომიკაში გრძელვადიანი ინვესტიციები აქვღ ჩადებული. ევროპელი მოკავშირეები შეეცდებიან, არც საკუთარი ინტერესები დააზიანონ და არც ვაშინგტონთან გაიუარესონ ურთიერთობა.
მესამე მსოფლიო ომის ერთ-ერთ შესაძლო კერად სახელდება ჩრდილოეთ კორეა. ექსპერტების თქმით, პენტაგონს ფხენიანის წინააღმდეგ ომის გეგმა მომზადებული აქვს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა