ირანი vs საუდის არაბეთი – მსოფლიო ძალების შეჯახება ახლო აღმოსავლეთის საჭადრაკო დაფაზე

ირანი vs საუდის არაბეთი - მსოფლიო ძალების შეჯახება ახლო აღმოსავლეთის საჭადრაკო დაფაზეახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ყველაზე რთულ და პრობლემურ რეგიონს წარმოადგენს.  ამჟამად რეგიონში ხუთი კოლაფსის წინაშე მყოფი ქვეყანაა _ ლიბია, ავღანეთი, ერაყი, სირია, იემენი და სამი მიმდინარე ომია ერაყში, სირიასა და იემენში. ამას ემატება ისიც, რომ სწორედ აქ მოქმედებს უამრავი დამოუკიდებელი სამხედრო თუ ტერორისტული დაჯგუფება. ამ ომებში კი მსოფლიოს მთავარი ძალები ძირითადად საპირისპირო პოზიციებს უჭერენ მხარს და კონფლიქტების გაძლიერებასა და გამწვავებას უწყობენ ხელს.

მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ერთ კონფლიქტს მეორე მოსდევს და ათწლეულების განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი იცვლება. მაგრამ თუ დავუკვირდებით, ყველა ამ სამოქალაქო ომის, აჯანყებების, გატარიალებების უკან ყოველთვის რეგიონის ორი უდიდესი სახელმწიფო, ირანი და საუდის არაბეთი, დგას.

საუდის არაბეთსა და ირანს არასოდეს გამოუცხადებიათ ომი ერთმანეთისათვის, მაგრამ სამაგიეროდ არაპირდაპირი გზებით ბრძოლა მეოცე საუკუნიდან დაწყებული არ შეუწყვეტიათ. დღეს მიმდინარე სამივე ომში ისინი სხვადასხვა ბანაკებს ემხრობიან და ეხმარებიან.

ირანი vs საუდის არაბეთი - მსოფლიო ძალების შეჯახება ახლო აღმოსავლეთის საჭადრაკო დაფაზე_ ირანიც და საუდის არაბეთიც სამოქალაქო ომებს ისე უყურებენ, როგორც საზარელ  საფრთხეს, მაგრამ ამასთანავე უდიდეს შესაძლებლობას მოქმედებისათვის, _ აცხადებს ცსს-ს სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსი და ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში კენეტ პოლაკი.

თუმცა არის თუ არა შიიტური და სუნიტური ისლამური სახელმწიფოების დაუძინებელი მტრობა და შუღლი მთავარი ელემენტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გააზრებისათვის?

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს ლოგიკურად მივყავართ კითხვამდე: ემსგავსება თუ არა რეგიონში შექმნილი სიტუაცია გასული საუკუნის გაყინულ კონფლიქტს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის?

ფორმებს ნამდვილად იგივე სახე აქვს მიღებული, თუმცა შინაარსობრივად განსხვავება არსებობს. ვინაიდან ირანი და საუდის არაბეთი არ წარმოადგენენ ისეთ ზესახელმწიფოებს, როგორებიც აშშ და საბჭოთა კავშირი იყვნენ, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან არა მსოფლიო ბატონობისთვის, არამედ დედამიწის ყველაზე ცხელი რეგიონის, ახლო აღმოსავლეთის, დასაუფლებლად.

ირანისთვის საუდის არაბეთის დამარცხება ნიშნავს ამ ქვეყნის მთავარი მოკავშირის, აშშ-ს განდევნას რეგიონიდან, მაშინ, როცა ირანის დასუსტებით მსოფლიოს ზესახელმწიფო რეგიონში თავის პოზიციებს გაიმყარებს. სწორედ ამიტომ ამ შეჯახებას შეუძლია გადაწყვიტოს მომავალი თამაშის წესები არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა არენაზეც.

ახლო აღმოსავლეთის მთავარი მოთამაშეებისთვის საბრძოლო იარაღი ხშირად რელიგიაა. პოლიტიკურ დაპირისპირებას შიიტებსა და სუნიტებს შორის წარმოქმნილი რელიგიური კონფლიქტით ფუთავენ. ასეა, მაგალითად, ერაყში, სადაც საუდის არაბეთი სუნიტური ხელისუფლების და მისი მომხრე ჯგუფების მხარდამჭერად გამოდის, ხოლო ირანი ფულსა და იარაღს აწვდის აჯანყებულ შიიტურ დაჯგუფებებს.

ეს ტენდენცია გაგრძელდა ე.წ. არაბული გაზფხულის დროსაც ანტიმონარქიულ, პროდემოკრატიული გამოსვლებისას. საუდის არაბეთი ისლამურ სამყაროში სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს და იბრძვის ავტოკრატიული რეჟიმების შენარჩუნებისთვის, ვინაიდან ამ რეჟიმთა სტაბილურობა საკუთრივ საუდის არაბეთის რეჟიმის სიძლიერის გარანტი იქნება.  მეორე მხრივ, ირანი იბრძვის სტატუს-კვოს წინააღმდეგ და რეგიონში ახალი წესრიგის დასამყარებლად.

ტუნისში საუდის არაბეთი დიქტატორის ხელისუფლებას ამაგრებს, ხოლო ირანი საპროტესტო მოძრაობებს აღვივებს. ბაჰრეინშიც ირანი ეხმარებოდა შიიტ ლიდერებს, რომლებსაც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა უნდოდათ, ხოლო საუდის არაბეთმა ჯარი გაგზავნა ხელისუფლების განსამტკიცებლად.

ორივე სახელმწიფო ჩართული იყო ლიბიის, მაროკოსა და ლიბანის კონფილქტებშიც. ცნობილია, რომ იემენის კონფლიქტშიც საუდის არაბეთისა და ირანის სამხედროები ერთმანეთის პირისპირ დგანან. საპირისპირო სურათია სირიაში, სადაც შიიტ მმართველ ბაშარ ალ-ასადს ირანული სამხედრო ძალა ეხმარება, ხოლო აჯანყებულ სუნიტებს საუდის არაბეთის მილიტარული შენაერთები უდგანან მხარში.

_ ეს სამოქალაქო ომები ქმნიან მდგომარეობას, რომელსაც წინასწარ ვერავინ იწინასწარმტეყველებს. ორივე, ირანელებიც და არაბებიც, მიიჩნევენ, რომ მათი ეროვნული ინტერესები მუდმივად საფრთხის ქვეშაა, რადგან უამრავი არასასურველი რამ ხდება ამ კონფლიქტებში, რაშიც ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ, _ ამბობს კენეტ პოლაკი.

როგორც ჩანს, რამდენი ახალი კონფლიქტიც  უნდა წარმოიშვას რეგიონში, ირანი და საუდის არაბეთი დაპირისპირებული ბანაკების მთავარი მოთამაშეები იქნებიან რეგიონის საჭადრაკო დაფაზე. თუმცა არც ის უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა, რომ სუნიტური საუდის არაბეთის პაიკებს ხშირად აშშ-ს ხელი წარმართავს, ხოლო ირანის მხარდამხარ რუსეთის ფიგურებიც ხშირად მოძრაობენ.

სირიაში განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადამიანთა სიცოცხლის ფასად ერთმანეთისთვის გაგზავნილი პოლიტიკური მესიჯები კვლავაც გაგრძელდება. არსებული მრავალფეროვანი პროცესების ფონზე პროგნოზების გაკეთება რთულია. მაგრამ რაც უნდა მოხდეს, რეგიონში საქართველოს პოლიტიკურ არეალში ყველაზე ახლოს მყოფი სახელმწიფოები აშშ, რუსეთი, თურქეთი და ირანი მონაწილეობენ. შესაბამისად, საფიქრებელია, რომ ახლო აღმოსავლეთის ასპარეზზე დამყარებულ ძალთა ბალანსს პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოს ბედზეც.

თამარ ტყემალაძე