რატომ წავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში

რატომ წავიდა მეუფე იაკობი ამერიკაშიპატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით, მეუფე იაკობი ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება.
კიბერ უსაფრთხოების და ბიზნეს ადმინისტრირების დარგში საპატრიარქოს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი განათლების სფეროს სპეციალისტებს უკვე შეხვდა. მისი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები მაისში გაიმართება და მათ ორგანიზებაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ჩაერთვება.
“ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– ამ მოკლე პერიოდში პატრიარქის ქორეპისკოპოსი უკვე მეორედ წავიდა ამერიკაში, რასაც გარკვეული მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჩვენი საპატრიარქო რუსეთთან ასოცირდება. მისი წარმომადგენლებიც ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა.
– ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთთან ასოცირდება, ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მართლმადიდებლები ცხოვრობენ. ამ ქვეყანაში რწმენა მესამე და მეოთხე პლანზეა გადაწეული. იქ მთავარი ფული და ეფესბეა.
რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანა რომ ყოფილიყო, არც ტერიტორიებს წაგვართმევდა და არც თურქეთ-ირანს შეეკვრებოდა ჩვენ წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე მხოლოდ მივესალმები თუ ჩვენი სასულიერო პირები დასავლეთთან დაამყარებენ კავშირებს. ჩვენი სასულიერო პირები ნატოს შტაბბინაშიც იყვნენ და საკუთარი თვალით ნახეს, რასაც წარმოადგენს დასავლეთი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დასავლურ ღირებულებებზე მრევლსაც ესაუბრებიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტივის მომტანი იქნება.
– დასავლურ ღირებულებებში რას გულისხმობთ? დასავლეთში ზოგიერთ ქვეყანაში ეკლესია ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს. თქვენი აზრით, ჩვენი სასულიერო პირები ამას მხარს დაუჭერენ?
– ამაზე საუბარი არ იქნება. დასავლური ღირებულებები მარტო ეს არ არის. დასავლური ღირებულებები ბევრ რამეს მოიცავს.
– ჩვენი სასულიერო პირების დიდი ნაწილი ჰომოსექსუალიზმსა და გარყვნილებას ასახელებს დასავლურ ღირებულებად.
– ეს არის რუსული პროპაგანდის შედეგი. ჩვენმა სასულიერო პირებმა თავად ნახეს დასავლეთი, გაეცნენ მართლა დასავლურ ღირებულებებს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს.
რაც შეეხება გარყვნილებას და ჰომოსექსუალიზმს, ესენი რუსეთშიც არის. თან ისეთ ფორმებში, დასავლეთს რომ არც დაესიზმრება.
– ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი. ამბობენ, რომ რუსეთს თავისი კანდიდატი ჰყავს. პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება მეუფე იაკობი, რომელიც ამერიკას უკვე ხშირად სტუმრობს. გაჩნდა ვერსია, რომ მის კანდიდატურას აშშ-ს საელჩო ლობირებს. ამაზე რას იტყვით?
– რუსებს რომ თავისი კანდიდატის გაყვანა უნდათ პატრიარქად, ეს გასაკვირი არ არის. რაც შეეხება აშშ-ს საელჩოს, არა მგონია, ის ამ საქმეში ერეოდეს. საქართველოს საპატრიარქო არაა ის ინსტიტუტი, რომ ვინმეს მითითებები შეასრულოს. შესაძლოა, ამერიკელებს მოსწონთ კიდევაც მეუფე იაკობი, მაგრამ ის ამერიკაში სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ არ წასულა.
მან გარკვევით თქვა, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტში გაიხსნება ინგლისურენოვანი მაგისტრატურა. ჩვენმა სასულიერო პირებმა რაც შეიძლება კარგად უნდა ისწავლონ ინგლისური ენა. მათ ხშირად უნდა იმოგზაურონ დასავლეთში და ყველას გააცნონ საქართველო და მართლმადიდებლობა.
დღეს დასავლეთი სულიერ შიმშილს განიცდის, ჩვენს სასულიერო პირებს ამ მიმართულებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.
– მაინც რისი გაკეთება შეუძლიათ?
– ამ სულიერი სიცარიელის ამოვსება და მათი მოქცევა შეუძლიათ.
– თქვენ ამის გულწრფელად გჯერათ, თუ გინდათ, რომ ასე იყოს?
– ჩვენი სასულიერო პირები თუ კარგად ისწავლიან ინგლისურს, თუ ხშირად ივლიან დასავლეთში და იქაურებთან ექნებათ კონტაქტი, მათ მოქცევასაც შეძლებენ. გითხარით და გავიმეორებ, დასავლეთი დღეს სულიერ შიმშილსა და რადიკალური ისლამის მომძლავრებას განიცდის, ამ ვითარებაში ქართველ სასულიერო პირებს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.
რუსეთს ეგონა, რომ მართლმადიდებლობის თემით შეძლებდა საქართველოს დაჭერას, მაგრამ ეს ძაფიც ხელიდან ეცლება. პრორუსულ ძალებზე უკვე დიდი ხანია, რაც დაკარგა გავლენა.
– რანაირად დაკარგა გავლენა?
– ჩვეულებრივად. აქ, მართალია, არიან პრორუსული ძალები, მაგრამ ისინი მოსკოვის საქმეს აღარ გააკეთებენ. კრემლს მათ დასაფინანსებლად ფული აღარ აქვს, ესენი კი უფულოდ არაფერს იზამენ. მოსკოვი მიხვდა, რომ არცერთი პრორუსული ძალა არ დათანხმდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობაზე, ამიტომაც აღარ აკეთებს მათზე აქცენტს.
რაღაც პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, მაგრამ ისევე ჩაეშლება, როგორც ეს გასული წლის აგვისტოში ჩაეშალა. კრემლს გადაწყვეტილი ჰქონდა აქ შემოჯლიგინება, მაგრამ არა ხელისუფლების შესაცვლელად, არამედ ამერიკასთან სავაჭროდ. როცა დაინახა, რომ ვაშინგტონთან არაფერი გამოუვიდა, თავისი გეგმა უკან წაიღო.
– დარწმუნებული ხართ, რომ უკან წაიღო? რუსული მხარე კვლავ ითხოვს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნას, გრიგორი კარასინი კი ვაზიანის ბაზით არის შეშფოთებული.
– რუსეთი ბევრი რამითაა უკვე შეშფოთებული. კარასინიც დიდი ხანია, რაღაც პრეტენზიებს აყენებს. ჩემი აზრით, მის პრეტენზიებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. მას არ აქვს ის დონე, რომელიც საქართველოს ყურადღების მიქცევას იმსახურებს.
– დონის არქონაში რას გულისხმობთ?
– ერთი საშუალო რანგის ჩინოვნიკია, ხან რას იძახის, ხან რას. კრემლს რაიმე პრეტენზიები თუ აქვს ჩვენ მიმართ, გამოვიდეს პუტინი და მან თქვას.
– თქვენი აზრით, პუტინს ვინმესი ეშინია და ამიტომ ვერ გამოხატავს ღიად პრეტენზიებს?
– სწორედაც რომ ეშინია. ძველი დრო აღარ არის და მოსკოვი ნებისმიერ აგრესიაზე სანქციების სახით მკაცრ პასუხს მიიღებს. ეს სანქციები მოუღებს ბოლოს რუსეთს. ჩამოშლა უკვე დაწყებულია, პრორუსული ძალების დასაფინანსებლადაც კი აღარ აქვთ ფული.
– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ჩრდილოეთიდან საფრთხეს აღარ უნდა ველოდოთ?
– ჩრდილოეთიდან საფრთხე ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ მოსკოვი სერიოზულ პრობლემებს ვეღარ შექმნის. პატარ-პატარა პრობლემებს რაღაცნაირად გავუმკლავდებით.
– დარწმუნებული ხართ, რომ გავუმკლავდებით? კრიმინალი ვერ აულაგმია ქვეყანას, დღე არ გავა, რამე საშინელება არ მოხდეს.
– ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში კრიმინალი განსაკუთრებულად არის მომატებული. აქ უფრო სხვა მომენტია. აქ შურისძიებას და ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.
– ეს კრიმინალი არ არის?
– კრიმინალია, მაგრამ რაღაც მოტივით ჩადენილი. შურისძიებას ცოტა ხანში სხვა პროცესი მოჰყვება – ღარიბები მდიდრებს დაერევიან. მერე ყველა მიხვდება, რომ ყველამ შეიძლება ყველაფერი დაკარგოს და ქვეყანაზე დაიწყებენ ფიქრს.
ასეთი პროცესები ახლადშექმნილ ქვეყანას ახასიათებს. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს. ეს ერთგვარი სენია, რომელიც უნდა მოვიხადოთ.
– 27 წელია, დამოუკიდებლები ვართ და რით ვერ მოვიხადეთ ეს სენი?
– იმიტომ ვერ მოვიხადეთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე ვერასდროს ვერ მივიყვანეთ. 1991 წელს მოსულმა ხელისუფლებამ ვერ მოასწრო დამნაშავეების გასამართლება. გადატრიალების შემდეგ შევარდნაძე მოვიდა და არც მას დაუსჯია დამნაშავეები.
2003 წლის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ფული წაართვა და ჯიბეში ჩაიდო. მერე ეს ხალხი “ქართულ ოცნებას” მიეკედლა. დაზარალებულები ისევ დაზარალებულებად რჩებიან, დამზარალებლებს კი არავინ ეხება, რაც ხალხში შურისძიების წყურვილს აჩენს. სანამ სამართალი არ აღდგება, არც მშვიდობა იქნება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა