რატომ ხტებიან ბავშვები მაღალი სართულებიდან

რატომ ხტებიან ბავშვები მაღალი სართულებიდანბოლო სამი დღის განმავლობაში მოზარდების მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია, რომ აღნიშნული ფაქტები ინტერნეტ თამაშს, ლურჯ ვეშაპს უკავშირდება.
“ახალი თაობის” კითხვებს აღნიშნულთან დაკავშირებით ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
– ბატონო რამაზ, მოზარდებში კვლავ გახშირდა თვითმკვლელობის მცდელობები. ისინი მაღალი სართულებიდან ხტებიან. საუბარია, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტ თამაშს, ე.წ. ლურჯ ვეშაპს უკავშირდება. რას იტყვით თქვენ, როგორც ფსიქოლოგი?
– ამ საქმის ვიწრო სპეციალისტად ვერ ჩავითვლები. პრობლემა მწვავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არსებობს ბავშვების კომპიუტერზე მიჯაჭვულობის ფენომენი, რასაც შემდეგ სხვადასხვა ჯგუფები ბოროტად იყენებენ. არსებობს სხვადასხვა თამაშები, რომლებზეც მიჯაჭვული ხდება ახალგაზრდა, ოღონდ მერე უკვე ეს მიჯაჭვულობა გადადის სექტის რეჟიმში და როგორც სექტაში სექტის ლიდერი ითხოვს მსხვერპლს, ისე ეს თამაშები ითხოვენ მსხვერპლს ბავშვისგან.
– როგორ ახერხებენ მოზარდების ასე დაშანტაჟებას, მართვას, რომ ისინი საკუთარ სიცოცხლეს წირავენ?
– სექტა სწორედ მაგიტომ ვახსენე, რომ სექტანტებში ანალოგიური მოვლენა ხშირია. ჯგუფური თვითმკვლელობებიც იყო. ამ თვალსაზრისით სიტუაცია დაახლოებით ერთი და იგივეა. ანუ იმდენად მიჰყვება უკვე თამაშის პირობებს, თამაშის შთაგონებას, რომ რასაც ეტყვის, თამაშში იმას ასრულებს.
– როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამას? თვითმკვლელობის მცდელობები ძირითადად 14-16 წლის მოზარდებში გვხვდება.
– დიახ. ძალიან პატარები არიან. კომპიუტერზე მიჯაჭვულობა პრობლემაა თავისთავად. ამ თამაშებით გატაცება საშიში პრობლემაა.
– უვნებელი თამაშებიც ხომ არსებობს?
– თუნდაც უვნებელი თამაშები იყოს, მაინც საშიშია. იმიტომ, რომ ფაქტიურად ნარკომანი ხდება ახალგაზრდა. თამაშების ნარკომანი!
ამ პრობლემასთან საბრძოლველად მზა რეცეპტი არ არსებობს. თანამედროვე ცივილიზაციამ მოიტანა ის, რომ, ადამიანური ურთიერთობების გარდა, ახალგაზრდას შესაძლებელია, ურთიერთობა ჰქონდეს კომპიუტერთან.
– და ეს უფრო მარტივია.
– კომპიუტერთან ურთიერთობა გაცილებით ადვილია. ის შენგან ბევრს არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ ღილაკებზე დააჭირო თითი. ადამიანთან ურთიერთობა კი უფრო რთულია.
ვინც გატაცებულია ამ ვირტუალური სამყაროთი, მას ადამიანური და სოციალური ურთიერთობები ძალიან უჭირს. გასაყვანია ახალგაზრდა ჩვეულებრივ ურთიერთობებში, გასათამემებელია ამ ურთიერთობებში და ასე შემდეგ. ანუ მას ცხოვრების გემო უნდა გააგებინო. თუ მან ცხოვრების გემო არ გაიგო, ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების გემო, ის ვირტუალური ცხოვრებით იცხოვრებს.
– რა ასაკიდან იკეტება მოზარდი?
– ყველაზე მწვავე პერიოდი გარდამავალი ასაკია, მაგრამ დღევანდელი ბავშვები უკვე 3-4 წლის ასაკიდან ფლობენ კომპიუტერს საიმისოდ, რომ არ გაუჭირდეთ მასთან ურთიერთობა და ძალიან ხშირად უფრო სიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, ვიდრე უფროსებთან.
– სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შეუძლებელია ამ პროცესის გაკონტროლება, რომ თვითმკვლელობის ფაქტების თავიდან არიდება მოხდეს?
– ეგ რომ გაკონტროლდეს, მაშინ მთლიანად ინტერნეტი უნდა აკონტროლონ. მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტის კონტროლი აღიქმება როგორც ცენზურა. ამ შემთხვევაში სხვა ტიპის საკითხები დგება. უდიდესი პრობლემაა ნარკომანიით გატაცება მთელი მსოფლიოსთვის, მოხერხდა ამის შეჩერება? ვერ მოხერხდა. ეს ანალოგიური პრობლემაა.
– ნარკომანიის ტოლფასი?
– ნებისმიერი მიჯაჭვულობა ნარკომანიაა. ამ თამაშებით გატაცებულებს ასეც ქვია – თამაშომანია. ეს აღიქმება ფსიქოლოგიურ ავდმყოფობად.
– ლურჯი ვეშაპი და მსგავსი თამაშები იგივე სექტებია?
– სექტები შეიძლება არ არის ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, მაგრამ ისინი სარგებლობენ იმავე ფსიქოლოგიური მექანიზმებით, რითაც სექტა.
– რით შეგვიძლია დავამშვიდოთ საზოგადოება?
– მთავარი რეცეპტი ალბათ არის ადამიანის ინტენსიურად ჩართვა ყველა იმ ურთიერთობაში, რომელიც სიცოცხლის ხალისს და სიცოცხლის ინტერესს გაუღვივებს ახალგაზრდას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა