ზაალ კასრელიშვილი: “საქართველოს ხელისუფლება თუ რუსეთს დაუწვება, ამას ღირსების რევოლუცია მოჰყვება”

ზაალ კასრელიშვილი: "საქართველოს ხელისუფლება თუ რუსეთს დაუწვება, ამას ღირსების რევოლუცია მოჰყვება"რატომ ჩამოვიდა თბილისში ბელარუსის პრეზიდენტი, რაზე ცდილობს რუსეთი ჩვენს დაყოლიებას, რა მოხდება თუ თბილისი მოსკოვის ნებას დაჰყვება, რას ნიშნავს დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხვბში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– დონალდ ტრამპმა 24 მარტს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის ამღიარებელ ქვეყნებს აშშ შეზღუდვებსა და აკრძალვებს უწესებს. თქვენი აზრით, რას მოუტანს ეს საქართველოს?
– საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან ვიდრე დღემდე აშშ-ს ასეთი პრაქტიკული დახმარება არ გაუწევია ჩვენთვის, როგორსაც ახლა გვიწევს. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ აშშ ღიად და კატეგორიულად გვეხმარება.
დონალდ ტრამპმა კატეგორიულად გააფრთხილა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის ქვეყანა, ვინც მოსკოვის გავლენის ქვეშაა და ან აღიარა ან აღიარებას უპირებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ამ ქვეყნებს ნათლად უთხრა ვაშინგტონმა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ისინი ვერანაირ დაფინანსებას ვერ მიიღებენ.
როგორც საქმიანმა კაცმა, დონალდ ტრამპმა ეს განცხადება თეორიული, ფარატინა ქაღალდის დონეზე არ დატოვა და იქვე მეორე განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, აშშ-მ საქართველოს 105 მილიონი გამოუყო.
რამდენიმე კვირის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკაშიც უნდა ავიდეს სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის დონეზე. ამას თუ დავამატებთ სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე გადმოცემულ ჯაველინებს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა.
– რას მოიტანს ეს ყვითელი ბარათი?
– ძალიან ბევრ რამეს. შედეგი უკვე დადგა. რუსეთი ბოლო ხანებში ძალიან აქტიურობს მოლაპარაკებების თემაზე, რასაც ჩვენ ამერიკის მიერ ნაჩვენებ ყვითელ ბარათს ვუკავშირებთ. კრემლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს.
– ამიტომ გვევაჭრებოდნენ ტატუნაშვილის ცხედრით?
– რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რუსეთი იმ დონეზეა დასული, რომ მიცვალებულებით ვაჭრობს. დიახ, რუსეთმა ცხედრით ივაჭრა და მთელ მსოფლიოში მოიჭრა თავი.
– თავი რუსეთმა მსოფლიოში კიდევ ბევრი რამით მოიჭრა.
– ეგ სხვა საუბრის თემაა. ცხედრით ვაჭრობა მეტისმეტი იყო. იმას, რასაც ახლა მოსკოვი აკეთებს, ძალით დაყოლიება ჰქვია. ტატუნაშვილის ამბავი რომ არა, სხვა რამეს მოიფიქრებდა.
– მაგალითად, რას?
– ბევრად უარეს რამეს. რუსეთისგან კარგს არ უნდა ელოდო, თორემ ცუდის მოფიქრებაში ბადალი არ ჰყავთ. სადაც ცხედრით ივაჭრეს, იქ კიდევ ბევრ რამეს იკადრებენ.
– ცხედრით ვაჭრობა სიმდაბლეა, მაგრამ რუსეთმა ამით შედეგს მიათწია – საქართველო დათანხმდა პირდაპირ დიალოგზე.
– სამწუხაროდ, რუსეთმა მოახერხა ჩვენი ძალით დაყოლიება და თბილისი დასვა მოლაპარაკებების მაგიდაზე.
– მოლაპარაკებაზე ერთ-ერთი საკითხი ძალის გამოუყენებლობა იქნება. მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს, საქართველოს ამაზე მოაწერინოს ხელი. შეძლებს ახლა რუსეთი მისთვის სასურველ დოკუმენტზე მოგვაწერინოს ხელი?
– მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მოლაპარაკებაზე კიდევ ბევრ სახიფათო თემას წამოსწევს რუსეთი. ძალის გამოუყენებლობაზე გაცილებით სახიფათოა აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი.
მოდით, ისიც ვთქვათ, მოლაპარაკებების წინ რა სასტარტო პირობები აქვთ რუსეთს და საქართველოს. კრემლს საქართველოში თავისი გავლენების რესურსი ეწურება – პრორუსული ძალები მთლიანად რომ გაერთიანდნენ, მოსკოვი მაინც ვერ მიიღებს სასურველ შედეგს.
– სასურველ შედეგში რას გულისხმობთ?
– საქართველოში არჩევნების გზით ისინი ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას. ძალიან მალე ეს რესურსი სრულად იქნება ამოწურული. ამიტომ ჩქარობს მოსკოვი და ცდილობს, ამ ხელისუფლების პირობებშივე დაიწყოს თბილისთან მოლაპარაკებები. მისთვის ამაზე უკეთესი ხელისუფლება საქართველოში აღარ იქნება.
– ეს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია?
– ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამატარებელია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მომდევნო ხელისუფლება ბევრად ანტირუსული იქნება, რომელიც მოსკოვს არაფერს დაუთმობს. ეს ძალიან კარგად იციან კრემლში და ამიტომ ცდილობენ, ამ ხელისუფლებასთან მიაღწიონ რამეს.
ჩქარობს, ძალიან ჩქარობს კრემლი და სიჩქარის მეორე მიზეზი დასავლეთისთვის თავის მოწონებაა. მოსკოვი ცდილობს, ცივილურ სამყაროს დაანახოს, რომ დიალოგისთვის მზად არის.
– ეს რაში სჭირდება მას?
– აქედან, როგორც მინიმუმ, ელოდება, რომ ახალ სანქციებს არ დაადებენ. ახალი სანქციების პროექტი დასავლეთს უკვე მომზადებული აქვს და მოსკოვს მისი ამოქმედების ძალიან ეშინია.
– აქამდე ვერცერთმა სანქციამ ვერ შეაშინა და ახალი სანქციები შეაშინებს მაგათ?
– ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება. რუსეთს საზღვარგარეთ აქვს ერთი ტრილიონის აქტივები, რომელსაც გაუყინავენ. ამის გარდა, დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სად და რამდენი ფული აქვს დაბანდებული. ამ ინფორმაციის გახმოვანება იქნება უდიდესი სკანდალი და რუსეთი ცდილობს, საქმე აქამდე არ მივიდეს.
მისი სიჩქარის კიდევ ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ კრემლმა ეკონომიკის მოდერნიზაცია გამოაცხადა. დასავლეთის დახმარების გარეშე ის მოდერნიზაციას ვერ შეძლებს.
მოლაპარაკებებზე დაჯდომა მათ ძირითადად აფხაზეთის რკინიგზის გამო გვაიძულეს. მოსკოვს ჰაერივით სჭირდება აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რომლითაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ოპერატიულ კავშირს აღადგენს. საუბარია სომხეთსა და ირანზე.
სომხეთთან და ირანთან თუ ოპერატიულ კავშირს აღადგენს, კრემლი აზერბაიჯანის და თურქეთის გაკონტროლებასაც იოლად მოახერხებს.
დღეს თურქეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, მაგრამ ხვალ შესაძლოა ეს რეალობა შეიცვალოს. ანკარა ანტიდასავლური კოალიციიდან თუ გავა, მაშინ მოსკოვი აფხაზეთის რკინიგზის გახსნით ახლოს მივა თურქეთის საზღვრებთან და მეტ ზიანს მიაყენებს მას. ქურთების საკითხს გაუმწვავებს.
მისი გააქტიურების მთავარი მიზეზი საქართველოსადმი აშშ-ს ღია მხარდაჭერაა. როგორც უკვე გითხარით, ვაშინგტონი ასე ღიად არ დაგვხმარებია. ეს დახმარება კიდევ უფრო გაძლიერდება და მალე ჩვენი მეგობარი ქვეყანა ფიზიკურადაც დაგვეხმარება. რაც რუსეთისთვის კარგის მომტანი არ არის, როგორც საქართველოში ასევე მთელს კავკასიაში. ამიტომ ცდილობს ამას რაღაცნაირად დაუპირისპიროს “კეთილი ნება”.
– ალბათ არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ საქართველოში მაინცდამაინც ახლა ჩამოვიდა ბელორუსის პრეზიდენტი. რომელსაც რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და დასავლეთთანაც.
– ლუკაშენკო საქართველოში ჩამოვიდა, როგორც შუამავალი და ეს პოზიცია მისთვისაც მომგებიანია. ჯერ ერთი, ის თავის მოსახლეობას, როგორც მშვიდობისმყოფელი, ისე წარუდგება. ხოლო დასავლეთს თავის თავს დემოკრატის და რეფორმატორის ამპლუაში შესთავაზებს.
მის აქტიურობას მე პირადად დადებითად ვაფასებ. ლუკაშენკოს ფაქტორი რუსეთისთვის სერიოზული მუხრუჭია.
– რა მხრივ არის მუხრუჭი?
– ბელორუსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მოსკოვმა ვერ დაიყოლია ლუკაშენკო, ეღიარებინა აფხაზეთი და სამაჩაბლო.
რუსეთმა ვერც ყაზახეთის დაყოლიება შეძლო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისიც აღიარებს. ჩვენთვის ყაზახეთის პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია. კრემლი მიიჩნევს, რომ ყაზახეთი და ბელორუსი იქნებიან მისი დასაყრდენი.
ახლა რაც შეეხება საქართველოს სასტარტო პირობებს. ის აიძულეს, რუსეთთან ერთად დამჯდარიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამას დაამატეთ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. საზოგადოება დაქსაქსული და ერთმანეთთან არის დაპირისპირებული.
ჩვენი გმირი ბიჭი, არჩილ ტატუნაშვილი, მიწისთვის არ გვყავდა მიბარებული, რომ რაღაც ძალებმა აქ სპექტაკლები დადგეს. პოზიციასაც და ოპოზიციასაც კარგად ეხერხება შიგნით ტემპერატურის აწევა. მტერთან ყველა ჩუმდება ხოლმე. ამათზეა ნათქვამი – შიგნით მგლები, გარეთ თხები.
აუცილებლად უნდა ვთქვა ჩვენს ავადმყოფურ ამპარტავნებაზეც – არასდროს არ კითხულობენ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, პატიოსანი ხალხი როგორ წვალობს ლუკმა-პურის საშოვნელად, რომ გარდაიცვლება, პანაშვიდებზე და გასვენებაში ერთმანეთს ასწრებენ.
ბევრი სამარცხვინო რამე დაგვემართა, მაგრამ პლიუსებიც გვაქვს. მთავარი პლიუსი ისაა, რომ უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვიკავია. რომლის ფასი მას შემდეგ ასჯერ გაიზარდა, რაც რადიკალური ისლამი მსოფლიოს შავი ჭირივით მოედო. საქართველო იბრუნებს ფუნქციას, იბრუნებს ავტორიტეტს და მას ექნება კონკრეტული სტატუსი, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მაგიდასთან დაჯდომა გვაიძულეს, ამ იძულების ფარგლებშიც შეგვიძლია, ვივაჭროთ კაცურად.
– თქვენი აზრით, შეძლებს საქართველო რუსეთთან კაცურად ვაჭრობას?
– შეიძლება ტყვე იყო, მაგრამ სიკვდილის წინ მტერთან კაცურად შებრძოლება გადაწყვიტო. საქართველოს ხელისუფლებას თუ სურს, კაცურად ივაჭროს, ჩვენ ამის რესურსი გვაქვს.
ხოლო ეს ყველაფერი თუ იმიტომ კეთდება, რომ ვიღაცას წინასწარ უნდა რუსეთს დაუწვეს, მაშინ ძალიან ცუდი ამბები დაიწყება.
– რა დაიწყება? იმდენი რამე გადავყლაპეთ, ამასაც გადავყლაპავთ ალბათ.
– არ გადავყლაპავთ. ვიმეორებ, თუ ვინმე აპირებს, რომ რუსეთს დაუწვეს, მაშინ საქართველოში მოხდება რევოლუცია. მერწმუნეთ, ეს არ იქნება არც ვარდების და არც კოკრების რევოლუცია. არც ჭინჭრების და არც ზღმარტლის. ეს იქნება ღირსების რევოლუცია და სამუდამოდ მოვაშორებთ პოლიტიკიდან იმ ხალხს, რომლებიც წლების მანძილზე ყიდდნენ ქვეყანას.
– თქვენი აზრით, მოლაპარაკებებზე კაცურად ვაჭრობა იქნება თუ რუსეთს დაუწვებიან?
– ამას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვნახავთ. მოსკოვი ბევრ პროვოკაციას მოაწყობს. მართალია, პოლიტიკურ სპექტრში მხარდამჭერები აღარ ჰყავს, მაგრამ შეიძლება აქ რელიგიური კონფლიქტი გააჩაღოს. ამის მიუხედავად, დათმობაზე არ უნდა წავიდეთ.
– ცოტა ხნის წინ ჩვენ მოგვიწია დათმობაზე წასვლამ.
– ეს იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ამ მაგიდასთან ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ინტერესები დავიცვათ.
– იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ინტერესებს ვერ დავიცავთ, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეიცვლება?
– როცა მეზობელი რუსეთია, ყველანაირი საფრთხეა მოსალოდნელი. ამის მიუხედავად, საქართველოს საგარეო კურსის შეცვლას გამოვრიცხავ.
– რატომ გამორიცხავთ?
– დასავლეთი ამას არ დაუშვებს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა