დავით მესხიშვილი: „საქართველოს გზებზე საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს“

დავით მესხიშვილი: „საქართველოს გზებზე საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს“„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ საქართველოს გზებზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას მოითხოვს. ამასთან ორგანიზაცია ითხოვს დაუყოვნებლივ მოეწყოს არასამთავრობო სექტორის შეხვედრა შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განუცხადა, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაიღუპა 11 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. მესხიშვილის თქმით, ეს მაჩვენებლები საგანგაშოა, სწორედ აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

დავით მესხიშვილის განმარტებით, მინისტრებთან შეხვედრა განპირობებულია იქიდან გამომდინარე, რომ მოხდეს სტრუქტურილი ცვლილებები სისტემაში. მისივე თქმით, მოქმედი სისტემა არის რეალურად უმოქმედო.

„ასევე უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია მსოფლიო ბანკისგან და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორისგან და ამ ყველაფრის ფონზე მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც არასამთავრობო სექტორი იქნება ჩართული.
მოდის ზაფხულის პერიოდი და მოძრაობა ხდება ინტენსიური რეგიონების მიმართულებით. საჭიროა მაქსიმალური მობილიზება საპატრულო პოლიციის მხრიდან. ეს ნორმალური ცხოვრების პირობებში არ უნდა ხდებოდეს, თუმცა დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს საჭიროა. ეს იგულისხმება საგანგებო სიტუაციაში. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს დაუყოვნებლივ შესასრულებელ რეკომენდაციები, კერძოდ:

1. ტრანსპორტის სექტორი გაბნეულია სხვადასხვა სამინისტროში (შსს, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), რის გამოც უწყებებს შორის კომუნიკაცია არის გართულებული და არაფექტიანი. ეს პრობლემა, განსაკუთრებით მწვავედ აისახება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებაზე. საჭიროა საგზაო უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება. ასეთ უწყებად კი გვესახება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. არსებობს ასეთი სტრუქტურული მოწყობის წარმატებული მაგალითები ევროპაში. ცნობილი მოდელია, რომ ის ვინც აწყობს ინფრასტრუქტურას, ის ზრუნავს საგზაო უსაფრთხოებაზეც. თუ არ მოვახდენთ სტრუქტურულ ცვლილებებს, რეორგანიზაციას, საქართველო ვერასდროს შეძლებს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.

2.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღრიცხვის ბარათის სრულყოფილად შევსება – რაც შემთხვევის გამომწვევი მიზეზისა და ადგილმდებარეობის არასათანადოდ აღრიცხვაში მდგომარეობს. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ართულებს ისეთი პრობლემური მონაკვეთების გამოვლენის შესაძლებლობას, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად ხდება, ხოლო მეორე მხრივ, ზღუდავს ეფექტიანი, მიზანმიმართული საპასუხო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას.

3. დღემდე ვერ მოხერხდა „შავი წერტილების“ ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. თვითონ ტერმინიც არ არის დამკვიდრებული მოქმედ კანონმდებლობაში. შეგახსენებთ, რომ “შავი წერტილი” წარმოადგენს გზის ისეთ მონაკვეთს, სადაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე წარმოდგენილი პრობლემები ხშირად მსგავსია და მათი მოგვარება შესაძლებელია შესაბამისი ჩარევით. მსოფლიო ბანკის მიხედვით, „შავი წერტილისთვის“ დამახასიათებელი 2 გარემოებაა: მომეტებული რისკის შემცველი ადგილი, განგრძობითი შეჯახებების ისტორიით, რომელიც არ წარმოადგენს შემთხვევით სტატისტიკურ ხდომილებას; ადგილი, რომელიც ხასიათდება მსგავსი ტიპის შეჯახებების ტენდენციით და გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე მიზეზით, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია შეჯახების გამომწვევი მიზეზის გამოსწორებით.

4. დღეს მართვის მოწმობის აღება შეუძლია ყველას და ამისთვის ავტომობილის მართვის ცოდნა სულაც არ არის საჭირო.
საჭიროა “ავტოსკოლების” ლიცენზირება, “ავტოსკოლის” გავლის ვალდებულების შემოღება (გამოცდაზე გასვლამდე), ხოლო საგამოცდო სისტემის რადიკალურად შეცვლა. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით (გერმანია, ლიტვა, ისრაელი, საფრანგეთი და სხვ).

5. ცნობილია, რომ “მკვლელ დარღვევებს” განეკუთვნება, თრობის ქვეშ საჭის მართვა და სიჩქარის გადაჭარბება. ზედმეტად ლოიალურია კანონმდებლობა მთვრალი პირის მიმართ, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკაში “პოტენციურ მკვლელს” უწოდებენ. მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით, მითუმეტეს 3 თვის შემდეგ თანხის სანაცვლოდ შესაძლებელია მართვის მოწმობის კვლავ აღება.

6. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, საერთოდ არ მიმდინარეობს სოციალური კამპანია, რომელსაც აქტიურად მიმართავს ყველა წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.