გუგული მაღრაძე: უამრავ სისულელეს მაბრალებენ

გუგული მაღრაძე: უამრავ სისულელეს მაბრალებენსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე  მოწევის აკრძალვასა და ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მედიას მოუწოდებს, მისი მისამართით შეურაცხმყოფელ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ.

​გუგული მაღრაძის განმარტებით, Obesity – ანუ ჭარბწონიანობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა, საქართველოსთვის და მისი საზოგადოებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ​

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, მას ბევრი უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაბრალდა, მათ შორის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მოსაზრება.

„თურმე, მე მგონია მოსახლეობამ ნაკლები უნდა ჭამოს და უფრო გამხდარი უნდა იყოს თუ უჭირს და უამრავი ასეთი სისულელე”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტარი მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს საქილიკოდ ნუ გახდიან, ნუ გამოიყენებენ შეურაცხმყოფელ ფორმებს.

„ძალიან ბევრი განაწყენებული და გაბრაზებული ადამიანი მწერს ამ შეზღუდვის თაობაზე. თამბაქოს მავნე ზემოქმედებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანი იღუპება – ერთი ადამიანი ყოველ ექვს წამში. პასიური მწეველობა მსოფლიოში წელიწადში 600,000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის სიკვდილს იწვევს. პირველ მაისს საქართველოში ძალაში შესული შეზღუდვები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვის შესახებ, სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას და ჩვენი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება მიზნად. რაც შეეხება ჭარბწონიანობას და მასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას, ეს სახუმარო საკითხი არაა, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა. არანაირი რეგულაციები და კანონში ცვლილებები ამ მიმართულებით საქართველოში არ იგეგმება, მით უმეტეს რაიმე ისეთი, რაც დააზიანებდა ჩვენს ბიზნესს ან მოსახლეობას”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

გუგული მაღრაძის ინფორმაციით, მალე გამოქვეყნდება 2017 წლის კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა.

კვლევები ცხადყოფს, რომ ჭარბწონიანობას უშუალოდ უკავშირდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, გარკვეული სახის სიმსივნეები და სხვა.

პრესა.გე