“ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ 2 ბანკი ბაზრის 82%-ს ფლობს”

"ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ 2 ბანკი ბაზრის 82%-ს ფლობს"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს
– ბატონო დემურ, საწვავზე ფასი ყოველდღიურად იზრდება და ამბობენ, ძალიან მალე საწვავის ფასი 3 ლარს მიაღწევსო. რას იტყვით თქვენ?
– ძალიან ცუდი სიტუაციაა, ისედაც არანორმალური ფასებია. არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, ისეთი სიტუაციაა, როდესაც ფაქტობრივად ხდება სრული მონოპოლიზაცია ქართული ბაზრებისა.
– როგორი პერსპექტივა გვაქვს?
– სახარბიელო ნამდვილად არა. ორი ბანკის ხელშია მთელი აქტივების 82%. ფაქტიური მონოპოლიაა ჩამოყალიბებული, რომელიც უკვე საფრთხეს უქმნის თვითონ სახელმწიფო სისტემას, იმიტომ, რომ არის ყველაზე დიდი დესტაბილიზაციის საფრთხე. ისინი აკონტროლებენ ბიზნესებს.
– ნავთობპროდუქტებსაც?
– იგივე შეიძლება ითქვას ნავთობპროდუქტებზე, სადაც სრული შეთანხმებული მოქმედებაა და ფასები ხელისუფლების ხელშეწყობით მიდის ზევით და ზევით. არამხოლოდ ნავთობპროდუქტებზე, ყველაფერზე არანორმალური ფასებია, გაუგონარი!
ხელისუფლება კმაყოფილია, თუმცა გაუგებარია, რითია კმაყოფილი, მაგრამ ასეთია სიტუაცია. წინ სერიოზული პრობლემებია და ეს სერიოზული პრობლემები ხელისუფლებას ელოდება პირველ რიგში.
– ბარელ ნავთობზე ზოგადად მსოფლიოში ძვირდება ფასები და ჩვენთანაც ამიტომ იმატებსო. ასეა?
– არანაირი ძვირი ფასები დღეს ნავთობზე არ არის. ნორმალური ფასებია. მაშინ როდესაც 145 დოლარი ღირდა ბარელი, მაშინ არ იყო ასეთი ფასები საქართველოში. ახლა კი მხოლოდ შიდა ფაქტორების გამოა ასეთი მასშტაბის ცვლილებები და არა – გარე ფაქტორების გამო.
– თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რა ვითარება შეიქმნება ქვეყანაში?
– თუ ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყნის შიგნით ასეთი დარჩება, ეს კარგს არაფერს მოუტანს არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას. აქ სხვა ტენდენცია არც არსებობს უკვე წლებია, ფასები ნელ-ნელა მიდის ზევით და ზევით, უბრალოდ ახლა სრულიად თავშეუკავებელი პოლიტიკაა.
ასევე გაუმართლებელია ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, იდიოტურ მოსაზრებებზე აგებული, რომელიც კარგს არაფერს უქადდის.
– ლარის კურსის პროგნოზი უკვე შეუძლებელია, მას ვეღარ აკონტროლებენ.
– ლარის კურსის კონტროლი ძალიან კარგად ხდება ხელისუფლების მიერ, იგივე ეროვნული ბანკის მიერ, უბრალოდ, ეს სიტუაცია იძლევა იმ ძალიან გავლენიანი ჯგუფებისთვის დიდი ფულის კეთების საშუალებას. ამიტომ ასეთ სიტუაციაში ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ცოტა არასერიოზულია.
– თქვენ მონოპოლიებზე საუბრობდით და საკმაოდ ცხელი გასული კვირა ჰქონდა ხელისუფლებას და ეკონომიკის სამინისტროს, ხორბლის გადამზიდავ კომპანიებთან. პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია. ამაზე რას იტყვით?
– ესეც ვიღაცის ინტერესი იყო. სრულიად იდიოტის მოფიქრებული აკრძალვა იყო. ვიღაცას უნდა, რომ განაგებდეს საქართველოში ყველაფერს და აბსოლუტურად უაზრო გადაწყვეტილება იყო. ცხადია, ისევ ვიღაცის ინტერესის სასარგებლოდ, თორემ ქვეყნას ამან რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს?! რაც უფრო ორგანიზებული იქნება პროტესტი ინტერესების დასაცავად, მით უფრო ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა, მაგრამ ხელისუფლებას უკვე აქვს პრობლემები.
– რას გულისხმობთ?
– ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ მან სისტემური კრიზისების საფუძველი ჩადო. მის ხელში მოხდა საბანკო სექტორის სრული მონოპოლიზაცია. 70%-ს ფლობდა ორი ბანკი 2012 წლისთვის და დღეს ისინი 82%-ს ფლობენ, რაც გაუგონარი კონცენტრაციაა და მსოფლიოში ამის მსგავსი არსად არ არსებობს. საპროცენტო განაკვეთები არ იკლებს და არც მოიკლებს, ამიტომ ჩვეულებრივი რაღაც ხდება, რაც, საბოლოო ჯამში, განუვითარებლობას იწვევს და თუ გარედან რაიმე იმპულსი იქნება, ქვეყნის ხელისუფლებას უდიდესი პრობლემა ექნება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ მონოპოლისტურ სტრუქტურებს შეუძლიათ გაიყონ ის დაფინანსება, თუ ამის იმპულსი იქნება გარედან იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომლებიც იმ დიდი ფულით შეძლებენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას.
– ამ ფონზე რამდენად შესაძლებელია სოციალური ბუნტიც?
– ქვეყნის შიგნიდან ამის პოტენციალი არ არის, იმიტომ, რომ ქართველი კაცი საკუთარ მომავალს ძალზე უპასუხისმგებლოდ ეკიდება. სიღარიბეს მიეჩვია და არ რეაგირებს. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ თუ გარედან იმპულსი იქნა, ამ მონოპოლისტურ სტრუქტურებს შეუძლიათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილება.
– ხელისუფლება თავადვე ქმნის ამ მონოპოლიებს და საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს?
– ხელისუფლების ხედვა არის აბსოლუტურად უპერსპექტივო. ახლა უკვე აშკარად ჩანს ეს ყველაფერი. მათი ხედვები არანაირ შედეგს, გარდა პრობლემებისა, არ მოიტანს. ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებები, ეს არის გაუგებარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახდენს ხელისუფლების დისკრედიტაციას და ნელ-ნელა მიჰყავს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე.
– ფიქრობთ, რომ ცუდად დაასრულებენ?
– მე ვფიქრობ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექნება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა