მამუკა გვაძაბია – “ჩვენ აფხაზეთი მხოლოდ დროებით დავტოვეთ”

მამუკა გვაძაბია - "ჩვენ აფხაზეთი მხოლოდ დროებით დავტოვეთ"დამოუკიდებელი ექსპერტი, აფხაზეთიდან დევნილი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობას” სოხუმის დაცემასა და მთლიანად აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დაკარგვის სამწუხარო ფაქტზე და მისგან გამომდინარე შედეგებზე ესაუბრა.
– ბატონო მამუკა, 1993 წლის 27-30 სექტემბრის დღეები ძალიან მძიმე იყო და არის ქვეყნისთვის და პირადად თქვენთვისაც.
– აფხაზეთის ტრაგედია ყველაზე და ყველაფერზე აისახა. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 30 სექტემბერს კი – მთლიანად აფხაზეთი. 27-30 სექტემბრის დღეები ზოგადად აფხაზეთის დაცემის დღეებია.
– დღეს როგორ გრძნობთ თავს? რამდენადაც ვიცი, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ დედაც გარდაგეცვალათ და, სწორედ ოკუპაციის გამო, დედის უკანასკნელ გზაზე გაცილების საშუალებაც არ მოგეცათ.
– დიდი მადლობა, ეს პირადული ტკივილია, მაგრამ მხოლოდ ჩემი პირადი ტკივილი რომ იყოს, საერთოდ, არ ვიწუწუნებდი ამაზე. აფხაზეთი ასიათასობით ადამიანის ტკივილია. ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება, ახლობლების საფლავებთან მისვლის საშუალება.
რამდენიმე დღის წინ, დედა გარდამეცვალა. გალის რაიონში ვცხოვრობთ, იქ ცუდად გახდა, ინსულტი მიიღო. ზუგდიდში გადმოიყვანეს, სადაც 10 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მერე გარდაიცვალა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს (ფიფიას), რომელმაც საშუალება მოგვცა, რამდენიმე დღით მიცვალებული ტაძარში დაგვესვენებინა და ქრისტიანული წესი აგვეგო.
საკმაოდ სერიოზული ფორმალობებისა (რასაც საოკუპაციო რეჟიმი ითხოვს) და საჭირო დოკუმენტაციის შემდეგ, მიცვალებული გადასვენებულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალში. ძალიან ტკივილიანი მომენტია, როცა შენ ვერ მიყვები და, საოკუპაციო რეჟიმის გამო, შვილი დედას უკანასკნელად მიწას ვერ მიაყრი. ეს არის ძალიან მძიმე რამ…
2010 წელს მამა რომ გარდამეცვალა, მაშინ რუსეთი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სიტუაციას არ აკონტროლებდა და ჩვენ აფხაზებთან ძალიან წყნარად გამოვნახეთ საერთო ენა. ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე (რა თქმა უნდა, არაოფიციალურად), ენგურის ხიდის გვერდის ავლით, გადავედი და გარდაცვლილ მამას პატივი მივაგე. ახლა გალში ჩემი გადასვლა არ მოხერხდა. თუმცა, ჩემი ძმები ახლა იქ არიან და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წესი და რიგია.
– თქვენ თქვით, რომ 2010 წელს თქვენ დიდი დაბრკოლებების გარეშე შეძელით იქ გადასვლა, ანუ რუსული რეჟიმის გარეშე ეს შესაძლებელია?
– დიახ, აფხაზებთან ადვილად გამოვნახეთ საერთო ენა. მართალია არაოფიციალური მოძრაობების შემდეგ (რაღაც თანხა იყო გადასახდელი და გადავიხადეთ) შევძელით გადასვლა. პირიქით, მამაჩემის გასვენებაზე აფხაზებიც ჩამოვიდნენ (აფხაზებს ნეკროლოგი უნახავთ. მამაჩემი კულტურის მოღვაწე იყო და აფხაზებში ბევრი მეგობარი ჰყავდა) და მოგვისამძიმრეს.
მთავარი ხელისშემშლელი აფხაზებისა და ქართველების დაახლოებაში და სეპარატიზაციის მთავარი მამოძრავებელი საქართველოსაგან განუყოფელ კუთხეში, რუსეთია. საქართველომ დაიწყო თუ არა მოძრაობა დამოუკიდებლობისკენ, მაშინვე გამოიღვიძა რუსეთმა. რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოსთვის მისი ძირძველი კუთხე, აფხაზეთი ჩამოეცილებინათ.
– აფხაზეთში რუსული სამხედრო მანქანა რომ არ იყოს, ქართველებისა და აფხაზების დაახლოებას წინ ვერაფერი აღუდგება?
– დიახ, როგორც კი რუსეთი არ იქნება ენგურზე, როგორც კი რუსეთი წავა საქართველოდან, მერწმუნეთ, ქართველები და აფხაზები შერიგდებიან. როგორც დაინგრა ბერლინის კედელი და ჩამოიხსნა რკინის ფარდა, ისე მოხდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაც.
– ახლა, არსებულ პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის სამხედრო მანქანას ამოფარებული სეპარატისტული მოძრაობის და რუსეთის განეიტრალება?
– საქართველოს ხელისუფლებები ამ პრობლემის მიმართ ადეკვატური არასოდეს ყოფილან, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებები აფხაზეთის პრობლემის მიმართ ადეკვატურები არ იყვნენ. დღევანდელ ხელისუფლებას, საერთოდ, მეათეხარისხოვან პრობლემად მიჩნია. ამიტომ ნაციონალ-სეპარატისტული რეჟიმის განეიტრალება დღეს რთული საკითხია. ამაზე მე განსხვავებული აზრი გამაჩნია.
– რას გულისხმობთ?
– საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რა მოხდა 1992-93 წლებში აფხაზეთში, მანამდე რა მოხდა თბილისში. ვგულისხმობ სახელმწიფო გადატრიალებას და ამის შემდეგ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. სანამ ეს არ იქნება აღიარებული, აფხაზეთში ჩვენ ვერ ვიპოვით მხარდამჭერებს. ისინი ამ პოზიციას გაიგებენ.
– ამ კონტექსტში შამბას განცხადება რის მაჩვენებელია?
– შამბა თბილისშიც იყო ჩამოსული. ცხადია, შამბას უკან ვიღაც დგას. რა თქმა უნდა, შამბა რუსეთის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებდა, მაგრამ ის ფაქტიც კი, რომ მან განაცხადა, ქართველები მტრად არ მიმაჩნიაო, საგულისხმო ფაქტია.
– აღიარება და შეფასება იმგვარად, როგორც თქვენ საუბრობთ, რას შესძენს ამ საკითხს?
– მე უფრო მეტს ველოდები. როგორც კი საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, აფხაზეთში სხვა ადამიანებიც წამოყოფენ თავს. საქართველოს აფხაზურ საზოგადოებაშიც ძალიან სჭირდება თანამოაზრეები, რომლებიც თავიანთ თავს ქართულ სახელმწიფოში მოაზრებენ. სხვაგვარად, ვითარების შეცვლა რთულია.
– მომავალში აფხაზეთში ჩვენი იურისდიქციის აღდგენის იმედი გაქვთ?
– ცხადია, იმედი მაქვს, რომ აფხაზეთში ჩვენი იურისდიქცია აღდგება. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. არავის ეგონა თუ ბერლინის კედელი დაინგრეოდა. არავის ეგონა თუ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მაგრამ დაინგრა, ვარშავის სამხედრო ბლოკი დაიშალა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წამითაც არ უნდა მოადუნოს ყურადღება.
– როგორ?
– აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა, აუცილებელია ევროსაბჭოში, ევროკავშირში, ეუთოსა და ნატოში სერიოზული მუშაობა. ამგვარი მუშაობის გარეშე სეპარატიზმის განეიტრალება ძალიან რთულია. ჩვენ ყოველ დღე მსოფლიო საზოგადოებრიობას უნდა ვეუბნებოდეთ, რომ რუსეთი არის დამპყრობელი, რუსეთი არის მტერი.
– 27 სექტემბერს ერთ-ერთ ტელეკომპანიას მოვუსმინე. იმ ტექსტში, რომელიც ჟურნალისტმა აფხაზეთთან დაკავშირებით წაიკითხა, ერთი მიუღებელი და არარეალური ფრაზა იყო – აფხაზეთმა ამ ომით დამოუკიდებლობა მოიპოვაო. ეს აშკარად არ არის რეალობა. აფხაზეთს რუსეთისგან დამოუკიდებლობის რა ხარისხი აქვს?
– საერთაშორისო სამართლით დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ამ საკითხის რეფერენდუმით გარკვევა. ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც უნდა დამოუკიდებლობის მოპოვება, მოცემულ ტერიტორიაზე რეფერენდუმის ატარებს. რეფერენდუმში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს. მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან მისი ძირძველი, აბორიგენი მოსახლეობა ომის შედეგად, ძალადობრივად გამოდევნილია და მათ სეპარატისტების მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობ არ მიუღიათ. ამიტომ მათ მიერ გამოცხადებული თავისუფლება ლეგიტიმური არ არის.
ფაქტობრივად, რუსეთმა მოახდინა ამ ტერიტორიია ოკუპაცია და რაც ხდება აფხაზეთში, მათ შორის, ეთნიკური შევიწროვების თვალსაზრისით, ყველაფერზე კრემლია პასუხისმგებელი.
ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმი კრემლისგან დამოუკიდებლად უბრალო მოხელესაც ვერ ნიშნავს. ახლახანს ე.წ. პრემიერ მინისტრი გაგულია ავარიაში მოყვა, სერიოზული დაზიანება არ მიუღია, მაგრამ გზაში, საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ძალიან სერიოზული წყაროები ამბობენ, რომ გაგულია მოკლეს. საგულისხმოა, რომ გაგულიას არც ერთი კრიტიკული სიტყვა საქართველოზე არ უთქვამს.
– თქვენ წარსულში სხვა ხელმძღვანელების მკვლელობებზეც საუბრობდით.
– დიახ, ანქვაბს შვიდჯერ მოუწყვეს ტერაქტი. ანქვაბზე ამბობდნენ, მექვაბიშვილიაო და არ ენდობოდნენ. აჩბას მე კარგად ვიცნობდი, ბრწყინვალედ ფლობდა ქართულს. როდესაც მან თქვა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შუამავლად რუსეთი არ გვჭირდებაო, მოკლეს. საოკუპაციო რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ მოაგვარონ.
– იმედი უნდა გვქონდეს, რომ აფხაზები და ქართველები შერიგდებიან?
– ამაში დარწმუნებული ვარ. მე ასეთი პოზიცია მაქვს – არც სოხუმი, არც ოჩამჩირე, არც გაგრა, არც გალი და არც ბიჭვინთა არ დაგვიკარგავს. ჩვენ ისინი დროებით დავტოვეთ – მე ასეთი შეგრძნება მაქვს.
ჩემი ვარაუდი გამართლდება. ჩვენ მოვესწრებით აფხაზეთში დაბრუნებას. მაშინ საქართველოში მოღალატური ხელისუფლება იყო, კავკასიაში ერთადერთი მთავარი მოთამაშე რუსეთი გახლდათ, შევარდნაძე და არძინბა მარიონეტები იყვნენ. ომი მოხდა და ჩვენ ამ ტერიტორიაზე იურისდიქცია დავკარგეთ. ჩაფიქრებული იყო, ეს ქართველების ხელით უნდა გაკეთებულიყო. გააფორმეს, რომ ქართველებმა ჯარი შეიყვანეს, ენგური გადალახეს. რუსებმა მოახდინეს ომის პროვოცირება და თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ამ ტერიტორიის ოკუპაცია.
ეს მდგომარეობა უნდა განვიხილოთ ისე, რომ ჩვენ აფხაზეთი დროებით დავტოვეთ, დაკარგული არ არის, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად დავიბრუნებთ

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა