”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე დააკავეს – გამოძიება მათ 3 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება

”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე დააკავეს - გამოძიება მათ 3 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავებადღეს დააკავეს “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე.

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ამის შესახებ ფეისბუქში ასეთი რამ დაწერა:

“სვეტის”დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დაკავებულია! იმედია, გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველა იმ პირს დაასახელებს, სუსის მაღალჩინოსნების ჩათვლით, რომელიც “ქრონიკა+”-ში გუშინ გამოქვეყნებულ წერილშია ნახსენები !”
გივი ჯიბლაძის დაკავებას წინ უძღოდა ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ხელნაწერი, სადაც გივი ჯიბლაძე ყვება, ვის რას უხდიდა და ვის რა წილი ჰქონდა „სვეტში“.
მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გივი ჯიბლაძის და თორნიკე ჯანელიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მასში ნათქვამია:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.

მოგახსენებთ, რომ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს, გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3.356.385 ლარის ოდენობით.

გამოძიების პროცესში 5.000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2.000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია.

პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1) მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო – ტექნიკური ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად“.