გია ბარამიძე – „ჩვენი ამოცანა კოალიციური მთავრობის შექმნაა“

გია ბარამიძე - „ჩვენი ამოცანა კოალიციური მთავრობის შექმნაა“ცესკოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები შუა კვირაში, ოთხშაბათს გაიმართება, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. რატომ ეწინააღმდეგებიან არჩევნების 28 ნოემბერს გამართვას, რას გეგმავენ თუ არჩევნები გაყალბდება, აღიარებენ თუ არა შედეგს თუ გაყალბების ფაქტები არ იქნება და პრეზიდენტის პოსტის მოპოვების შემთხვევაში დაიწყებენ თუ არა ბრძოლას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის თაობაზე? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ბარამიძეს ესაუბრა:

გია ბარამიძე:

_ ჩვენ გვქონდა წინასწარ ინფორმაცია, რომ თელავში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ამომრჩეველს უთხრეს, რომ 28 ნოემბერს იქნება არჩევნებიო. ანუ, წინასწარ იცოდნენ, რომ 28-ში იქნებოდა არჩევნები.

_ რას ცვლის რეალურად, მაშინ როცა ცესკოს გადაწყვეტილებით ღამის 12 საათამდე ექნებათ ემიგრანტებს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ეს არ არის გარკვეული შეღავათი?

_ გარკვეული შეღავათი არის, მაგრამ პრობლემა რომ არის, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის ნათელია. ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვისაც. იმიტომ, რომ ხალხი წინა დღით ჩადის იქ, სადაც რეგისტრირებულებია და აქვს შესაძლებლობა, რომ კვირას ხმა მისცენ და მოასწრონ უკან წამოსვლა. როდესაც მხოლოდ ერთი დღეა უქმე დღე, მაშინ ბევრად უფრო გართულებულია ვითარება. გართულებულია როგორც ემიგრანტებისთვის, ისე საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ეს გაკეთებულია სპეციალურად, რათა ხალხს, ვინც „ქართული ოცნების“ კონტროლის გარეთ არის, შეუქმნან პრობლემა. ვისაც ისინი აკონტროლებენ, ვინც დააშინეს, მოისყიდეს, ან თვლიან, რომ თავიანთი ამომრჩეველია, იმათ წაიყვანენ თავადვე. ეს მათ უხერხულობას და პრობლემას არ შეუქმნის. ეს არის ამოცანა, რომ შეამცირონ იმ ხალხთა რიცხვი, ვინც მათი კონტროლიდან არიან გამოსულები.

_ რატომ იქცევით ხოლმე ხელისუფლებები ასე? თქვენი ხელისუფლების დროსაც გამართულა არჩევნები შუა კვირაში. ივანიშვილის კრიტიკული განცხადებაც ამოიღეს სოციალურ ქსელში, როცა 2013 წელს ის სააკაშვილს აკრიტიკებდა.

_ დანიშნა, მაგრამ შემდეგ გადაიტანა.

_ მაგრამ ჩატარებულა არჩევნები შუა კვირაში.

_ მე ამის მემატიანე არ ვარ, მაგრამ როგორც ირკვევა არ ყოფილა. როდესაც ეს საკითხი დადგა, მოვიკითხეთ. ერთხელ დანიშნა სააკაშვილმა და პარტიებისა და არასამთავრობოების მოთხოვნის შემდეგ ისევ გადაიტანა კვირა დღეს. სხვა დროს არ ყოფილა. საქართველოში არჩევნები ყოველთვის კვირა დღეს იმართებოდა. ეს კითხვა ცოტა არაკორექტულია. იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება ასე არ მოქცეულა. რაც არ უნდა გააკრიტიკოთ სხვა საკითხებში, ამ საკითხში საყვედური ნამდვილად არ ეთქმის.

_ 2013 წელზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც მაქვს ინფორმაცია ორჯერ გაიმართა შუა კვირაში. ინფორმაცია გამოაქვეყნა „რადიო თავისუფლებამ“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიუკერძოებელი მედიაა საქართველოში.

_ არა. სააკაშვილმა მართლაც დანიშნა, მაგრამ შემდეგ გადაიტანა პარტიების და არასამთავრობოების მოთხოვნით.

_ რას აპირებთ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში? განვიხილოთ ის ვერსიაც, თუ ხელისუფლება წავა გაყალბების გზაზე.

_ თქვენს შეკითხვაშივეა პასუხი. თუ ხელისუფლება წავა არჩევნების გაყალბებაზე, არა მგონია, რომ ქართული საზოგადოება ამას შეეგუოს და ცხვრებივით სახლში დარჩნენ და ასე შეეგუონ არჩევნების გაყალბებას. არავის აუკრძალია მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვა. „ქართული ოცნება“ ამით არის ახლა დაკავებული, რომ უბედურება მოხდება, დესტაბილიზაცია და ათასგვარ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებენ.

არანაირი სამოქალაქო ომი და დესტაბილიზაცია არ იქნება, მაგრამ თუ გააყალბეს, სწორი იქნება, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.

_ თუ ობიექტურად წააგებთ, აღიარებთ შედეგებს?

_ თუ ყველაფერი კარგად იქნება… ასეთი დაშვებები ყოველთვის შეიძლება, მაგრამ 400.000 ხმით აქვს წაგებული არჩევნები ოპოზიციციასთან. ეს ხმები როგორ უნდა აქაჩოს? ვერანაირად ვერ იგებს ხელისუფლება. გამოკითხვებშიც იყო ეს შედეგები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულგატეხილია. მათ არ სჯეროდათ ხელისუფლების შეცვლის რეალურობა, მაგრამ ახლა მათ ეს დაინახეს და ისინიც დაემატებიან ოპოზიციის ხმებს.

ასევე დაშინებულმა ადამიანებმაც დაინახეს, რომ ბევრი არ შეუშინდა და კიდევ გაიზრდება ოპოზიციის ხმების რაოდენობა. პრაქტიკულად არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები პატიოსნად მოიგოს. ერთადერთი შანსია, რომ უხეში გაყალბებით და ხელების გადაგრეხვით მოახერხოს.

_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს რა შემთხვევაში განიხილავთ?

_ ვადამდელი არჩევნების საკითხი ბუნებრივად დგება. ხელისუფლებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ ხელისუფლებამ ეს არჩევნები წააგო, რანაირად შეიძლება, რომ პარლამენტში შეუნარჩუნდეს ეს უმრავლესობა. ეს აბსოლუტურად შეუსაბამო და ხალხის საწინააღმდეგოა.

_ ორ სხვადასხვა არჩევნებსა და ორ სხვადასხვა ვითარებაზე ვსაუბრობთ.

_ ფორმალურად კი, მაგრამ ხომ ნათელია, რომ აქ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილზე არ არის ლაპარაკი. ხომ ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინა საარჩევნო ბანერებზე. სალომე ზურაბიშვილის სურათიც კი აღარ გამოაკრეს ბანერებზე. ანუ, ახლა რეალურად რეფერენდუმია.

ჩვენ რეალურ ვითარებაზე ვსაუბრობთ. არ ვიცი, თქვენ, როგორც მოქალაქეს, თუ სხვა აზრი გაქვთ. მე გელაპარაკებით იმაზე, რა არის საღი აზრი. მე ისე არ ვლაპარაკობ, რაც მე ან ჩვენს პარტიას აწყობს.

საღი აზრი ის არის, რომ რეალურად რეფერენდუმია, ეს ხელისუფლება უნდა ხალხს თუ არ უნდა. საღი აზრია ის, რომ ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს წააგებს, არ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობით იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ასევე ჰქონდეს მთავრობა. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, საზოგადოებას ექნება სურვილი, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტობაზე უთხრას უარი ხელისუფლებას, არამედ ზოგადად და ისე გადაალაგოს პარლამენტის წარმომადგენლობა, როგორც მას საჭიროდ მიაჩნია.

ეს საკითხი ბუნებრივად დგება და ეს არანაირად არ ნიშნავს დესტაბილიზაციას და არეულობას. ამ საკითხის დასმას და დესტაბილიზაციას შორის ტოლობის დასმა თითიდან გამოწოვილი რაღაცაა და უსამართლოა და ამას არავინ აკეთებს.

თან არ არის ერთი პარტია, ვხედავთ, რომ პრაქტიკულად პროდასავლური ოპოზიცია გაერთიანდა. თუკი ვინმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობაა, ისინი ამ ჭკუაზე არიან.

_ ანუ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გააქტიურებას აპირებთ?

_ დიახ, მაგას გეუბნებით, რომ ეს საკითხი ბუნებრივად დგება-მეთქი. კანონის ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, და საზოგადოებას ექნება სურვილი, რომ შესაბამისობაში მოიყვანოს საპარლამენტო წარმომადგენლებითობა. მე გელაპარაკებით საზოგადოების ნებაზე.

_ ჩემი აზრი იკითხეთ. არ გავურბივარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. მე ყოველთვის მრავაპარტიულობის მომხრე ვარ.

_ მრავალპარტიული ახლაც არის პარლამენტი, მაგრამ საკმარისი არ არის.

_ მრავალპარტიული როგორ არის, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს და კიდევ 2 პარტია შევიდა, უბრალოდ, შემდეგ ნაცმოძრაობა“დაიშალეთ?

_ გასაგებია, რასაც ამბობთ. ჩვენი ამოცანაა კოალიციური ხელისუფლების შექმნა და კოალიციური უმრავლესობის ყოფნა პარლამენტში. კარგი იქნება და სწორი, ყველა გამოცდილების გამთვალისწინებელი იქნება, რაც მიიღო საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე. ეს უზრუნველყოფს სტაბილურობასაც და იმ პრობლემების და შეცდომების გათვალისწინებასაც, რაც ამ და წინა ხელისუფლებების დროს იყო დაშვებული.

ეს იქნება სწორი და მისაღები იქნება ყველასთვის, რომ არცერთ პარტიას არ ჰქონდეს ერთპიროვნული მმართველობა. ყველა ერთმანეთს აბალანსებდეს, საქმეზე იყოს აქცენტი და არა _ ერთმანეთისთვის ხელების გადაგრეხვაზე და არაჯანსაღ პროცესებზე.

ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს უნდა იყოს აღსრულებული.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა