მამუკა არეშიძე – „ანტიტერორისტული ოპერაციების დროს ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამართულად იმუშავეს“

მამუკა არეშიძე - „ანტიტერორისტული ოპერაციების დროს ჩვენმა სპეცსამსახურებმა გამართულად იმუშავეს“ 21 ნოემბერს 1 წელი გავიდა გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან.

ოპერაციას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია _ დაიღუპნენ სპეცსამსახურის წარმომადგენელი ივანე გოლაშვილი და 3 ტერორისტი, მათ შორის ახმედ ჩატაევი. დაიჭრა 4 სამართალდამცავი.

ამ ოპერაციიდან დაახლოებით ერთ თვეში, 26 დეკემბერს, კიდევ ერთი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ამჯერად პანკისში. ოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სიმართლის დასადგენად დღესაც ქუჩაში დგას და მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს.

მიუხედავად მსხვერპლისა, საქართველოს ქმედება პოზიტიურად შეფასდა აშშ-ის ანგარიშში ანტიტერორისტული ოპერაციების მხრივ.

„გვქონდა ინფორმაცია, რომ იმ ბინაში იმყოფებოდნენ ჩრდილოკავკასიელები, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცოდით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ისინი შეიარაღებული ყოფილიყვნენ. ამის დასაზუსტებლად ადგილზე გავუშვით ჯგუფები, მათ შორის სპეცრაზმელებიც – თანამშროლების უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის ვაყოლებთ მათ.

როდესაც ერთი პირი გარეთ დავაკავეთ (შოაიფ ბორზიევი. – ავტ.), მას ცეცხლსასროლი იარაღი მზად ჰქონდა და დაკავების დროს სცადა კიდეც ესროლა ჩვენი თანამშრომლებისთვის. ეს ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ბინაში კარგად შეიარაღებული და თავზეხელაღებული პირები იყვნენ. თუმცა რამდენი ან რა რაოდენობის იარაღი ჰქონდათ, არ ვიცოდით. ასევე არ ვიცოდით, რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ან თუ იყვნენ საერთოდ. როცა ცეცხლი გახსნეს, ეჭვს აღარ იწვევდა, რომ სერიოზულ ჯგუფთან გვქონდა საქმე და უკან არაფერზე დაიხევდნენ.

რაც შეეხება ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყოველწლიურად გავდიოდით თეორიულ სწავლებას. შეიარაღებულ შეტაკებაში მონაწილეობა და გადაწყვეტილების დროულად მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენი შიდა დებულება ითვალისწინებდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ის ადგილი მჭიდროდ არის დასახლებული და მოსახლეობის დროული ევაკუაცია იყო საჭირო. საქმეში ჩართული იყვნენ არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული დანაყოფებიც“, _ ამბობს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც პანკისის ოპერაციაზე და მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც საუბრობს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი _ ერთი თვის განმავლობაში უამრავი მტკიცებულება შევაგროვეთ, რომ ეს პირები დაგვეკავებინა. საფუძვლიანი მტკიცებულებები რომ არ გვქონოდა, სასამართლო არ მიიღებდა ბინების ჩხრეკის განჩინებას.

მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილზე უკვე ვისაუბრე, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი.

ასევე კოლეგების დახმარებით მოვახერხეთ სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის, გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს. დღესაც ვმუშაობთ. საქმე დახურული არ არის, აგვისტოში ჩვენ ჩატაევის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავაკავეთ.

ხელყუმბარაზე ნანახი თითის ანაბეჭდი მართლაც არ იყო საკმარისი პირის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაჩალიკაშვილის იდენტურია…

ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება დასრულებული არ არის და ამიტომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვას ვერ ვუპასუხებ”, _ განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.

ჩატაევის საქმეზე დაკავებული რვავე პირი სასამართლომ დამნაშვედ სცნო და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„ახალი თაობა“ ანტიტერორსტული სპეცოპერაციებისა და საქართველოს სპეცსამსახურების როლზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

_ ერთი წელი გავიდა ანტიტერორისტული სპეცოპერაციიდან. მართალია, იყო მსხვერპლიც, მაგრამ ცოტა პოზიტიური კუთხითაც შევხედოთ იმას, რომ ქვეყანამ აღკვეთა ტერორისტული აქტი. როცა ემოციურმა ფონმა ჩაიარა, როგორ აფასებთ ამას?

_ ჩემი შეფასება იმგვარია, რომ, რასაკვირველია, ჩვენს სპეცსამსახურებს უნდა დავუფასოთ ის ამბავი, რომ უფრო მასშტაბური უბედურება აგვაცილეს, ვიდრე ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. იმიტომ, რომ პრინციპში რაც მოხდა, ეს იყო ჩანასახშივე მოსპობა იმ გეგმისა, რომელიც, სავარაუდოდ, არსებობდა.

მაინცდამაინც ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ტერაქტი არ მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ იგეგმებოდა მასშტაბური ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ან ჩვენს სამეზობლოში ან ჩვენს ქვეყანაში, ეს ფაქტია.

_ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოს სპეცსამსახურები გამართულად მუშაობენ?

_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე.

სანამ მკითხავთ, მცირე ხარვეზები რა იყო, გიპასუხებთ. ამაზე ყურადღების გამახვილება არც მინდა, თუმცა რამდენიმე დეტალს გეტყვით.

ჯერ ერთი, იყო ის, რომ დაიღუპა სპეცსამსახურების თანამშრომელი. ეს თავისთავად უკვე ხარვეზია.

კიდევ ერთი ხარვეზია ის, რომ ამ სპეცოპერაციიდან ცოტა ხანში ჩატარდა კიდევ ერთი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს, რასაკვირველია, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია.

სხვა დანარჩენი, პრევენციის, ოპერაციის ღონისძიების თვალსაზრისით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით და სხვა დანარჩენი კომპონენტების თვალსაზრისით ბევრად მაღალ დონეზე იმუშავეს, ვიდრე სხვა გაცილებით მაღალგანვითარებული ქვეყნის სპეცსამსახურებმა. იქნება ეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის თუ სხვა განვითარებული ქვეყნების.

_ ისიც ხომ არ იყო გარკვეული ხარვეზი, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ტელევიზიით ვხედავდით,სპეცსამსახურების გადაადგილებასა თუ სხვა დეტალებს?

_ რასაკვირველია, ესეც ხარვეზი იყო. მაგრამ ეს არის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მედიის სენი. ხაზს ვუსვამ, დემოკრატიული სახელმწიფოს. ანალოგიური რომ მომხდარიყო, სიტყვაზე, თურქმენეთში, ან ტაჯიკეთში, ან თუნდაც აზერბაიჯანში, იქ ჟურნალისტები 10 კილომეტრის რადიუსშიც კი არ იქნებოდნენ.

სამწუხაროდ, დემოკრატიულ სამყაროში ეს იდიოტიზმი არსებობს რატომღაც. ჩემთვის, როგორც ყოფილი სამხედრო ჟურნალისტისთვის, ასეთი რამე აბსოლუტურად მიუღებელია.

_ ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ამან ხომ შეიძლება დააზარალოს თვითონ სპეცოპერაციის მიმდინარეობა და სახელმწიფო ინტერესები?

_ რასაკვირველია. ასეთი შემთხვევა არაერთი გვქონია. იმათაც აქვთ მედიასთან წვდომის საშუალება და ხშირ შემთხვევაში იციან სპეციალური დანიშნულების რაზმების გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ისინი იღებენ პრევენციულ ზომებს. ვგულისხმობ ტერორისტებს. არაერთი ასეთი ფაქტი ვიცი, მაგალითად, კანადაში, შეერთებულ შტატებში, როცა ტერორისტებმა თავისი გეგმები შეცვალეს იმიტომ, რომ მედიით მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია.

_ ახსენეთ, რომ მეტწილად გამართულად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები. ამის დამსახურება ხომ არ არის ის, რომ აშშის ანგარიშში ანტიტერორისტული ოპერაციების მხრივ საქართველოს მუშაობა საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული?

_ მაგაშია სწორედ საქმე. ეს ანგარიში რომ არ არსებობდეს, შეიძლება შემფასებლები უფრო კრიტიკულები ყოფილიყვნენ. ვგულისხმობ ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობის შეფასებას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას ზოგადად შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

ამერიკული სპეცსამსახურების შეფასების შემდეგ კრიტიკა არ არის ისეთი მწვავე. სხვათა შორის, არა მხოლოდ ამერიკელი სპეცსამსახურების მუშაობაშია შეფასებული საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა პოზიტიურად. მე ვიცი დიდი ბრიტანეთის შეფასება და ასევე ისრაელის ანალიტიკოსების შეფასება, სადაც განსაკუთრებით მაღალი შეფასება აქვს ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობას.

აქ არის ცალსახა პასუხი, რომ ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობა განსაკუთრებით მაღალი დონის იყო. მიუხედავად გარკვეული მცირე ხარვეზებისა.

_ თუ გაქვთ რწმენა, რომ სამომავლოდ ეს ხარვეზებიც დაძლეული იქნება?

_ იცით, რაშია საქმე? ბუნებრივია, მე არ მინდა, მსხვერპლი მოჰყვეს ამას, მაგრამ სპეცოპერაციას თავისი ნიუანსები ახლავს თან, ამიტომ „მე მინდაზე“ არ არის დამოკიდებული.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, რომ მაქსიმალური მცდელობა უნდა იყოს იმისა, რომ ადამიანები არ დაიღუპონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მსხვერპლი არ იყოს, ან მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა