შალვა შავგულიძე – “ჩვენი მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა”

შალვა შავგულიძე - "ჩვენი მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა"თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება თავად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს მაშველი რგოლი.
– ბატონო შალვა, თავისუფალ დემოკრატებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნა გაქვთ. თქვენი პოზიცია როგორია?
– ხელისუფლებამ ცუდი არჩევნები ჩაატარა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატულობის თვალსაზრისით, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.
გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც ნაციონალური მოძრაობა დომინირებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს პროპორციული წესით, ამ მოთხოვნას რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც უერთდება. ჩვენ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, მათ პოზიციას არ ვიზიარებთ ორი მიზეზით:
ერთი, ჩვენ ვთვლით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვლავ ორ პოლიტიკურ პოლუსს, “ქართულ ოცნებასა” და ნაციონალურ მოძრაობას შორის არჩევანის გაკეთების წინაშე დააყენებს ამომრჩეველს. ამ დროს საზოგადოებაში მკაფიო არის მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ მოთამაშეზე, რომელიც სწორედ ამ ორი პოლუსის ალტერნატივად უნდა შემოვიდეს. ამ ფონზე ვადამდელი არჩევნები შეზღუდავს ასეთი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის შესაძლებლობას.
მეორე, თუ ეს ორი მოთხოვნა (ვადამდელი არჩევნები და საარჩევნო კოდექსის ცვლილება) ერთდროულად იქნება, თუ პროცესები ამ ფონზე ჩიხში შევა, მაშინ შეიძლება თავად ხელისუფლებას დასჭირდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
– და ვადამდელი არჩევნები “ქართული ოცნებისთვის” მაშველი რგოლი შეიძლება აღმოჩნდეს?
– დიახ! ხელისუფლების რეიტინგი არის კლებადი. ის ქვეყნის პოზიტიურ მართვას ვერ ახორციელებს. არც რესურსი ჩანს, რომ მომავალში შეძლებს. ამ შემთხვევაში სულაც არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მას დასჭირდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ ის ოპოზიციის მიმართ თითქოს გამოიჩენს “კეთილ” ნებას და ამ ერთ მოთხოვნას დათანხმდება და არჩევნებს ისევ პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩაატარებს.
– ამ დროს მთავარი მოთხოვნა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გვერდით დარჩება?
– რასაკვირველია. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული საარჩევნო სისტემით “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგრძლივებს და ახალ ლეგიტიმაციასაც მიიღებს. აქიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ უმჯობესი იქნება, ოპოზიციური სპექტრი იმ პოზიციის ირგვლივ გავერთიანდეთ, რაშიც ყველას თანხვედრა გვაქვს, ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
– ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. როგორ აპირებთ პარლამენტში ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას?
– კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ორი გზა არსებობს: ერთი, პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა მოახდინოს ინიცირება, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხულია, რადგან “ქართული ოცნება” ამას არ იზამს. მეორე გზა არის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება. თუ ჩვენ შევაგროვებთ არა 200 ათას, არამედ 400 ათას და კიდევ უფრო მეტ ხელმოწერას, მაშინ ხელისუფლება, კონკრეტულად კი პარლამენტი, იძულებული იქნება, ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილოს, რადგან ამ შემთხვევაში ოპოზიცია ქართველი ამომრჩევლის ნებით იქნება ზურგგამაგრებული.
ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უარის თქმა ძალიან გაუჭირდება. პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედის მხარდაჭერის შემთხვევაში ამ კანონპროექტის მიღება შესაძლებელია.
– თუ უარს იტყვის “ქართული ოცნება”, მერე რა ხდება?
– თუ “ქართული ოცნება” გაჯიუტდება, მაშინ მას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლება ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს დაკარგავს. მაშინ აშკარა იქნება, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუ ოპოზიცია ამ მექანიზმით ვიმოქმედებთ, მაშინ პოლიტიკური გარემო ჩიხში არ შევა. სხვა შემთხვევაში პოლიტიკური ჩიხი გარდაუვალია.
ოპოზიციის ულტიმატუმი 16 დეკემბრამდე არსებობს, მაგრამ ხელისუფლება არც დალოდებია ამ თარიღს, უარი დიალოგზე ისე განაცხადა.
– მაშინ როგორ უნდა აიძულოთ?
– პოლიტიკური მექანიზმით, პოლიტიკური ზეწოლით, რომელსაც ამ ქვყენის მოქალაქეების პოზიციით ექნება ზურგი გამაგრებული. ხელმოწერების შეგროვებას და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნას ვგულისხმობ.
რა უნდა მოხდეს მხოლოდ საპროტესტო აქციებით?! აქციები რევოლუციაში უნდა გადაიზარდოს?! ამ შემთხვევაში პოლიტიკური ჩიხის წინაშე ვდგებით.
ამ მექანიზმს თუ გამოვიყენებთ, მაშინ სიტუაცია ჩიხში არ შევა. პოლიტიკური პროცესი იქნება აქტიური და მაკონსოლიდირებელი, როგორც ოპოზიციური სპექტრის, ისე საზოგადოების. თან შეიძლება მთელ ამ პროცესს დასჭირდეს იმდენი დრო, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არააქტუალური გახდეს. უმჯობესია, არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდეს.
– დღეს ამ ინიციატივაში თქვენი პოლიტიკური ძალა მარტოა თუ გქონდათ კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან?
– ამ კონსულტაციებს დღეიდან ვიწყებთ. ჩვენი ეს ინიციატივა ახალია. ჯერ ეს შეთავაზება საჯაროდ გავაკეთეთ და ახლა კომუნიკაციას ვიწყებთ.
– საპროტესტო აქციებს, პიკეტირებას და ა.შ. ეთანხმებით? თქვენი პარტიის პოზიცია ამ საკითხზე როგორია?
– აქციების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არავის შეუძლია. რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს კი არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებთ!
– რევოლუციური სცენარი განიხილება?
– უშუალოდ და პირდაპირ არ განიხილება, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები სწორედ ასეთი სცენარისკენ არის მიმართული. ასეთ მოწოდებებს ხან გამოასწორებს, ხან გაამწვავებს. დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები ჯარის, პოლიციის, ეს არის გზა ჩიხისკენ.
ხელისუფლება იტყვის – არა! ქუჩაში ხალხის გარკვეული რაოდენობა იქნება და რა, რევოლუცია უნდა მოხდეს?! ეს ხომ ბევრად საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც “ოცნების” მიერ ჩატარებული ეს არჩევნები.
– შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად საარჩევნო კოდექსში ცვლილებები გესახებათ, რომლითაც ჩატრდება 2020 წლის არჩევნები?
– დიახ. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შეთავაზება ოპოზიციისადმი. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში არ შევა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა