გიორგი მშვენიერაძე – „ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების მორყევას ცდილობს“

გიორგი მშვენიერაძე - „ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების მორყევას ცდილობს“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში საქართველოში დღეს არსებული სიტყვის თავისუფლების პრაქტიკა უარყოფითად არის შეფასებული.

„არის დიდი მცდელობა, რომ სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისა. თავისთავად, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს, და ნანახისა და ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“, _ აღნიშნულია ეპისტოლეში.

სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვით ძალადობაზე განცხადება პატრიარქის ეპისტოლეს შემდეგ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ცილისწამება, სიცრუე, ბილწსიტყვაობა პრობლემაა.

ხომ არ არის ეპისტოლეს ეს ნაწილი და მისი ხელისუფლების მიერ ატაცება სახიფათო გზავნილი და ხომ არ ემუქრება საფრთხე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მედიის თავისუფლებასაც? – ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

_ მოვისმინეთ საშობაო ეპისტოლე, სადაც სიტყვის თავისუფლებაზე იყო საუბარი, რომელიც შემდეგ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიტაცეს. ხომ არ არის სახიფათო გზავნილი იმ დემოკრატიული მონაპოვარის გზაზე, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია?

_ როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ შორის სასულიერო პირებს, მათ შორის ეკლესიასა და პატრიარქსაც აქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მათ შეუძლიათ საკუთარი აზრი გამოხატონ საჯაროდ. აქ პრობლემას უფრო იმაში ვხედავ, რომ ეკლესიის პოზიცია, რომელიც ჩანდა პატრიარქის ქადაგებაში, აიტაცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თორემ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებთან, რომლებიც გვაქვს.

პრობლემა არის სხვა ადგილას.

_ სად?

_ ეს არის ხელისუფლებაში, რომელმაც გზავნილები გამოგზავნა საზოგადოებასთან, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტის საახალწლო მილოცვით დაიწყო და პრეზიდენტი შეეხო ამ საკითხებს და მან თქვა, რომ გადასახედია და სამუშაოა იმაზე, რომ ცილისწამების შესახებ არსებული გამოწვევები დაიძლიოს.

შემდეგ იყო პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარიც, რომელიც კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ გზავნილი, რომელიც პატრიარქისგან მიიღო, გარკვეული მესიჯი იქნება ხელისუფლებისთვის, რომ ამ საკითხზე მუშაობას მიუბრუნდეს.

რაზეა საუბარი?! ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გვაქვს ძალიან კარგი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც ძალიან გონივრულ ბალანსს პოულობს ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას და მეორე მხრივ ადამიანის პატივისა და ღირსებას შორის. ამ ბალანსის დაცვის მექანიზმებსაც გვთავაზობს.

2004 წლიდან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გავაუქმეთ ცილისწამებისთვის დასჯადობა, რომელსაც ყოველთვის ბოროტად იყენებდნენ საკუთარ ხელში სხვადასხვა სახელმწიფო ავტორიტეტები. იქნებოდა სახელმწიფო, მინისტრები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, განსაკუთრებით კი საგამოძიებო ჟურნალისტების და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ.

თუ საუბარია მიდგომებზე, ეს არის წარსულში დაბრუნება. წარსულში, რომელსაც 15 წლის წინ თავი დავაღწიეთ, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ.

_ როდესაც ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ ამაზე როგორიც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეა. მით უმეტეს ირაკლი კობახიძე თავადაც კონსტიტუციონალისტია და იცის ეს საკითხები. ეს რაზე მიანიშნებს?

_ გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძე საბოლოო ჯამში აღმოჩნდა კონსტიტუციურ სამართალში თეორიის მცოდნე და არა _ კონსტიტუციური ღირებულებების ერთგული, რასაც მისი ყოველდღიური საქმიანობით ვხედავთ. ეს იქნება დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან თუ მის მომიჯნავე საკითხებთან. მაგალითად, როგორიცაა სასამართლო, რომელზეც ყველანი ასეთი პრობლემატურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. უზენაეს სასამართლოში ყველაზე ურეინტონგო და არასანდო ადამიანების გამწესებას გვიწევენ უვადოდ.

_ თუმცა იგივე თეორიულადაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მეტ-ნაკლებად დაცულია.

_ სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სტანდარტებია. ზოგადი ევროპული სტანდარტი დაახლოებით იგივეა, როგორიც ჩვენთან არის. საუბარი იმაზე, რომ ცილისწამებაზე დასჯადობა უნდა დავაბრუნოთ, დამახასიათებელია ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის.

აბსოლუტურად არასწორ პარალელებს ავლებენ. ამბობენ, რომ ბევრ ქვეყანაში სიძულვილის ენა დასჯადია. ეს ასეა, მაგრამ სიძულვილის ენის დეფინიციაა განსხვავებული. სიძულვილის ენა ნიშნავს ისტორიულად ჩაგრული ჯგუფების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. მეორე, სადაც არის სიძულვილის ენის დასჯადობა, იქ არის 70-იანი წლების შუა პერიოდამდე მიღებული კანონები და ამ ქვეყნებშიც ტენდენცია უკვე საპირისპიროა. ამაზე კი არაფერს არ ამბობენ.

ამიტომ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სადღაც მკრეხელობა ისჯება, კი მკრეხელობა ისჯებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ევროპის კონტინენტზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგანაც სადღაც მკრეხელობა ისჯებოდა, ამიტომ ჩვენ მკრეხელობის დასჯადობის მუხლი უნდა შემოვიღოთ, ეს არ არის სწორი ტენდენცია.

სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვისმენთ პოლიტიკოსებისგან, ეს წარსულში დაბრუნებაა.

_ ხელისუფლების ამ სახიფათო გზავნილს რა შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოებამ და სამოქალაქო სექტორმა, რათა ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგან?

_ სისტემატური ბრძოლა გვიწევს, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები არ გაუარესდეს ქვეყანაში. წელიწადში ერთხელ გამოდის სხვადასხვა ინიციატივებით ხელისუფლება, რომლის მიზანიც სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებული ნორმების შეზღუდვაა. ზოგიერთ შემთხვევაში ახერხებს გარკვეულ წარმატებას, ზოგიერთ შემთხვევაში ვახერხებთ, რომ ეს არ განხორციელდეს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამ გზაზეა.

მაგალითად, საბოლოოდ მაინც მიიღეს შუღლის გაღვივების შესახებ კანონი. ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეიტანეს ცვლილებები და გაუარესდა მანამდე ასებული სტანდარტი. ეს ცვლილებები ახლახანს ამოქმედდა. გაცილებით მეტ ადამიანს აღარ აქვს საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება, ვიდრე ეს მანამდე იყო.

ხელისუფლება ღალატობს მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს – ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ამით ვართ ზუსტად გამორჩეული რეგიონში, რომ ჩვენთან გამოხატვის თავისუფლება უკეთესად დაცულია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ხელისუფლება ცდილობს ამის მორყევას.

_ მედიის თავისუფლებისთვისაც სახიფათო გზავნილია ეს და როგორ შეიძლება აისახოს მის საქმიანობაზე?

_ როდესაც საუბარია ცილისწამების დასჯადობის შემოღებაზე, ეს რას ნიშნავს?! ეს არის მსუსხავი ეფექტის მქონე. ჟურნალისტმა ან კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა საკუთარი სიტყვა უნდა მოზომონ და გაზომონ. მათ ფრთხილად უნდა ისაუბრონ, რათა ხვალ ისინი მსხვერპლნი არ აღმოჩნდნენ სამართალდამცავი ორგანოების ხელში.

ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ცილისწამების დასჯადობაზე, ეს თუკი ვინმეს პრობლემას შეუქმნის, ეს პირველ რიგში მედიაა. როდესაც ჟურნალისტებს ექნებათ პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ – საზოგადოებასაც აღარ გვექნება უფლება მივიღოთ ისე, როგორც ეს ჟურნალისტს უნდა მოგვაწოდოს, არამედ მივიღოთ შელამაზებული ინფორმაცია, რათა ჟურნალისტმა თავი შედარებით მშვიდად იგრძნოს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა