მამუკა არეშიძე – “ხაზარაძის მდგომარეობა მისმა კვირიკაშვილთან მეგობრობამ შეარყია”

მამუკა არეშიძე - "ხაზარაძის მდგომარეობა მისმა კვირიკაშვილთან მეგობრობამ შეარყია"პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის მიერ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.
– ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ხსნით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას? რატომ თმობს პოზიციებს?
– მართალი გითხრათ, ძალიან ბუნდოვანი ისტორიაა. ბევრი კითხვაა, რომელიც პასუხგაუცემელია. თუმცა, მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებით, ერთ კითხვას პასუხი ნამდვილად გაეცა.
– რას გულისხმობთ?
– საზოგადოების ნაწილი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, თვლიდა, რომ ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა, თითქოს რუსული ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა ჩაშლა ამ პროექტის. ბევრი იყო ბიძინა ივანიშვილზე მინიშნება და ა.შ. თუმცა, ხაზარაძემ თქვა, რომ ის მიდის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან, მაგრამ ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება, პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ამით ნათელი გახდა, რომ არავინ ეწინააღმდეგება ანაკლიის პროექტის მშენებლობას და ბოლომდე მის მიყვანას.
რაც შეეხება ბანკიდან წასვლას – ხაზარაძემ ეს ბანკი, როგორც თავად ამბობს, ნულიდან შექმნა. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს თიბისი ბანკი და შეიძლება ამის მიზეზიც აქვს. მომხმარებლების მიმართ ზედმეტად კაბალური იყო, არა მხოლოდ თიბისი ბანკი, საერთოდ საქართველოში მოქმედ საბანკო სისტემას ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო კონკურენტუნარიანი, სერიოზული ფინანსური ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელსაც ძალიან კარგი იმიჯი ჰქონდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ხაზარაძე მმართველობიდან მიდის და არა – ბანკიდან, ის ბანკის მეწილედ რჩება და არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც მას ბანკის მეწილეობიდან წასვლას აიძულებს, ანუ წილებს დაათმობინებს.
მე მაინც მგონია, რომ ამ კონფლიქტს ფესვები სხვაგან აქვს.
– და სად?
– ეს კონფლიქტი იწყება იქიდან, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა შეეწირა. ხაზარაძის მდგომარეობა მისმა კვირიკაშვილთან მეგობრობამ შეარყია. ვერ გეტყვით, ეს უკავშირდება შიდა პოლიტიკურ თამაშებს თუ რას, მაგრამ ეს ვერსია არსებობს.
– ხაზარაძის წასვლა რამდენად მოაგვარებს ამ პრობლემას?
– ეს მაინც არის ტაქტიკური სვლა ხაზარაძის მხრიდან და არა ფუნდამენტური გადაწყვეტილება. ის ამ ნაბიჯით ბანკს ხომ არ ჩამოცილებია საბოლოოდ.
– შეიძლება მას ამის სანაცვლოდ რამე მიეღო, თუნდაც პოლიტიკაში შემოსვლა და ე.წ. მესამე ძალის ფორმირება? ან დააფინანსოს ახალი პოლიტიკური ჯგუფი?
– ვერაფერს გეტყვით. როდესაც მე კვირიკაშვილის შესახებ ვისაუბრე, სწორედ ეს ვიგულისხმე, ეს ვერსიაც არსებობს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია. თუმცა, დღეს მამუკა ხაზარაძეს აქვს კი სურვილი, რომ პოლიტიკაში წავიდეს?!
ხაზარაძე არ არის ის პირი, რომელსაც უყვარს პირველ რიგებში დგომა, მე პოლიტიკას ვგულისხმობ და არა – ბიზნესს. შეიძლება ვინმესთან მართლაც მოინდომოს პოლიტიკური ალიანსი ან ვინმე ახალი პოლიტიკური ძალა დააფინანსოს, მაგრამ ჯერ ეს არ არის გამოკვეთილი და ამის თქმა, რომ ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი, შეუძლებელია.
– ანაკლიის პროექტზე რას იტყვით?
– ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა კარგადაც კი არ გვაქვს გააზრებული. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. ამ პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარეობს.
ძალიან მსხვილი და ძალიან დიდი სიმძლავრეების პორტი შენდება. შავი ზღვის რეგიონში ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. გარკვეულწილად, ამ პროექტს რეგიონისთვის აქვს სერიოზული მნიშვნელობა.
– ამ პროექტის განხორციელებას საფრთხე შეიძლება დაემუქროს?
– თუ არ შეიქმნა საომარი ვითარება შავი ზღვის აუზში, მაშინ ამ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს, ეს იმდენად მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ პორტშია საქმე, არამედ უზარმაზარი თანხაა გამოყოფილი ევროსტრუქტურების მიერ რკინიგზის მშენებლობაზე და ეს რკინიგზა აშენდება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ აზერბაიჯანში.
იგულისხმება, რომ შავი ზღვის რეგიონში ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელშიც ჩართულია რამდენიმე ქვეყანა. ამდენად, ამდენი ძალაა ჩართული როგორც კერძო, ისე საერთაშორისო სტრუქტურები და არ მგონია, რომ ასეთი მარტივი იყოს ანაკლიის პროექტის გაჩერება.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა