“ღარიბაშვილი აგრესიის საქადაგებლად და პარტიის დაშლის საპასუხოდ დააბრუნეს”

"ღარიბაშვილი აგრესიის საქადაგებლად და პარტიის დაშლის საპასუხოდ დააბრუნეს"საქართველოს პოლიტიკაში სწრაფად მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და ყოფილ დეპუტატს თამარ ჩხეიძეს.
– თქვენი აზრით, არის თუ არა გათვლილი ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ პარტიაში მობრუნება ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობაზე? ჯერჯერობით, ის ადამიანებიც კი, რომლებიც თავის დროზე ღარიბაშვილს დადებითად აფასებდნენ, ამით განსაკუთრებულ ოპტიმიზმს არ ამჟღავნებენ.
– ხალხი რომ ოპტიმიზმს არ გამოხატავს, ეს ბუნებრივია. ეს უფრო მმართველ პარტიაში დაწყებული დაშლის პროცესის საპასუხო ნაბიჯია. გარდა ამისა, ღარიბაშვილის დაბრუნება ნიშნავს ოპონენტების მიმართ აგრესიის გაძლიერებას. ამგვარი აგრესია ისედაც არსებობს, ღარიბაშვილი კი თავისი ქადაგებით მას უფრო გააღრმავებს.
– ასეთი შთაბეჭდილება იმიტომ დაგრჩათ, რომ მან სააკაშვილის მმართველობა რამდენიმეჯერ მოიხსენია სისხლიან რეჟიმად?
– ეს რომც არ ეთქვა, ისედაც გვახსოვს მისი განცხადებები და სიძულვილის ენა. ამ კურსს ის გაამძაფრებს. ამასთან, შეეცდება თავის გარშემო პარტიაში ხალხის, განსაკუთრებით, დარჩენილი ძველი სახეების შემოკრებას. როგორც გაირკვა, პარტიიდან გამოსული ძველი სახეებიც, მაგალითად, ეკა ბესელია, მიესალმებიან მის დაბრუნებას.
– ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პარტია შეასრულებს გაცემულ დაპირებებს. 2012 წლიდან დღემდე “ქართული ოცნება” ხალხს უხვად ჰპირდებოდა ბევრ რამეს.
– ეს არასერიოზული დაპირებაა. როგორ შეიძლება, მოკლე ხანში, შეასრულო ყველა ის დაპირება, რომელიც “ოცნებამ” გასცა? ეს წარმოუდგენელია. სიძულვილის ენის გამოყენებით ის მოიმადლიერებს ხალხის იმ მცირე ნაწილს, რომელიც “ქართული ოცნებისაგან” ამგვარ მოქმედებებს მოელოდა. ღარიბაშვილი ხელს შეიწყობს რეპრესიებს, რომლებიც ისედაც მიმდინარეობს.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– რაც ზოგადად ბიზნესის მიმართ ხდებოდა, დიდი ხანია, ვიცით. ერთი კაცი წყვეტს ქვეყანაში, ვის რა ბიზნესი და ქონება უნდა ჰქონდეს და საით რა წილი უნდა წავიდეს. ბოლო ხანს ეს უფრო გამოაშკარავდა. თიბისისა და მამუკა ხაზარაძეს ებრძვიან შერჩევით, პოლიტიკურად. ასევე ექცევიან პოლიტიკურ ოპონენტებს.
გასაგებია, რომ ოპოზიციონერ დავით კირკიტაძეს ჰქონდა გადაცდომა. ეს განაპირობა იმან, რომ ხელისუფლება ხელს უშლიდა მშვიდობიანი მომიტინგეების გადაადგილებას. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელობა არა აქვს, რა ბრალდებას აყენებს ხელისუფლება. ასეთ დროს მთავარია არა ბრალი, არამედ, მოტივი. თუ კაცის დაჭერა უნდათ, საბაბი ყოველთვის გამოიძებნება. ამის ნათელი მაგალითია ზვიად კუპრავა, რომელიც თავისი აქტიურობით პრობლემებს უჩენდა ხელისუფლებას.
– თქვენ მიერ ნახსენები კირკიტაძე სხვებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აპროტესტებდა. 6 მარტს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. ნაციონალური მოძრაობა გამოსვლას არ დაესწრება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ლეგიტიმური არჩევნების პროდუქტი. ასეთი მიდგომები გაგრძელდება?
– საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სამართლიანად დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დიდი დოზით გაყალბდა. ჩვენ რომ ბრძოლისუნარიანი და გამოწვევების მიმართ იმუნიტეტის მქონე ხალხი ვიყოთ, ამას ასე არ დავტოვებდით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ დღეებში ეუთო დაემატა, საკმაოდ კრიტიკული დასკვნები გამოიტანეს ამ არჩევნებზე. ამ ფონზე მსოფლიოში არავის გაუკვირდებოდა საზოგადოების ძლიერი მშვიდობიანი პროტესტი.
– გამოსვლები დაიწყო კიდეც, მაგრამ შემდეგ გაჩერდა.
– სამწუხაროდ, გაჩერდა. ეს არ იყო არჩევნები. ხალხის დიდ ნაწილს ახლანდელი პრეზიდენტი არ მიაჩნია გამარჯვებულად. ფაქტობრივად, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა მოახერხეს სხვა კანდიდატის გაყვანა. ეს ხელისუფლებამ კარგად უწყის. ამიტომაა, რომ ეს სიტუაცია მოქმედებს პოლიტიკურ პროცესებზე. საბოლოოდ, ეს უკვალოდ არ ჩაივლის.
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ?
– ვადამდელი არჩევნებისათვის ცოტა დრო რჩება. დიდი პროცენტია იმისა, რომ მივიდეთ 2020 წლის არჩევნებამდე. თუმცა, არც მოულოდნელობებია გამორიცხული.
– პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რეალურია 2020 წლისთვის?
– ეს შესაძლებელია. ოღონდ, გასათვალიწინებელია ერთი მომენტი – თუ “ქართული ოცნება” გაყალბებას იმავე დოზით მიმართავს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამოიყენა, ძალაუფლების შენარჩენებას პროპორციული არჩევნებითაც უზრუნველყოფს.
– თუ არჩევნები ყალბდება, პროპორციული იქნება თუ შერეული, ამას მნიშვნელობა აქვს?
– მნიშვნელობა მაინც აქვს. მაჟორიტარების ხარჯზე “ოცნება” უფრო მეტ მანდატს ჩაიგდებს ხელში. მარტო პროპორციულის შემთხვევაში, თუ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა და წინააღმდეგობა იქნება, მმართველ პარტიას უფრო გაუჭირდება. არჩევნებამდე დაახლოებით წელიწადნახევარია, მაგრამ მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება და კაცმა არ იცის, რა მოხდება.
– გარედან ჩარევით?
– რასაკვირველია. საქართველოში მოვლენები მხოლოდ შიდა პროცესებზე არ არის დამოკიდებული. “ქართული ოცნება”, მაგალითად, მიბმულია რუსეთის ფაქტორზე. ეს რომ არა, ის ხელისუფლებაში ვერ გაჭაჭანდებოდა და ვერც არჩევნებს გააყალბებდა. ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ მოულოდნელად 2020 წლამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა