ნუკრი ქანთარია – “ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება კარგი ამბავია”

ნუკრი ქანთარია - "ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება კარგი ამბავია"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი ღრაიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიაში თქვენთვის რა მესიჯია, თქვენ როგორ აღიქვით?
– ირაკლი ღარიბაშვილმა როდესაც პრემიერის პოსტი დატოვა, დიდი სიმპატია გაიყოლა. ეს აშკარა იყო, ერთ-ერთ დიდ შეხვედრაზე სპორტის სასახლეში მას ხალხი ოვაციებით შეხვდა. მას აქვს გარკვეული რესურსი, მას ჰყავს მხარდამჭერები. ამიტომ, მისი დაბრუნება პარტიაში კარგი ნაბიჯია.
ეს არ იქნებოდა მარტივი გადაწყვეტილება მისი მხრიდან, მაგრამ ის თავმდაბალი ადამიანია და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვგულისხმობ იმას, რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა სხვა რანგში ბრუნდება.
მე იმედი მაქვს, რომ ის მოახდენს პარტიის, ელექტორატის კონსოლიდაციას, ე.წ. ძველი გვარდიის, რომელიც განაწყენებულია. ის იქნება უშუალოდ პარტიის საქმეებით დაკავებული. ამის საშუალება სხვა ლიდერებს არ ჰქონდათ. არც პარტიის გენერალურ მდივანს და ა.შ. რადგან ისინი ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან და უშუალოდ იმ საქმეებით არიან დაკავებულები, რაც მათ ავალიათ ქვეყნის წინაშე.
– თუ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო ეს, რადგან სწორედ ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ გავიდნენ პარტიიდან ძველი სახეები, ამას შეძლებს ღარიბაშვილი?
– იმედი მაქვს, რომ შეძლებს. ბიძინა ივანიშვილი მართალია სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა პარტიაში, მაგრამ ის ვერ დაკავდება წვრილმანი საქმეებით, მას სჭირდება დამხმარე, რომელიც რეგიონებში ჩავა, ხალხთან გამართავს შეხვედრებს.
– ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს პარტია, მაგრამ ის მხოლოდ პარტიული საქმიანობით დაკავდება თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელსიუფლებაშიც ვიხილოთ პრემიერის რანგში ან შს მინისტრად?
– ამ ეტაპზე ამაზე არ არის საუბარი. მისი უახლოესი ამოცანაა პარტიის მობილიზება, პარტიის გამართვა. პარტიაში ახალი სიცოცხლის შეტანა, ერთგვარი გააქტიურება და, რაც მთავარია, განწყობის შეცვლა.
ეს არ არის პატარა ამოცანა. ეს ურთულესი ამოცანაა. თუ ეს მოხერხდება, ამის შემდეგ შეიძლება მან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს. თუ ეს ეტაპი წარმატებით გაიარა, შემდეგ შეიძლება ის გადავიდეს მთავრობაში.
– შეიძლება პრემიერად დაბრუნდეს?
– წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ამას მომავალი გვიჩვენებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა ძიების პროცესი აქვს, ამას სამთავრობო ცვლილებები მოჰყვება?
– მე დიდი ხანია, ცვლილებებზე ვსაუბრობ, რომ ეს საჭიროა. ცვლილებების მოლოდინით ვარ კიდეც პარტიაში. როდესაც ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, პარტიიდან ხომ არ გადიხართ, მე მათ ვპასუხობდი, რომ სასიკეთო ცვლილებებს ველოდები და ამის ერთ-ერთი წინაპირობა, სასიკეთო ნიშანი არის ირაკლის პარტიაში დაბრუნება.
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების ამბავი ამოტივტივდებოდა ხოლმე, ჩვენ ვიკითხავდით, რომ ამ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც თან გაიყოლა გარკვეული რესურსი, დაბრუნება შეიძლებოდა, ახლა ეს მოხდა. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი გადაიდგა. დანარჩენი ცვლილებების გარდაუვლობას რეალობა თავად გვიჩვენებს, მაგრამ რა სახის, როგორი სახის, ეს გამოჩნდება და ვნახავთ.
– ახლების გუნდი როგორ შეხვდა ამ ფაქტს?
– კომენტარებს თუ დავუჯერებთ, ყველა საკმაოდ დადებით განწყობაზეა. დანარჩენი გამოჩნდება.
– ეჭვიანობის საფუძველი არ აქვთ, როგორ ფიქრობთ?
– ვერაფერს გეტყვით, გულის სიღრმეში ვინ რას ფიქრობს, რადგან ამაში არავინ გამნდობია. თუმცა, განწყობები დადებითია და ასეც ველოდი. რა თქმა უნდა, ვერავინ იტყოდა – რატომ? რისთვის? ახლა მთავარია, ვინ როგორ შეუწყობს ხელს ირაკლის ამ მთავარ საქმეში, ამას ვნახავთ.
– თითქოს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში უნდა ეყარა კენჭი და ამ გზით შესულიყო პარლამენტში, რაც მან უარყო. თუ არის საუბარი, ვინ შეიძლება იყოს “ოცნების” კანდიდატი?
– ამ ეტაპზე არ არის საუბარი, თუმცა ადრე იყო გარკვეულ პერსონებზე საუბარი.
– ვიზე იყოს საუბარი?
– არ შემიძლია ამაზე საუბარი. ალბათ უახლოეს მომავალში ეს საკითხი იქნება განხილვის საგანი.
– პარტიის წევრზეა საუბარი თუ გარედან შეიძლება იყოს დასახელებული კანდიდატი?
– დიახ, პარტიის წევრებზე იყო ადრე, მაგრამ ამ ბოლო დროს არ ყოფილა საუბარი. ამაზე მეტის თქმა დღეს არ შემიძლია.
– ბატონო ნუკრი, არ შეიძლება, მამუკა ხაზარაძის მიერ დაკითხვაზე მიტანილ წერილზე არ გკითხოთ. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე?
– ხაზარაძეს უნდა გაეთვალისწინება, რომ გახარიას მიმართ, მის მოწინააღმდეგეებსაც კი, მის გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე გამიკვირდა, როდესაც წერილი ახსენა ხაზარაძემ. ადამიანი ასეთ მუქარაზე წასულიყო და თან კვალი დაეტოვებინა წერილის სახით, ცოტა არ იყოს, არ მესმის.
– წერილში ავტორი არ არის მითითებული.
– დიახ, და ასეთი წერილი რომ არ იქნებოდა არაფრის მომცემი ხაზრაძისთვის, ეს ხომ უნდა გაეთვალისწინებინა?! ვერაფერს გეტყვით. შეიძლება რაღაც წამოაცდევინეს და მერე უკან ვეღარ დაიხია.
– ვინ?
– არ ვიცი! ახლა რა უნდა დაადგინოს ლონდონის ექსპერტიზამ, რომელი კომპიუტერიდან არის ამობეჭდილი?! აბა ხელნაწერი არ არის, ავტორი არ ჰყავს. თარიღი არ აქვს.
– ამ საქმის ფინალი რა იქნება? ოქუაშვილის საქმესთან შეიძლება პარალელი გავავლოთ?
– არა, არა! ამ საქმის ფინალი ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა შეიძლება იყოს. თითქოს ყველაფერი აქითკენ მიდის. ამას მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ. თუმცა, მთავარი კითხვა მაინც 11 წლიან ვადას ეხება. რატომ 11 წლის წინანდელი საქმის გამოძიების დღეს დაწყება?! ეს კითხვა საზოგადოებას აქვს. მეტი მკაფიოობა არის საჭირო ამ საქმესთან დაკავშირებით.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა