მამუკა ტუსკაძე – “პოლიციით რომ დაგჭირდება ხეობაში ჩასვლა, იქ არ უნდა ჩახვიდე”

მამუკა ტუსკაძე - "პოლიციით რომ დაგჭირდება ხეობაში ჩასვლა, იქ არ უნდა ჩახვიდე"“ახალი თაობა” პანკისის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით უფლებადამცველსა და პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” დამფუძნებელს მამუკა ტუსკაძეს ესაუბრა.
– ბატონო მამუკა, დღეს მთელ საქართველოში არის დაპირისპირება ჰესების მშენებლობის გამო. ახლა პანკისში მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის. თქვენ მუშაობთ სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. რას იტყვით მომხდართან დაკავშირებით?
– ამ პროცესში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის მხრიდან, კონკრეტულად, პანკისის ხეობაში, კონკრეტულად სვანეთში, სადაც პროცესი არ დამთავრებულა.
ხადორი-3 (მესამე ჰესი უნდა აშენდეს) ძალიან ახლოს არის მოსახლეობასთან და არის ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროება. როგორც უფლებადამცველი და “სოციალური სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი, ეკოლოგიური საკითხებზეც ვმუშაობ. ვფიქრობ, საკითხი მოსახლეობის ნებისა და ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. უნდა გაირკვეს, ვიღაცის ბიზნესინტერესს ეწირება გარემოს უსაფრთხოება თუ არა. ეს ეხება როგორც პანკისს, ისე სვანეთს.
– იგეგმება 5 მეგავატიანი ჰესის აშენება, რომელიც არ არის ისეთი საფრთხის შემცველი, როგორც თქვენ ამბობთ.
– მესმის. 5 მეგავატიანი ჰესი ძალიან პატარა ჰესია, მაგრამ მასაც სჭირდება გარკვეული სამუშაოების ჩატარება. გარემოს ის 5 მეგავატიანი ჰესიც კი აზიანებს. იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებები არ უნდა დაზიანდეს.
– ფიქრობთ, რომ მათი უფლებები ზიანდება?
– მთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებასა და ნორმალურ ყოფა-ცხოვრებას სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს. ამ დროს ხელისუფლება ვერ ხსნის, რატომ მიიღება მსგავსი გადაწყვეტილებები, რაც იწვევს მწვავე დაპირისპირებას. ბევრი არ აკლია, შეიძლება მსგავსი დაპირისპირება სვანეთშიც განმეორდეს. უბრალოდ, სვანეთში სპეცრაზმი არ შეიყვანეს, განსხვავება ის იყო. იქ მოლაპარაკებები გრძელდება. იმედია, მოლაპარაკების გზით მივლენ შეთანხმებამდე.
– პანკისის ხეობა რთული რეგიონია.
– დიახ, პანკისის ხეობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური ტერიტორიული ერთეულია. მით უმეტეს, რამდენიმე უბანი. იქ არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, მთიელი ხალხი. მათ აქვთ განსაკუთრებული მენტალობა. მთელ მსოფლიოში ასეთია მთიელების მენტალობა და ასეა პანკისის ხეობაშიც. ყველა ის ქმედება, რასაც გადადგამს ხელისუფლება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებს, მთიელების მენტალობასთან უნდა იყოს შეჯერებული, ბიზნესის მიმართულებით იქნება თუ სხვა კუთხით.
ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს სოციალური პროექტების განხორციელებაზე. მთის კანონში ბევრი რამ უნდა დაემატოს, რომ ადაამანები დაინტერესდნენ, მთებში დარჩნენ, დამაგრდნენ და აითვისონ ადგილობრივი ტერიტორიები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რაც მთაში მოსახლეობას ცხოვრებას შეუმსუბუქებს.
– სესიაშვილმა განაცხადა, რომ ეს მართული პროცესი იყო, ანუ შეგნებულად გააღიზიანეს ეს ხალხი და გამოიყვანეს დასაპირისპირებლად. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ასეთი დაპირისპირება და პანკისის ხეობაში პრობლემების შექმნა?
– პანკისის ხეობაში დაპირისპირების გამოწვევა, იმ ხალხის გამოყვანა და მოლაპარაკების მაგიდასთნ არდაჯდომა საქართველოს მტრების ინტერესში შეიძლება შედიოდეს. იმ ხალხში, ალბათ, არიან გავლენის აგენტებიც, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კარგს აკეთებენ. მათ შორის, იქნებიან საქართველოს მტრებიც.
– პანკისელები ამბობდნენ, რომ პოლიციისა და სპეცრაზმის გამოჩენის გამო გაღიზიანდნენ.
– პოლიციით რომ დაგჭირდება ხეობაში ჩასვლა, იქ არ უნდა ჩახვიდე. 1 პოლიციელიც რომ დაგჭირდება ობიექტზე მისასვლელად, არ უნდა მიხვიდე. შპს-ს წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონოდათ სამუშაოების დაწყების მცდელობა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიიღებოდა გადაწყვეტილება.
გადაწყვიტეს პოლიციის თანხლებით შეეყვანათ ტრაქტორები სამუშაოდ. რაც პანკისის ხეობაში მოხდა, იმ ადამიანების ბრალეულობაა, ვისაც პოლიციელების თანხლებით უნდოდა სამუშაოების დაწყება. ხელისუფლების გადაწყვეტილებაა თუ ვისი, ამას გამოძიება დაადგენს, ვინც გადაწყვიტა, იქ პოლიცია შეეყვანა და იქ პროვოკაციული სიტუაცია შეექმნა, ის არის საქართველოსა და პანკისის ხეობის მტერი.
– გასაგებია, მაგრამ პოლიციასთან ასეთი დაპირისპირება სახელმწიფოსთან დაპირისპირებას არ ნიშნავს? ასეთი დაპირისპირება არ უნდა მომხდარიყო.
– რა თქმა უნდა, პროვოკაცია მაგან გამოიწვია. პოლიციელების გარეშე რომ მისულიყო ტრაქტორისტი და დაეწყო მუშაობა, რა მოხდებოდა? ხომ არაფერი მოხდებოდა.
– მათაც ქვებს არ ესროდნენ?
– რას ჰქვია ქვებს ესროდნენ. ყველაფერი უნდა მომხდარიყო პოლიციელების გარეშე. პოლიციამ ვერ გამოიჩინა სიფრთხილე, ან ვერ განსაზღვრა, ან კიდევ სპეციალურად გააკეთა – ხელოვნურად შექმნან პრობლემა და მერე აღმოფხვრან.
– ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა შს სამინისტროს და იმანაც 35 პოლიციელი გაატანა.
– ვინც მიმართა, ის დამნაშავეა, მაგრამ გახარიას პასუხისმგებლობა ისაა, პრობლემა მოუგვარებელი რომ იყო, პოლიცია არ უნდა გაეტანებინა. შესაბამისად, არც არაფერი მოხდებოდა. ეს არის არასწორი მართვა. მოლაპარაკება არ იყო დასრულებული, საკითხი არ იყო გადაწყვეტილი და რა სამუშაოებს იწყებდნენ.
– ისე, 5 მეგავატიანი ჰესი იმდენად მცირეა, რომ ამდენი პრობლემის შექმნის ფასად არ ღირს.
– რა მნიშვნელობა აქვს, იმ ხალხს არ უნდა. მე ჰესის აშენების მომხრე ვარ, მაგრამ მოლაპარაკებაა საჭირო, რომელსაც დრო უნდა. მოლაპარაკების გზით მოსახლეობასთან შეთანხმება აუცილებლად მოხდებოდა, რატომ იჩქარეს, რატომ გააკეთეს ასეთი რამ.
– ცხადია, რაღაც შეცდომა დაუშვეს. ჰესი ხალხს არ უნდა, სახელმწიფოს უნდაო.
– სახელმწიფო წარმოადგენს ხალხს, თუ ხალხს ჰესი არ უნდა, არც სახელმწიფოს უნდა უნდოდეს. ან ხალხი უნდა დაარწმუნის სახელმწიფომ, რომ ეს ჰესი არის კარგი.
სახელმწიფომ ხალხთან არ იმუშავა, არ დაარწმუნა ის ხალხი, რომ 5 მეგავატიანი ჰესი იქ განსაკუთრებულს არაფერს გააფუჭებს. იქნებოდა მცირე ეკოლოგიური პრობლემები, მაგრამ ამას აანაზღაურებდნენ.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა