ცისანა სეფიაშვილმა „ფეისბუქზე“ თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა ფოტო დადო. „პრაიმტაიმის“ ზარმა გაამხიარულა – იმედია, თქვენც არ გგონიათ, რომ გავთხოვდიო. საქმე ამაში ნამდვილად არ არის. მომღერალი მანანა მანიას დეფილეში სამი კოსტიუმით გამოვიდა, მათ შორის ამ ლამაზი თეთრი კაბით. დიზაინერს უკვე ტრადიციულად ყოველ წელს არა პროფესიონალი მოდელები, უბრალოდ ცნობილი ქართველი ქალები გამოჰყავს პოდიუმზე.
ცისანას კვლავ გასათხოვრის ამპლუაში ყოფნა ვისაც გაუკვირდა, გაცნობებთ, რომ უკვე ერთი წელია რაც ის ქმარს, სოსო ზაქარეიშვილს გაეყარა და როგორც გვითხრა, თავს დედის ამპლუაში მშვენივრად გრძნობს. მას სოსოსთან სამი შვილი ჰყავს.
– ცისანა, სადედოფლო კაბა დიზაინერმა მაინცდამაინც თქვენ რატომ ჩაგაცვათ?
– ამაზე არ გვისაუბრია. მითხრა, რომ მინდა ჩვენება საპატარძლო კაბით შენ დახუროო. დიზაინერი სამოსს მთავაზობს და მერე მე რასაც ვირგებ, იმით გამოვდივარ. კი ვიფიქრე, რომ ჩემი თეთრ კაბაში გამოჩენა გაუგებრობასა და აჟიოტაჟს გამოიწვევდა, მაგრამ ჩვენებიდან იმდენი ფოტო და ვიდეო მასალა დევს, ეს შეკითხვა არ უნდა გაჩნდეს. მინდა ჩემი თაყვანისმცემლები თუ არაკეთილმოსურნეები დავამშვიდო, რომ არც გავთხოვილვარ და არც ვაპირებ გათხოვებას. წყნარად იყავით.
– ანუ მესამედ პატარძლის ამპლუაში ვერ გიხილავთ…
– „არასოდეს არ თქვა არასოდეს“, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემ შვილებთან ერთად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩემს არანაირ გეგმაში და პერსპექტივაში გათხოვება არ იწერება. კომფორტულად ვარ დედის ამპლუაში. ამ ეტაპზე მეუღლის ამპლუა არ მხიბლავს. რაც თვალი გავახილე, მთელი ცხოვრება გათხოვილი ვიყავი. ასე რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მომწონს.
პრაიმ ტაიმი