თამარ ჩხეიძე – “პარლამენტი, რომელიც მელიას იმუნიტეტს უჩერებდა, 1937 წლის საბჭოთა ხელისუფლებას ჰგავდა”

თამარ ჩხეიძე - "პარლამენტი, რომელიც მელიას იმუნიტეტს უჩერებდა, 1937 წლის საბჭოთა ხელისუფლებას ჰგავდა"ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და ყოფილ დეპუტატს, თამარ ჩხეიძეს.
– რეაგირებს თუ არა შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე?
– ხელისუფლება ამაზე სრულიად არაადეკვატურად რეაგირებს. ამის მაგალითად საკმარისია დავასახელოთ 20-21 ივნისს ღამით პარლამენტთან მოწყობილი სისხლისღვრა.
ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ ეს სრულყოფილად გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები ახლავე გადააყენოს, ნიკა მელიას დევნის. კიდევ კარგი, იმდენი ჭკუა ეყოთ და იგი ახლავე არ გამოამწყვდიეს საპატიმროში. მართალია, მისთვის გირაოს გადახდევინებაც არასწორია, მაგრამ ამ ეტაპზე რომ ნიკა მელია წინასწარი დაკავების საკანში ვერ ჩასვეს, ესეც წარმატებაა.
– ზოგი ამას სამართლიან სასამართლოს უკავშირებს.
– დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონკრეტული მოსამართლის გადაწყვეტილება არ ყოფილა. ხელისუფლება შექმნილი ფონის გამო მოერიდა ამის გაკეთებას ამ ეტაპზე. ამაზრზენი იყო ის, რაც ამ სასამართლო სხდომამდე პარლამენტში ხდებოდა.
– როცა პარლამენტის უმრავლესობა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს უჩერებდა და მტკიცებულებების გარეშე მის დაკავებაზე თანხმობას იძლეოდა?
– რასაკვირველია, ამაზე ვსაუბრობ. ამ დროს პარლამენტი ისევე იქცეოდა, როგორც საბჭოთა ხელისუფლება 1937 წელს და იაკობინელები საფრანგეთში.
– დაუნდობლად და კანონების გარეშე?
– ბუნებრივია. ეს იყო საბჭოთა რეჟიმისა და ფრანგი რევოლუციონერების ქმედებები, ოღონდ, გარკვეულად, გაშარჟებული ფორმით. ახლა სრულიად სხვა ეპოქაა და მელიას ვერ აწამებდნენ და ვერ დახვრეტდნენ, ვერც გილიოტინაზე აიყვანდნენ. ამას ვერ იზამდნენ, თორემ, პარლამენტის ამაში მონაწილე წევრების მოქმედებები იმ ეპოქების ანალოგია იყო.
ხელისუფლება არაადეკვატურია იმაშიც, რომ 20-21 ივნისის საშინელი დარბევის გამო არ დამდგარა არავისი პასუხიმგებლობა. საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზე. 1989 წლის 9 აპრილის სისხლისღვრა პირადად პატიაშვილს არ მოუწყვია, მაგრამ ისიც კი გაუშვეს თანამდებობიდან. შს მინისტრი თანამდებობაზე რჩება.
– იგი აცხადებს, რომ ამ ამბების გამოძიების დამთავრების შემდეგ გადადგება.
– ვერ გამიგია, მისი გადადგომა რატომ უშლის ხელს გამოძიებას? პრესკონფერენციაზე გახარია ცდილობდა აეხსნა, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, რადგან იგეგმებოდა შტურმი, ძალას კი ზოგიერთმა პოლიციელმა გადაამეტა. ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა მას ძალიან კარგად დაუსაბუთა, რომ იმ დროს, როცა ხალხის მიმართ ანგარიშსწორება დაიწყო, შტურმის საშიშროება არ არსებობდა და მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ლეტალური იარაღი. აქციაზე დაშავებულმა თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას მტკიცებები ნაცარტუტად აქცია.
– პარლამენტთან აქციები გრძელდება. რას იტყვით იქ შეკრებილ საზოგადოებაზე?
– აღფრთოვანებული ვარ ამ ხალხით. იქ მიდის სხვადასხვა ასაკის საზოგადოება, მაგრამ მიტინგებისა თუ მსვლელობების წარმმართველები არიან ახალგაზრდები. ისინი საოცრად მოწესრიგებულები და მომზადებულები არიან.
აზრი ორადაა გაყოფილი იმ საკითხზე, უნდა იყვნენ თუ არა ამ მიტინგების ორგანიზატორები პოლიტიკოსები. პირადად მე ამ აქციასაც მივესალმები და მის სახალხო ხასიათსაც. იქ პოლიტიკოსებიც დადიან და ზოგჯერ სიტყვითაც გამოდიან. ესეც კარგია.
ქუჩაში შეკრებილი საზოგადოება არ უნდა იქცეს მიუკარებელთა კასტად. ხელისუფლებას ჰქონდა იმის მცდელობა, რომ პროვოკაციებით საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა. ეს არ გამოუვიდა. ყველაფერს ჯობია, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები მიზნების მისაღწევად.
– ხომ არ მივიღებთ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები შეიცვლებიან და სხვები გამოჩნდებიან?
– ახლების მოსვლამ სხვები არ უნდა განდევნოს. ახალი სახეები მოვლენ, მაგრამ მოქმედი პოლიტიკოსები ამის გამო არ უნდა წავიდნენ. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.
– მმართველი პარტიის საარჩევნო ინიციატივაზე რა აზრის ხართ? 2020 წელს გვთავაზობენ პროპორციულ არჩევნებს ნულოვანი ბარიერით.
– პროპორციული არჩევნების დაშვება 2020 წლისთვის ხელისუფლებას არაფრის დიდებით არ უნდოდა. ეტყობა, ის იძულებულია, წავიდეს დათმობაზე. ჯერჯერობით, ეს სიტყვიერი წინადადებებია. ხელისუფლებისთვის მძიმეა მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმა. როგორც ჩანს, ამის საკომპენსაციოდ “ქართული ოცნება” ფიქრობს, როგორ მოახდინოს ამის კომპენსაცია.
– ნულოვანი ბარიერი “ოცნებამ” სათავისოდ ჩაიფიქრა?
– ზოგადად, ბუნებრივი ბარიერის წინააღმდეგი არ ვარ. ბუნებრივი ბარიერი გვაჩვენებს, რამდენი ხმა მოდის ერთ ადგილზე პარლამენტში. ბუნებრივი ბარიერი დემოკრატიული მოვლენაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” მას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ფულით შესაძლებელია ფიქტიური პოლიტიკური ერთეულების ყიდვა და მათი შეყვანა პარლამენტში.
– არაფიქტიური პარტიებიც ხომ მოხვდებიან პარლამენტში?
– დამოუკიდებელ არაფიქტიურ პარტიებს საქართველოში უფულობის პრობლემა აქვთ. სახსრების გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება. ამ პირობებში არსებობს საშიშროება, რომ “ოცნებამ” საკანონმდებლო ორგანო ფიქტიური ნაყიდი ერთეულებით შეავსოს.
ვფიქრობ, რომ ამით მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების კომპენსაცია ბოლომდე მაინც ვერ მოხდება. პროპორციულ არჩევნებს ამ სიტუაციაშიც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
– ქვეყანაში ისე სწრაფად იცვლება ვითარება და ისეთი კრიზისული მოვლენებია, რომ შეიძლება 2020 წლის შემოდგომა არჩევნებისათვის ძალიან შორი იყოს?
– ბუნებრივია, ეს ვადა ხიფათის შემცველია. დღეს ძალიან ძლიერი საპროტესტო მუხტია. ალბათ, არ იყო შესაძლებელი ამის მიღწევა, თორემ მომიტინგეები აუცილებლად დააყენებდნენ პარლამენტის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას.
ვადიან არჩევნებამდე ხელისუფლებამ შეიძლება ბევრი ცუდი რამ გააკეთოს და უკმაყოფილება ჩააცხროს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა