როგორ ჩააბარა თადუმაძემ 1993 წელს ისეთ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს გაიხსნა 

როგორ ჩააბარა თადუმაძემ 1993 წელს ისეთ უნივერსიტეტში, რომელიც 1994  წელს გაიხსნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ბრძოლა – ე.წ. კლანი უზენაეს ინსტანციაზე საბოლოო კონტროლის დამყარებას და იქ მისთვის სასურველი კანდიდატების გამწესებას ცდილობს.

137 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50 არა ფარული კენჭისყრით გადაარჩია. ახლა კი გასაუბრების პროცედურით, ამ 50 იურისტიდან უნდა აირჩიონ 20 საუკეთესო სამართალმცოდნე.

ამ საუკეთესოებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა და არა იმის შესახებ თუ ვინ ვისი მეგობარი და ნათელმირონია სასამართლოში, არამედ მათ უნდა იცოდნენ სამართალი და თან ძალიან კარგად. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, კომპეტენციის პრობლემა დგას იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ უვადოდ ჩაიბარონ მართლმსაჯულების ყველაზე საპასუხისმგებლო რგოლი. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს კი უჩნდებათ ეჭვი, რომ სასურველ კანდიდატებს წინასწარ ნამეცადინები იყვნენ.

სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ იმ 20-კაციან კანდიდატთა სია, რომელიც პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს წინასწარ განსაზღვრულია. დიდი ალბათობით, ამ სიაში მოხვდება მოქმედი გენერალური პროკურორი, რომელსაც რეკომენდაციას ორი პარლამენტარი და ერთი მინისტრი უწევს.

შალვა თადუმაძეს არ დაუკონკრეტებია, როგორ ჩამოიშორეს პარტიულ გავლენებს მოსამართლის მანტიის მორგების შემთხვევაში და არც იმაზე უპასუხია, როგორ ჩააბარა 1993 წელს ისეთ უნივერსიტეტში, რომელიც ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ დაფუძნდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 კანდიდატის გამორჩევას 10 დღეში გეგმავდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ერთ კანდიდატთან გასაუბრება 5-6 საათს გრძელდებოდა, პროცესი გაჭიანურდა. სწორედ ამიტომ, ანა დოლიძემ გასაუბრებაზე რეზინის ჩუსტები მიიტანა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ არამოსამართლე წევრების მოთხოვნები საბჭომ გაითვალისწინა და მომავალი კვირიდან მხოლოდ ორ კანდიდატთან მოხდება. გასაუბრება 24-მა აპლიკანტმა გაიარა. პროცესი სრულად, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც კანდიდატთა სია პარლამენტში გადაიგზავნება.

რუსთავი 2