ანზორ აბრალავა – “სააკაშვილის ბიძა ზის მოსკოვში, სააკაშვილიც რუსეთის დავალებებს ასრულებს”

ანზორ აბრალავა - "სააკაშვილის ბიძა ზის მოსკოვში, სააკაშვილიც რუსეთის დავალებებს ასრულებს"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს ანზორ აბრალავას.
– ლარი კურსი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა. ხელისუფლება ამას სხვებს აბრალებს. ლარი ჯერ კიდევ მაშინ უფასურდებოდა, როცა გავრილოვს არავინ ახსენებდა. ამაში ხელისუფლებას ბრალი არ მიუძღვის?
– როგორ არ მიუძღვის! ლარის გაუფასურებაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. მან უნდა გაატაროს ზომები ამის წინააღმდეგ. ეროვნულმა ბანკმა ხალხს გასაგები განმარტებები უნდა მისცეს, რას აპირებს და არა ზოგადი ფრაზები თქვას. ამაზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი და პერსპექტივა. ეროვნულმა ბანკმა საზოგადოება სხვაზე არ უნდა გადაამისამართოს.
– როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ზომების მიღებას არ აპირებს.
– არ აპირებს და ეს იწვევს საშინელ, ანტისახელმწიფოებრივ განწყობებს მოსახლეობაში. ხალხი ისედაც განიცდის გაჭირვებას. თუ ამას დაემატება ნიჰილიზმი და დაუცველობის შეგრძნება, ამასთან გამკლავება ურთულესი იქნება.
ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რაც ემართება ლარს. რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს იმ ოპოზიციის გაუმართლებელ ქმედებებს, რომელიც აზიანებს სახელმწიფოებრიობას და მათ შორის, ლარის კურსის სიმყარესაც.
– ბოლო დროს ხელისუფლებას ოპონენტების დევნასა და პოლიტიკურ რეპრესიებში სდებენ ბრალს.
– პოლიტიკურ რეპრესიებს ვერ ვხედავ, თუმცა, შესაძლოა, 20-21 ივნისის ამბების გამო დაკავებულებში, თითო-ოროლა უდანაშაულო ადამიანი ერიოს. იმ ღამეს იქ პოლიტიკისგან შორს მყოფი აღშფოთებული ადამიანებიც მივიდნენ. ისინი სახელმწიფო გადატრიალებას და ვარდების რევოლუცია-2-ს არ გეგმავდნენ. ამავეს ვერ ვიტყვი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობაზე და ორგანიზებულ ჯგუფებზე.
– გინდათ თქვათ, რომ იმ ღამეს ისინი რევოლუციას აპირებდნენ?
– ეს უნდოდა რუსეთს და მის დამქაშებს. გავრილოვს ამ სცენარში თავისი როლი ეკავა. მან თავისი მისია შეასრულა. ნაცმოძრაობას და იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ამჟამად სხვა მოძრაობებში არიან, 2003 წლის გამოცდილება დაუგროვდათ. მათ მაშინ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. შევარდნაძესთან ყოველთვის დაპირისპირებული ვიყავი, მაგრამ ვამბობ, რომ 2003-ში მისი ძალით გაშვება საჭირო არ იყო. შევარდნაძე ისედაც წავიდოდა. მას ცოტა ჰქონდა დარჩენილი. მაშინდელი გადატრიალებით მივიღეთ ახალი შევარდნაძეები. ეს იყო რუსული სცენარი.
– ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება მასობრივი არეულობის ორგანიზების მუხლით მის ოპონენტებსაც აოცებს. მის დაკავებას პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირებენ.
– არა. ის რეპრესიების მსხვერპლი კი არა, თავისი ამბიციების და ავანტიურის მსხვერპლია. საერთოდ, ირაკლი ოქრუაშვილი ჩავლილი მატარებელია. მას ჰგონია, რომ იმ ბრალდებებს, რომლებიც მის მიმართ არსებობს, ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. მას უნდა პოლიტიკური ლიდერობა, მაგრამ ის ლიდერი ვერ გახდა. იმ ღამეს რუსთაველზე ბევრი ხალხი შეიკრიბა. პატარა აქციები დღემდე გრძელდება. თანდათან ადამიანებმა გაიაზრეს, რა ხდება რუსთაველზე.
– თქვენი ხედვით, რა ხდება?
– ხალხი მიხვდა, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია. ვინც ამ მიტინგებს შემორჩა, იქიდან ყველა პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის, ზოგს კი კარიერისტული მიზნები აქვს.
– ამასობაში “ქართული ოცნების” რეიტინგი ნულს მიუახლოვდა.
– ხელისუფლებამ ხალხზე უნდა იზრუნოს, ლარის კურსს, ეკონომიკას მიხედოს, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს. რაც შეეხება რევოლუციებს, თუ ასეთი მცდელობა კიდევ იქნა, ხელისუფლებამ სწორად უნდა იმოქმედოს და ის ნორმალური მეთოდებით აღკვეთოს. საგარეო პოლიტიკაც გამოსასწორებელია. ძალიან მძიმეა რუსეთთან დალაპარაკება, მაგრამ ეს ნაბიჯი გადასადგმელია.
– აქამდე, ჟენევის ფორმატის გარდა, ტარდებოდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. კარასინი ფედერაციის საბჭოში გადადის. მის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მათგანი, ივან ვოლინკინი, 2007 წელს საქართველოდან ჯაშუშობისთვის გააძევეს.
– კარასინი მიდის, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს. მიმაჩნია, რომ ზურაბ აბაშიძეს სტატუსი უნდა აუმაღლონ. მაგალითად, საგარეო მინისტრის მოადგილედ დანიშნონ. რუსეთის მხრიდან მაინცდამაინც პერსონა ნონ გრატა არ უნდა დანიშნონ აბაშიძის პარტნიორად. ეს უნდა იყოს მისაღები დიპლომატი.
მოლაპარაკებები მტრულ სახელმწიფოებსაც აქვთ ერთმანეთთან. ჩვენთვის უპირველესი პრობლემაა ტერიტორიული მთლიანობა. სხვა საკითხები, პოლიტიკური იქნება, ეკონომიკური თუ კულტურული, ამასთან არის დაკავშირებული. რუსეთთან რთულია ლაპარაკი, მაგრამ სხვა გზა არ დაგვჩენია. ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის, რომ სახელმწიფოებს უხდებოდათ დიალოგი მძიმე დროს. მაგალითად, გერმანიას უჭირდა კაპიტულაცია 1918 წელს და სხვა. ხელისუფლება არ უნდა იყოს მყვირალა ჯგუფების მძევალი.
– რომელი ჯგუფებზე საუბრობთ?
– ნაცმოძრაობაზე, მის მედიაზე. სააკაშვილის ბიძა ზის მოსკოვში, სააკაშვილიც რუსეთის დავალებებს ასრულებს. ამავე დროს ეგენი აყვირებენ მომხრეებს, რომ მოსკოვთან დიალოგი არ შეიძლება. არ შეიძლება კი არა, საჭიროა!
უნდა გაფართოვდეს აბაშიძის ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ თემებსაც განიხილავს. სასურველია ასევე დიალოგი უმაღლეს დონეზე. ამდენი პრობლემა იმიტომ დაგვიგროვდა, რომ მასების ამბოხი გვაქვს და პოლიტიკა უწიგნური ადამიანებით გაივსო.