მოხდება თუ არა სოხუმში მორიგი რევოლუცია? – „ამცახარამ“ სახალხო შეკრება დააანონსა

მოხდება თუ არა სოხუმში მორიგი რევოლუცია? - „ამცახარამ“ სახალხო შეკრება დააანონსამარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
17 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს პარტია „ამცახარას“ ლიდერის, დეფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს. იგი დეფაქტო არჩევნების შედეგს არ ეთანხმება და მის გაბათილებას მოითხოვს.
ამ დღეს მოსახლეობას „ამცახარამ“ სახალხო შეკრებისკენ მოუწოდა. ამავე დროს, გამარჯვებულად გამოცხადებული რაულ ხაჯიმბა მოლოცვებს იღებს. მას გამარჯვება რამდენიმე დღის წინ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა.
უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა კვიცინიას შუამდგომლობა სასამართლო პროცესის დამთავრებამდე გამარჯვებულის არაღიარების თაობაზე. ეს ამყარებს ეჭვს, რომ სასამართლო ხაჯიმბას ვერ დაუპირისპირდება და ყველაფერს უცვლელად დატოვებს.
8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგებით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში შედეგის გამოცხადებისთანავე გამოვიდა. მაშინ ალხას კვიცინიამ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა და ბრძოლის სამართლებრივი გზა აირჩია.
აფხაზეთში სასამართლოსადმი ნდობა მინიმალურია. 17 სექტემბრის სხდომის წინ მოსამართლეები სინდისზე შეაგდეს საზოგადო მოღვაწეებმა. მათ გამოთქვეს იმედი, რომ ალხას კვიცინიას სარჩელზე სასამართლო კანონიერ და სამართლიან განაჩენს გამოიტანს.
– ჩვენი საზოგადოებისთვის ისევ გარდამტეხი მომენტი დადგა.სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, აირჩევს თუ არა ჩვენი სახელმწიფო სამართლებრივ გზას. ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთის უზენაესი სასამართლო შეასრულებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელიც ეკისრება სასამართლოს დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში, – აცხადებენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
მათი თქმით, აფხაზეთში სასამართლო სერიოზულ ზეწოლას განიცდის. ახლა სასამართლოს თავისუფლება დამოკიდებულია უზენაესი სასამართლოს თითოეული წევრის ღირსებასა და პროფესიონალიზმზე.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნებში არცერთი კანდიდატი გამარჯვებული არ არის. ხმების დათვლისას ცესკომ დაარღვია კანონი და არ გაითვალისწინა ბიულეტენები „ყველას წინააღმდეგ“.
ნეიტრალური ამომრჩევლები სოციალურ ქსელებში არკვევენ, არის თუ არა პოზიცია „ყველას წინააღმდეგ“ ხაჯიმბას წინააღმდეგ მიცემული ხმები? ეს მოქალაქეები ასკვნიან, რომ შეიქმნა სამართლებრივი კოლიზია, კანონმდებლობა კი ხარვეზიანია.
მეორე ტურის შემდეგ შექმნილი სიტუაციიდან მხარეებს გამოსავალი შესთავაზა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა. მან მოუწოდა ხაჯიმბას, პრემიერად დანიშნოს ასლან ბჟანია.
შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივ საპრეზიდენტო არჩევნებში ალხას კვიცინიამ მოულოდნელად დაავადმყოფებული ასლან ბჟანია ჩაანაცვლა.
აფხაზეთში დარწმუნებული არიან, რომ ბჟანია მოწამლეს. აფხაზეთის პროკურატურა ამას კატეგორიულად გამორიცხავს.
ხაჯიმბამ ჟურნალისტის მოწოდება ყურად არ იღო.
8 სექტემბრის შემდეგ აფხაზეთში გაისმა უკმაყოფილება აფხაზეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობის მიმართ. ანტისომხური გამონათქვამები დაგმო პარტია „აფსნიმ”. პარტიის განცხადებით, ინტერნეტში გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებიც ლახავს სომეხი თანამემამულეების ღირსებას, რაც სამართლიან აღშფოთებას იწვევს. პარტიის წევრების თქმით, სომეხი ხალხი აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ნაწილია და ის ხმას აძლევს მათ, ვინც, მათი აზრით, ქვეყანას გამოადგება.
მეორე ტურის შემდეგ კანდიდატებს აფხაზეთში მცხოვრები ქართველები არ გახსენებიათ. ზოგადად, ბჟანიასა და კვიცინიას პროგრამაში შეტანილია ქართველი მოსახლეობის უფლებები. გამარჯვებულად გამოცხადებულმა ხაჯიმბამ კი განაცხადა, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფთან დიალოგისთვის მზადაა. ჯერჯერობით, ხაჯიმბამ საკუთარ ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვაც ვერ მოახერხა.
ამას ემატება სოციალური პრობლემები და კრიმინალის თარეში.
აფხაზეთში მოვლენები ისე ვითარდება, რომ შეიძლება მორიგი რევოლუცია მოხდეს. თვითონ ხაჯიმბა ხელისუფლებაში 2014 წლის მოვლენების შედეგად მოვიდა.
ამ მოვლენებს აფხაზეთში გადატრიალებას და რევოლუციას უწოდებენ.