კობა ნარჩემაშვილი – “ოცნება” საარჩევნოდ გუნდის 70%-ს შეცვლის”

კობა ნარჩემაშვილი - “ოცნება” საარჩევნოდ გუნდის 70%-ს შეცვლის”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო კობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ქვეყანაში?
– ძალიან არაორდინალური არჩევნები გველოდება წინ, რასაც ბევრი რამ განაპირობებს. პირველ რიგში ეს მაინც საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდება, პროპორციული არჩევნების შემოღებას და ნულოვან ბარიერს.
ნულოვანი ბარიერი ზოგიერთ პოლიტიკურ ძალაში, უფრო კონკრეტულად კი გარკვეულ პერსონებში, მოლოდინებს იწვევს, რომ პარლამენტში შესვლა არცთუ რთული იქნება. ყველა ასეთი ლოგიკით უდგება – 15 ათასი ხმის მოგროვება რთული არ უნდა იყოს. ერთი სიტყვით, “გაძრომას” შეეცდებიან. აქედან გამომდინარე ეს დამოკიდებულება გარკვეულ გარემოებას ნამდვილად შექმნის.
ეს ერთი წელი ახალი პარტიების ცვენის წელიც შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, ხელისუფლება შეეცდება, მატერიალური შესაძლებლობის მქონე პირები მოიზიდოს და პოლიტიკაში შემოიყვანოს. ამ ადამიანებს ხომ არ გაუჭირდებათ ფინანსების დახარჯვა, რათა 12-დან 15 ათასამდე ხმა მოაგროვონ. შემდეგ ხელისუფლება სწორედ ამ პერსონებთან ეცდება პარლამენტში გაერთიანებას და დანაკლისის შევსებას თუნდაც მთავრობის შესაქმნელად.
ეს კი გააჩენს რეალობას, რომ ბევრი მდიდარი ადამიანი მოინდომებს პარლამენტში ყოფნას. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ არაპოლიტიკური პარლამენტი მივიღოთ და სხვა ინტერესები შეიძლება იყოს წამყვანი.
– რა ინტერესებზე საუბრობთ?
– როდესაც ადამიანს არ აინტერესებს პოლიტიკა და მისი მიზანი არის სულ სხვა, რაც, მაგალითად, ბიზნესს უკავშირდება. ნულოვანი ბარიერი რისკებს აჩენს. პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებასაც შეიძლება რისკი ახლდეს. შეიძლება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს მთავრობის ფორმირება, ვერ მოიპოვოს სათანადო ხმები და მოლაპარაკება გაჭირდეს პოლიტიკურ ძალებს შორის.
გერმანიაში და იტალიაში, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში, უჭირთ პოლიტიკურ ძალებს დიალოგი, შეთანხმების მიღწევა და ეს პროცესი 9 თვეზე მეტხანს გრძელდება, მე ამას სულაც არ გამოვრიცხავ ჩვენთან, საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ მყიფეა დემოკრატია.
ეს კი შეიძლება ჩვენს ეკონომიკას ერთიორად დააწვეს. გერმანიის ეკონომიკა შეიძლება ამას უმკლავდება, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის შეიძლება ეს ძალიან სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
თუმცა, რა თქმა უნდა, პლუსიც არის. პოლიტიკური ბლოკების არარსებობა საარჩევნოდ პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის კარგია. ეს პოლიტიკოსებს ასწავლის, საკუთარი ადგილი ზუსტად იქ იპოვონ, სადაც მათ ეს ადგილი ეკუთვნით. ან საერთოდ წავიდნენ პოლიტიკიდან – ბლოკებში გაერთიანებულ პერსონებს, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ პოლიტიკისთვის, ჰქონდათ საშუალება, რომ პოლიტიკაში მაინც ყოფილიყვნენ, ერთი სიტყვით, ეტივტივათ.
დღეს პოლიტიკაში არიან პერსონები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ადგილი მხოლოდ თავშია, არც შუაში, არც ბოლოში, მხოლოდ თავში. როდესაც ასე ფიქრობს პოლიტიკოსი, იქ პოლიტიკური სისტემა ჩაკეტილია და ერთ ადგილზე ბრუნავს.
– ამ საკონსტიტუციო ცვლილებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერთ? მე ვიცი თქვენი პოზიცია შერეულ მოდელთან, მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით და ამიტომ გეკითხებით.
– ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მაინც წინგადადგმული ნაბიჯია ამ თვალსაზრისით. ეს ხალხის მონაპოვარია.
– 20 ივნისის მოვლენებს უკავშირებთ?
– რასაკვირველია, და ვუკავშირებ ასევე იმ დაგროვილ მუხტს, რომელიც ადამიანებში, ზოგადად საზოგადოებაშია. ამდენად თუ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას ეს ხელს შეუწყობს, მე ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ კონკრეტულ ცვლილებას კენჭისყრაზე მხარს დავუჭერ თუ არა, წინ განხილვის პროცესია და ვნახოთ. დღეს გარანტიას ვერავის მივცემ, დავუჭერ მხარს თუ არ დავუჭერ.
– ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მთავრობა საარჩევნო მთავრობაა, რომ ყველა ხელისუფლება გადამწყვეტი არჩევნების წინ ძალოვანებს სწევს წინა პლანზე. რთული არჩევნები გველოდება?
– კი, რთული არჩევნები გველოდება. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ამ არჩევნებმა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საერთოდ საპარლამენტო მმართველობის მოდელი ჩვენთან.
– რატომ?
– სწორედ პოლიტიკური არასტაბილურობიდან გამომდინარე. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობა საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნების მოთხოვნით გამოვიდეს. სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა კი ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან.
– არჩევნებამდე მთავრობის ცვლილებას ელოდებით?
– როგორც წესი, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან. ეს არის საარჩევნო მთავრობა და თუ რაიმე კრიზისი არ მოხდა, ალბათ ეს მთავრობა არჩევნებამდე იქნება. თუმცა, ქართული პოლიტიკა, ხომ იცით, მოულოდნელობებით არის სავსე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
– “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდი შეიცვლება თუ 2020 წლის საარჩევნო სიაში ძირითადად იგივე გუნდი იქნება წარმოდგენილი?
– ვფიქრობ, ამ გუნდიდან ალბათ ძალიან დიდი ნაწილი შეიცვლება. დაახლოებით 60-70% შეიცვლება.
– ბატონო კობა, პოლიტიკაში რჩებით? 2020 წლის არჩევნებზე სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
– კი ამბობენ, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა, მაგრამ მგონია, რომ ჯერ ბევრი დროა დარჩენილი. ბევრი გადაჯგუფება ხდება. მეც ვფიქრობ, მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლო საკითხია.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.