თამარ ჩხეიძე: “ივანიშვილის რეჟიმს ამერიკელი პარტნიორების შენიშვნები არ გაუთვალისწინებია”

თამარ ჩხეიძე: "ივანიშვილის რეჟიმს ამერიკელი პარტნიორების შენიშვნები არ გაუთვალისწინებია"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რითი ჰგავს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები ერთმანეთს? რატომ არ შეინიშნება, რომ “ქართული ოცნება” ანგარიშს უწევს ამერიკელი პარტნიორების შენიშვნებს? რა სირთულეებია მოსალოდნელი არჩევნებზე? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისინენტსა და დეპუტატს, თამარ ჩხეიძეს.
– პუტინის ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი ასახელებს მისი რეჟიმის თავისებურებებს. ესენია: სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა, სიცრუე და კორუფცია. საქართველოსთან ანალოგია არ ჩნდება?
– აქ პარალელები კი არა, პირდაპირი კავშირია. ასეთი არადემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთის მსგავსია.
– ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულობა ამერიკელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს და ამის გამო ბევრი კრიტიკული წერილი გამოაგზავნეს. საგარეო მინისტრ ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში რას შეცვლის?
– გვეუბნებიან, რომ ზალკალიანს წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. ამერიკელებიც აცხადებენ, გარანტიები მოგვცაო. ეს რომ ასე არ არის, ამას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გამოსვლები ადასტურებს.
– კობახიძის განცხადებებზე საუბრობთ?
– კობახიძე, ოხანაშვილი და სხვები ისე აგრესიულად გამოდიან, ისეთი რეაქციულობით გამოირჩევიან, რომ აშკარაა – ივანიშვილის რეჟიმს ამერიკელი პარტნიორების შენიშვნები არ გაუთვალისწინებია. ჩვენი მეგობრები ვაშინგტონიდან პირდაპირ საუბრობენ საქართველოში ოპონენტების დევნაზე, საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე, საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებაზე, სხვა არადემოკრატიულ ნაბიჯებზე. ისეთმა ტიპებმა, როგორებიც არიან კობახიძე, ოხანაშვილი და სხვები, გამოააშკარავეს, რომ ივანიშვილს არაფერი შეუცვლია და ის დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
– ამერიკელები ისევ გამოხატავენ მკაფიო პოზიციას და მკაცრ ტონს მომავალშიც შეინარჩუნებენ?
– მე მგონია, რომ ასე იქნება. იმედია, ისინი ივანიშვილს დათმობაზე წამოიყვანენ. მათ საამისო ბერკეტები აქვთ. ოღონდ, განცხადება ურთიერთობების გაცივების და შეწყვეტის შესახებ არ გაამართლებს. ივანიშვილს აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭებისა არ ეშინია. პირიქით, მას და რუსეთს ეს აწყობს კიდეც. მისთვის მტკივნეული იქნება ფინანსური და ქონებრივი ბერკეტები მის წინააღმდეგ. მას შეაწუხებს ის, რაც მის ქონებას და ფინანასებს დააზარალებს.
– ამ დღეებში კიდევ გვითხრეს, რომ “ქართული ოცნება” ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მოპოვებას და არჩევნებზე 60%-ის აღებას გეგმავს.
– ამას ამბობენ იმიტომ, რომ ეს ივანიშვილის ურყევი გეგმაა. ჯიუტად იმეორებენ, რომ 60% უნდა მიიღონ. როგორც ჩანს, ივანიშვილი რუსეთს ჯერ არ ჩამოუწერია და პუტინი მას ისევ ზურგს უმაგრებს. ამიტომ დიდგულობს.
– ოპოზიცია რას მოახერხებს, თუ არჩევნები მოქმედი, ანუ შერეული სისტემით გაიმართა? ოპოზიციონერების ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებზე საერთო ოპოზიციური შეთანხმება დაამარცხებს “ქართულ ოცნებას”.
– ოპტიმიზმია გამარჯვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მისი გაღვივება ხალხში კარგია. სამწუხაროდ, არიან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი და ცვლილების მოსურნე ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ხმა მაინც “ქართულ ოცნებას” მისცენ. ამას გააკეთებენ მაშინ, თუ სხვის გამარჯვების იმედი არ ექნებათ.
ოპოზიცია ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. მაჟორიტარებზე შეთანხმება და ოპოზიციის გამოსვლები კარგია, არსებობს დასავლეთის მკაფიო მხარდაჭერა დემოკრატიული არჩევნებისადმი, საზოგადოების მისწრაფება, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. საჭიროა ხალხის დიდი აქტიურობა. რაც უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია მაჟორიტარების კანდიდატურებზე, მეორე მხარეს იქნება ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, გაყალბება.
– იქნებ, სხვა რეალობა დადგეს?
– ესეც შესაძლებელია. მე ვსაუბრობ დღევანდელ სიტუაციაზე. ამ პირობებში რომ ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება ისევ თავის უკანონო ბერკეტებს გამოიყენებს. “ქართული ოცნების” ლიდერებს არ ეტყობათ, რომ მათ რამე დათმეს. ამიტომ დანარჩენებს და საზოგადოებას უმძიმესი ბრძოლა მოუწევთ.
– აშშ-დან ასეთი მკაფიო გზავნილები დემოკრატიული სამართლიანი არჩევნების შესახებ არ ყოფილა.
– მართალია. იმედია, დასავლეთი საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდება. თუ დაინახავს, რომ ივანიშვილს არ ეყურება, ალბათ, მეტს იტყვიან.
– საქართველოში სიღარიბე და სიღატაკე იზრდება. “ოცნების” დეპუტატები კი იმასაც არ აღირებენ, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ. ეს არ მოქმედებს ამომრჩეველზე?
– როგორ არ მოქმედებს! ამ დეპუტატების გამოსვლები საშინელი იყო. ზოგის გამონათქვამი კი – სასაცილო. ზოგმა ისიც თქვა, რომ ხალხს ოპოზიცია აშიმშილებს.
– “ლავროვის ღამესაც” ხომ არ უნდა ველოდოთ, თუ იგი მაისში თბილისში ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტერიალში?
– თუ ჩამოვა, ამას ცუდი ამბები შეიძლება მოჰყვეს. გავრილოვის შემთხვევა იმით განსხვავდება მომავალი ღონისძიებისგან, რომ ევროპის საბჭო სერიოზული ევროსტრუქტურაა.
– წესით, რუსეთის დაბრუნება ამ ორგანიზაციაში არ უნდა დაეშვათ. რუსეთი იღებს ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროპის საბჭოს და სტრასბურის სასამართლოს ეწინააღმდეგება.
– მართალია. რუსეთი გარიცხული იყო და დააბრუნეს. თან, კრემლი არ აპირებს ევროპის საბჭოს პრინციპების შესრულებას. მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა საერთოდ საეჭვო ორგანიზაციაა. მისთვის საერთოდ არ უნდა მიეცათ უფლება, საქართველოში გაემართა სესია თუ სხდომა.
ევროპის საბჭო სხვა რანგია. ერთი მხრივ, საქართველომ, როგორც თავმჯდომარემ, უნდა უმასპინძლოს წევრი ქვეყნების მინისტრებს, მეორე მხრივ, მას პრობლემებს უქმნის ლავროვი. ეს დილემა სახელმწიფომ დიპლომატიური გზით უნდა მოაგვაროს.
– პრემიერად გახარიას დანიშვნას ხალხი აპროტესტებდა. ის მაინც დანიშნეს. ახლა რატომღა უშვებენ?
– გახარია პრემიერად დაინიშნა საზოგადოების ჯიბრზე. ზაფხულში, როცა ქუჩის აქციები მიმდინარეობდა, ხალხი გახარიას შს მინისტრობიდან გადაყენებას მოითხოვდა. ამის მიუხედავად, გავიდა ცოტა ხანი და ის პრემიერ-მინისტრი გახდა.
ზაფხულის პროტესტის გამო ივანიშვილი იძულებული გახდა, დაეთმო და გაეცა დაპირება პროპორციული არჩევნების თაობაზე. პროტესტი შენელდა, შეწყდა. ივანიშვილმა დაპირება უკან წაიღო.
ხალხის ნების წინააღმდეგ გახარიას დანიშვნით ივანიშვილმა მოახდინა საკუთარი ძალაუფლების დემოსტრირება. ახლა, ალბათ, მას გახარია არ სჭირდება. გახარია ოდიოზურია, მაგრამ ფიგურად ითვლება. ივანიშვილი ფიგურებს ვერ იტანს.
– კალაძეც ფიგურად მიიჩნევა.
– დიახ. მას გამოკითხვებში მაღალი რეიტინგები უფიქსირდება. ამბობენ, კალაძე ოპოზიციაში გადადისო. არა მგონია, რომ არჩევნებამდე ივანიშვილს აწყობდეს კალაძესთან ღიად დაპირისპირება. ფარული კონფლიქტი აქვთ.
კალაძეზე კომპრომატებიც არსებობს. ეს მართვის ტექნოლოგიაა. არჩევნებამდე არა მგონია, კალაძე “ქართული ოცნებიდან” გამოვიდეს.