მამუკა არეშიძე – „ჩვენ აფხაზი და ოსი პაციენტებიც უნდა მივიღოთ“

მამუკა არეშიძე - „ჩვენ აფხაზი და ოსი პაციენტებიც უნდა მივიღოთ“ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

– ბატონო მამუკა, რამდენად ელოდებით, რომ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში მათ დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართონ?

– მე ასეთი მოლოდინი მაქვს და აფხაზები უნდა მივიღოთ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, რადგან ჩანს, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც აშენდა, უკვე ექსპლუატაციაში შედის.

აფხაზეთში ჯერ არც ერთი კორონავირუსის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. არ არის დაფიქსირებული არა იმიტომ, რომ შეამოწმეს და არ დადასტურდა, არ აქვთ არც ტესტები და არც იციან, პროფესიონალები არ ჰყავთ. ერთი ინფექციონისტი ჰყავთ.

საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს, რუხში რომ ამზადებს ამ ბაზას, რადგან, როგორც ჩანს, გათვლა სწორედ ამ მიმართულებით არის, რომ თუ პრობლემა დადგება. საქართველოს ხელისუფლება აფხაზების მისაღებად ემზადება.

– ბჟანია, როგორც ჩანს, გალის მოლაპარაკებების აღდგენას ვარაუდობს. ამაზე რას იტყვით?

– გალის მოლაპარაკებების აღდგენას სხვა ფორმატი უნდა. როგორც ჩანს,  ბჟანიას ენგურის ხიდზე უნდა. მართალია, რუსეთის კულუარული ჩართულობის გარეშე არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება, მაგრამ თავისთავად ეს შემოთავაზება ძალიან საინტერესოა. შეიძლება მკითხოთ, რაზე უნდა ილაპარაკონ? მაგრამ ლაპარაკი ყოველთვის ჯობია.

– მაინც რას უკავშირებთ ბჟანიას თამამ განცხადებებს?

– არავითარი თამამი განცხადებები არ არის. მას უნდა, როგორც სახელმწიფოს, ისე პოზიციონირება. აფხაზებს, ოსებისგან განსხვავებით, მაინც უნდათ, სახელმწიფოს რაღაც ელემენტები ჰქონდეთ. თუმცა, რასაკვირველია, ბჟანიას ეს პოზიცია მაინც არის განსხვავებული ყველა მისი წინამორბედისგან.

რა შინაარსს დებს ის ამ განცხადებებში, ეს არის აქ მთავარი. თუ პოლიტიკურ კეკლუცობას აპირებს, რომ ვაღიაროთ როგორც სახელმწიფო და ხელი მოვაწეროთ ცეცხლის განუახლებლობაზე, არაფერი გამოვა. თუ საკითხი დადგება, რომ ხელი მოვაწეროთ აფხაზურ მხარესთან, ხაზგასმით ვამბობ, აფხაზურ მხარესთან, ეს შეიძლება მისაღებიც კი იყოს.

– ცხინვალი თითქმის დაცლილია. თუმცა, შეიძლება ოსებიც გადმოვიდნენ სამედიცინო დახმარების მისაღებად? 

– დიახ, რა თქმა უნდა. ამით ჩვენ მივიღებთ როგორც პოლიტიკურ, ისე მორალურ დივიდენდს. ამ შემთხვევაში მორალურ დივიდენდებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პოლიტიკურს. ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, მით უფრო, როდესაც ჩვენი სამედიცინო საზოგადოება, გნებავთ ასაკოვნები და ახლგაზრდები, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე არიან მომზადებულები.

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა, რომ ოსები მივიღოთ. გორში არის ჰოსპიტალი, სადაც შეიძლება მოხდეს მათი მიღება. არც ის გაუჭირდებათ, ასეთივე ინფრასტრუქტურის შექმნა მოხდეს უფრო ახლოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და პრაგმატულად რომ ვიფიქროთ, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადავდგამთ ეპიდემია იქიდან შემოვა.

ამიტომ საველე ჰოსპიტალი თუ სხვა სახის იფრასტრუქტურა აუცილებლად იქნება მოსაწყობი ორივე მიმართულებით.