“ტვ პირველსა” და “მთავარ არხს” ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ინკასო დაედო – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ავრცელებს.
“მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს.” – წერს ნოდარ მელაძე.
ამ თემას სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელიც გამოეხმარა.”არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !
მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !
მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !
მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !
მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !
მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !
ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს !
გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !
ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !
გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!” – წერს ვატო წერეთელი.