“სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავის ტკივილია, პრობლემებს შეუქმნის”

"სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავის ტკივილია, პრობლემებს შეუქმნის"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოზიციაზე დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, უკვე ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე უმაღლეს რადას არ მოსწონს, მაგრამ რაში დასჭირდა ზელენსკის სააკაშვილი, თან საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ალბათ მისთვის ცნობილი იქნებოდა?
– ამ პოზიციაზე სააკაშვილის მიმართ არ იყო ერთსულოვნება და დიდი აღფრთოვანება თავად უმაღლეს რადაში. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაიცვა არც ერთი განცხადებით მისი კანდიდატურა. მეტიც, წარდგენის დროს პარტიას სააკაშვილი შეატოვა კიდეც. ეს ნიუანსები მე მაფიქრებინებს, რომ სააკაშვილი არ იყო ზელენსკის კანდიდატურა. სტილისტიკა, რომ ზელენსკი გვერდით გადგა, მაფიქრებინებს, ვიღაც “აწვებოდა”, ვიღაც ითხოვდა ამ კანდიდატურის დამტკიცებას, მაგრამ დეპუტატების ხელით პრაქტიკულად მისი დამტკიცების საკითხი მოხსნა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასე ჩანს.
მსგავსი რამ ხდება ხოლმე პოლიტიკაში, როდესაც შენ ვერ უწევ წინააღმდეგობას, ამას სხვისი ხელით აკეთებ. მე ვფიქრობ, რომ ამასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე იმასთან, რომ ზელენსკის უნდოდა სააკაშვილი, მაგრამ რადამ წინასწარ დაუბლოკა.
– “ვიღაც” ვინ შეიძლება იყოს? უკრაინაში ასეთი დონის ლობისტები ყავს სააკაშვილს?
– უკრაინული ლობისტები არ მგონია, რადგან ზელენსკი მათ ყოველგვარი რადის გარეშე გაუმკლავდებოდა. ამიტომ, სავარაუდოა, რომ უკრაინის გარედან ხდებოდა ზეწოლა.
– ამერიკას გულისხმობთ?
– არა, ალბათ უფრო რუსეთს ან ორივეს ერთად. ორივეს ინტერესები შეიძლება ამ შემთხვევაში დამთხვეოდა ერთმანეთს, ამას არ გამოვრიცხავ.
– ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ სჭირდებოდა, ასეთი ვერსიაც წავიკითხე.
– შეიძლება ასეთი რამ წავიკითხოთ, მაგრამ თუ შევაფასებთ სააკაშვილის ნაბიჯებს, არ მგონია, მთლად რეალობასთან ახლოს იყოს. მაგალითად, როდესაც სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადალახა, ვის ინტერესებში შედიოდა, რომ მთელ მსოფლიოს ენახა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, ასეთი უსუსრობა. რიტორიკაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი ქცევაა ამ შემთხვევაში. რიტორიკით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა რუსეთს, მაგრამ ქცევით ყოველთვის წყალს ასხამდა რუსეთის ინტერესებს. რიტორიკის ხარჯზე ინარჩუნებს ის ამ იმიჯს.
ზელენსკი ვერც რუსეთს და ვერც ამერიკას ვერ ეტყოდა ასე პირდაპირ არას. ამას ვერ აიღებდა საკუთარ თავზე. ამიტომ, მას დასჭირდა ამ სცენარის გათამაშება. ბოლოსდაბოლოს, შოუმენია.
– თუ ზელენსკიმ ერთგვარი ანგარიში გაუწია საქართველოს ხელისუფლებას და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობა დარტყმის ქვეშ არ დააყენა?
– საქართველოს ხელისუფლებამ თავმოყვარეობა დაიცვა. და, მე, აქ, გასაოცარს ვერაფერს ვხედავ. მე მაინც ვფიქრობ, რომ სააკაშვილი არ იყო ზელენსკის კანდიდატურა. წინასაარჩევნო პერიოდში ზელენსკიმ, რომელიც არ იყო პოლიტიკოსი და მას ძალიან სჭირდებოდა გამოცდილი პოლიტიკოსები, სააკაშვილი საერთოდ სიახლოვეს არ გაიკარა. ამიტომ ვამბობ, რომ ვიღაც სხვა ითხოვდა მის დანიშვნას.
– არის ვერსია, რომ კორუფციული ინტერესების, ბიზნესდაჯგუფებების წინააღმდეგ გაუჭირდა ზელენსკის წასვლა, რომ ვერ გადალახა ეს ბარიერი.
– ცხადია, ეს ვერსიაც იქნება, მაგრამ უკრაინაში სააკაშვილის სახლი უკვე გახდა სალაპარაკო თემა. თუ ის ებრძვის კორუფციას, საიდან აქვს ძვირადღირებული სახლი?! გიული ალასანიას პოზიცია გასაგებია, მაგრამ მის ხელფასში ვერანაირად ვერ ჯდება ეს სახლი. თანაც, ქართულ სინამდვილეში 10 ათასი დოლარი ხელფასი, ძნელი ასახსნელია. ეს კითხვები გაჩნდა უკრაინაში.
– როგორ ფიქრობთ, როგორ ინარჩუნებს ის ასეთ აქტუალობას?
– პრაქტიკულად იმით, რითაც ადრე ახერხებდა. უდავოდ ნიჭიერი კაცია. ის ელასტიკურია. ის გრძნობს პოლიტიკურ დროს და ამაზე თამაშობს. თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ის მიხვდა, რომ რუსეთის ინტერესებშიც იყო შევარდნაძის შეცვლა და ამერიკის ინტერესებშიც და მან ამას თავი გაართვა.
– ქართულ პოლიტიკაზე, საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის გავლენა როგორი იქნება?
– უკრაინაში თანამდებობაზე არ დანიშნული სააკაშვილი, ალბათ უფრო მოიცლის ქართული პოლიტიკისთვის. ამ მხრივ “ქართულმა ოცნებამ” უფრო აიტკივა თავი, უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდება.