რამაზ საყვარელიძე – “ოპოზიციამ პანდემიის პერიოდშიც ბევრი შეცდომა დაუშვა”

რამაზ საყვარელიძე - "ოპოზიციამ პანდემიის პერიოდშიც ბევრი შეცდომა დაუშვა"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, საპარლამენტო არჩევნებში რა შანსები აქვთ ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას”? არჩევნებისთვის როგორი შეიძლება იყოს მათი რეიტინგი, შეძლებს ხელისუფლება ადამიანებში დადებითი განწყობის შენარჩუნებას?
– თუ ახლა არსებული განწყობის შენარჩუნებას შეძლებს, მაშინ “ქართული ოცნება” აიღებს იმდენ ხმას, რომ კაბინეტი ჩამოაყალიბოს.
– საარჩევნო კოდექსის ცვლილების შემთხვევაშიც?
– დიახ. 50%-ს ვინც ასცდება, ის დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას და, მე ვფიქრობ, ამ ფონზე ჩაივლის არჩევნები.
– რის გადალაგება მოუწევს ოპოზიციას?
– ოპოზიციას ბევრად მეტი შრომა მოუწევს, თუ გვიან არ არის. ოპოზიციამ უამრავი ეტაპი გამოტოვა, რომ მეტი რეიტინგი აეღო.
– ოპოზიცია სახლშია, ხელისუფლება კი ყველგან არის.
– დიახ, მაგრამ პანდემიის პერიოდშიც ბევრი შეცდომა დაუშვა. მას შეეძლო, უფრო ადეკვატური ყოფილიყო. მთავარი გზავნილები რა იყო, ერთი – ტესტირებასთან დაკავშირებით. მეორე – ქართველების უცხოეთიდან ჩამოყვანა და რატომ გადარიცხა ივანიშვილმა 100 მილიონი. ამით შემოიფარგლა ოპოზიცია ამ პერიოდში.
– რა უნდა გაეკეთებინა?
– უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო გაჭირვებაში მყოფ ხალხთან, ადამიანებს უნდა ეგრძნოთ, რომ მათ გვერდით ოპოზიციაც დგას, რომ გაჭირვების დროს არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ თანაუგრძნობენ მორალურად, ფინანსურად თუ სხვა მიმართულებით. ივანიშვილის გადარიცხვის გაკრიტიკებას სჯობდა, თვითონაც ჩაერიცხათ იმ ფონდში გარკვეული ფული. რაღა დაგიმალოთ და მე ეს მოლოდინი ნამდვილად მქონდა. რაღაც უნდა გაეღოთ, რომ ადამიანებს ეგრძნოთ მათი არსებობაც. ოპოზიციის ტაქტიკა მომგებიანი არ იყო მათთვისვე. მთელი თავიანთი აქტიურობა მოსახლეობის დახმარებისკენ რომ მიემართათ და ხელისუფლებას შეჯიბრებოდნენ ადამიანების დახმარებაში, მაშინ ხალხი ამას აუცილებლად დააფასებდა. როდესაც პოლიტიკურ ძალას ადამიანები არ აინტერესებს, დიდი შანსია, რომ არც ადამიანები დაინტერესდნენ ამ ძალით.
– რა გავლენა ექნება სააკაშვილის ახალ პოზიციას უკრაინაში?
– ოპოზიციისთვის, უფრო რომ დავაკონკრეტო, ნაციონალური მოძრაობისა და მასთან ასოცირებული პარტიებისთვის, მორალური იმპულსის მომცემი ნამდვილად იქნებოდა სააკაშვილის ვიცეპრემიერობა, მაგრამ რეფორმების საბჭოს მდივნობა ასეთი გავლენის მომტანი ნამდვილად ვერ იქნება. არა მგონია, სააკაშვილმა ამ სტატუსით დიდი გავლენა მოახდინოს ოპოზიციის წარმატებაზე, ზოგადად – ამ არჩევნებზე.
– მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არ დაინიშნა ვიცეპრემიერის პოსტზე, მაინც არ მოსწონს ეს “ქართულ ოცნებას”, მაინც მიუღებლად მიაჩნიათ და კვლავ დღის წესრიგშია კონსულტაციებისთვის ელჩის გამოწვევის საკითხი. რამდენად მისაღებია?
– თუკი სახელმწიფო აპროტესტებს, რომ მისგან ძებნილი პირი მეორე სახელმწიფომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს, მე ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ. სახელმწიფო თავის ღირსებას იცავს და უფრთხილდება. ასე უნდა იყოს ეს ყველა მხრიდან გაგებული. აქ ხომ დამოკიდებულებაზეა საუბარი და არა თანამდებობაზე დანიშვნა-არდანიშვნაზე! უკრაინის ხელისუფლება, იდეალურ შემთხვევაში, წინასწარ უნდა მოლაპარაკებოდა საქართველოს ხელისუფლებას, კონსულტაცია უნდა გაევლო და უნდა შეჯერებულიყვნენ. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ისე, უკრაინას სააკაშვილთან დაკავშირებით, ზოგადად, უცნაურობები დაემართა. ოდესის გუბერნატორად რომ დაინიშნა, “ოცნებამ” უფრო მორიდებული სტილი გამოავლინა. ახლა, ეტყობა, გადაწყვიტეს, მოიქცნენ ისე, როგორც ყველა თავმოყვარე სახელმწიფო იქცევა იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ ძებნილ პირს თანამდებობაზე დანიშნავს მეორე სახელმწიფო. ეს, ცხადია, უნდა გააპროტესტო.
– ელჩის გამოწვევის დონეზე?
– დიახ. თუმცა ელჩი კონსულტაციებისთვის არის გამოწვეული, როგორც აქამდე იყო საუბარი.
– რამდენად წაადგება ორი ქვეყნის მეგობრობას ეს ნაბიჯი?
– მეგობარსაც უნდა აგრძნობინო, რომ გეწყინა, რომ რაღაც შენთვის მიუღებელია. თუ ყოველ ნაბიჯზე შენს ინტერესს დათმობ, მერე სხვებიც აღარ გაგიწევენ ანგარიშს.