გიორგი ახვლედიანი ნოდარ მელაძეს სასამართლოში უჩივლებს

გიორგი ახვლედიანი ნოდარ მელაძეს სასამართლოში უჩივლებსიაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
გიორგი ახვლედიანმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა. მიზეზი „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი გახდა, რომლის მიხედვითაც, ის ფულს „ქართული ოცნებისგან“ იღებდა და იმ ექსპერტებს შორის იყო მოხსენიებული, რომლებიც მმართველი გუნდის „გაპრავებით“ იყვნენ დაკავებული. ყოფილი ჟურნალისტი სიუჟეტს ფეიქნიუსს უწოდებს და ტელევიზიის ამ გადაცემას უპირისპირდება.
რატომ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუ სიუჟეტი რეალობას არ შეესაბამებოდა, ეცდება თუ არა სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს გზით, ტოვებს თუ არა პოლიტიკას და ხომ არ აპირებს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას? – ამ და სხვა საკითხებზე გიორგი ახვლედიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– ამბობთ, რომ სიუჟეტი არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ, ამავე დროს, მიიღეთ გადაწყვეტილება და დატოვეთ პარტია. მაშინ რატომ მიიღეთ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება?
– ტყუილიც არ არის ეს. ტყუილი ისეთი მაინც ხომ უნდა იყოს, რომ დამაჯერებელი იყოს? მე რომ დამაბრალონ, „ოცნების“ ექსპერტიაო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა მქონდეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განცხადება გაკეთებული? ეს იყო წარმოუდგენელი ფეიქნიუსი.
ჩემს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს იმიტომ მივიღე, რომ ამ სიბინძურის მთავარი სამიზნე მე არ ვყოფილვარ. მთავარი სამიზნე პარტია იყო. დაგაბრალებენ ბუნებაში არარსებულ სისულელეს და თავი უნდა იმართლო, თუ არ იმართლებ, ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ თავის სამართლებელი არ აქვს და ვერაფერს ამბობს. თუ თავს იმართლებ, თავისმართლების მდგომარეობაში ხარ. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიისკენ იყო მიმართული, რათა პარტია მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვიღაცისგან წამოძახებული ბრალდების ქვეშ ყოფილიყო. იმის ნაცვლად, რომ პარტიას წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, ყოველ ჯერზე უნდა ემტკიცებინა, რომ ეს სისულელეა.
– თუმცა მე ასეთი განცხადებებიც მოვისმინე, იმიტომ წავიდა, რომ სიმართლეა და ამით გამოჩნდაო. ამ პროცესში პარტიის როლიც იყო ხაზგასმული. ამაზე რა პასუხი გაქვთ?
– ეს შეიძლება ამ სისულელის ავტორებს მოეგონებინათ.
– ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტორმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა ასეთი განცხადება.
– ძალიან გთხოვთ, ამაზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. მის გამონათქვამებზე კომენტარებს ვერ გავაკეთებ.
მე ისეთ პარტიაში ვარ, რომლის თავზეც რას აღარ გადაუვლია და რა ბრალდება აღარ გაუვრცელებიათ მის წინააღმდეგ, ბუნებრივია, არავინ დაიჯერა ეს თემა, მაგრამ ამას გამოიყენებს არაკეთილმოსურნე კონკურენტი. ბევრი ვიფიქრე ამაზე და დავინახე, რომ სხვა არჩევანი არ არსებობდა.
– რამდენიმე დღის წინ უარყოფდით პარტიიდან წასვლას და რა შეიცვალა 2-3 დღეში?
– ვფიქრობდი ამაზე და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ბოდიშიც მოვუხადე, რომ მაშინ ვერ დავუდასტურე ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ არ ვიყავი ჩამოყალიბებული კონკრეტულ პასუხზე. ჩამოყალიბების, კარგად გაანალიზებისა და პარტიასთან შეთანხმების გარეშე პასუხს ვერ გავცემდი.
– დამოუკიდებლად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება თუ პარტიაში განიხილეთ და იქ გადაწყვიტეთ ერთობლივად?
– აბსოლუტურად დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ პირდაპირ ჟურნალისტებთან კი არ გავიქეცი, არამედ მივედი პარტიაში და გავაცანი პარტიის ხელმძღვანელობას.
– რა რეაქცია ჰქონდა ამაზე პარტიის ლიდერ ნინო ბურჯანაძეს?
– მისი რეაქცია ერთმნიშვნელოვანი იყო. მან ძალიან კარგად იცის, რომ გასულ სიუჟეტს რეალობასთან კავშირი არ ჰქონია და ტალახის სროლა იყო. პირიქით, მადლობელია იმის გამო, რომ ვცდილობ, ეს ყველაფერი პარტიისათვის პრობლემა არ გახდეს. ჩემი არგუმენტები საკმაოდ ძლიერი იყო და ჩავთვალე, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და პარტიაც დაეთანხმა ჩემს ამ გადაწყვეტილებას.
– ახლა, როდესაც პოლიტიკიდან წახვედით, ხომ არ აპირებთ საჩივრის შეტანას სიუჟეტის ავტორების წინააღმდეგ?
– პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ პოლიტიკიდან არ წავსულვარ. პარტიულ პოლიტიკას ვაჩერებ. ერთი პარტიიდან ვერ წავალ და ეგრევე სხვაში ვერ გადავხტები. ამით გამოვა, რომ სხვა პარტიაში გადასვლის მიზნით წამოვედი.
– ეს იმგვარად უნდა გავიგოთ, რომ არჩევნების შემდეგ დაბრუნდებით პარტიაში?
– პოლიტიკური აქტიურობა არ დამიმთავრებია. ახლა არ არის იმის წინაპირობა, არჩევნების შემდგომ პერიოდზე ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. პარტიულ აქტიურობას ვაჩერებ, მაგრამ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და მედია თემატიკასთან დაკავშირებით, პირიქით, გაცილებით უფრო აქტიური ვიქნები.
რაც შეეხება საჩივარს, სარჩელი უნდა შევიტანო. პირველ რიგში ვთვლი, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მივმართო. დიდ იმედებს არ ვამყარებ, მაგრამ, რომ არ მითხრან, რატომ არ მიმართე ქარტიასო, ამიტომ მას მივმართავ განცხადებით. ვთვლი, რომ ეს თემა სასამართლო განხილვის საგანიც უნდა გახდეს. კონსულტაციებს გავდივარ იურისტებთან.
ეს არ არის ერთმნიშვნელოვნად მარტივი თემა, იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობა ბუნდოვანია და ვერ იცავს ვერც საჯარო პირებს და ვერც რიგით ადამიანებს. ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომ მე, როგორც დაზარალებულმა, იქით უნდა ვამტკიცო, რომ ვინც ეს ამბავი გამოიგონა, წინასწარი შეცნობით იცოდა, რომ მე ამას მაბრალებდა და დამაბრალა. ეს იოლი საქმე არ არის. უამრავი დაზარალებულია და ამ თემატიკაზე სულ რამდენიმე სასამართლო პროცესი ყოფილა, იმიტომ, რომ იციან, მრავალთვიან პროცესში უნდა ჩაერთონ და დაზარალებულებმა იქით უნდა ამტკიცონ, რომ დამზარალებელმა ეს შეგნებულად გააკეთა.
– მესმის, მაგრამ, თუ ამბობთ, რომ დაგაბრალეს, ხომ პრინციპის საკითხია, რომ დაამტკიცოთ ეს?
– მეც ვთვლი, რომ პრინციპის საკითხია. ამიტომ გავდივარ ამ საქმის სპეციალისტებთან კონსულტაციას და მიმაჩნია, რომ ეს მოჯადოებული წრე რაღაცნაირად უნდა გაირღვეს. პრეცედენტის შექმნის აუცილებლობაა საჭირო, რომ ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. მე 15 წელი ჟურნალისტი ვიყავი და ძალიან მწვავე დაპირისპირებაში ვიყავი წინა ხელისუფლებასთან, მასთან ერთ-ერთ რადიკალურად დაპირისპირებულ ტელევიზიაში ვმუშაობდი, მაგრამ, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობდი, აზრადაც კი არ მოუვიდოდა ვინმეს, რომ ფაქტი მოეგონებინა და იმ ფაქტზე გაეკეთებინა სკანდალი.
ამათ ყოველ შაბათს აქვთ გადაცემა და რა ქნან? უნდა გამოიგონონ ეს სკანდალი, ისტერიულად შეფუთონ და საზოგადოებას მიაწოდონ, მთავარია, რეიტინგი დაწერონ. ეს ვითარება არ შეიცვლება, სანამ კანონი არ იქნება ისეთი, რომელიც ამის გამკეთებელს პასუხს მოსთხოვს. ამიტომ მინდა სამართლებრივი გზით ომი და კანონი უნდა შეიცვალოს, თორემ სასამართლომ შეიძლება დააკისროს ბოდიშის მოხდა და ვის რაში სჭირდება მაგათი ბოდიში, როცა ამხელა ზარალს მოგაყენებენ.
– ეს, პირიქით, თქვენ წინააღმდეგ ხომ არ იმუშავებს? არ ელოდებით ნარატივს, გიორგი ახვლედიანმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით დაიწყო მუშაობაო?
– რა თქმა უნდა, ამას ვიღაცა ასე დაარქმევს. ეს მახასიათებელიც აქვს ამ ჩაკეტილ წრეს. ფაქტი არის წმიდათაწმიდა, ხოლო ამ ფაქტის ინტერპრეტაცია ათასნაირი შეიძლება იყოს. ეს არის საერთაშორისო ჟურნალისტიკის გამოთქმა. არაფრით არ შეიძლება ფაქტის დამახინჯება და გამოგონება.
– იმას ამბობთ, რომ ფაქტი არ ჰქონიათ? არ ჰქონიათ დოკუმენტი, სადაც თქვენი სახელი და გვარი ფიგურირებდა?
– კომპიუტერზე აკრიფეს გვარები და სახელები, მათ შორის ჩემი სახელი და გვარი. ამოიღეს და თქვეს, რომ ეს არის ფაქტი.
– რატომ მაინცდამაინც თქვენი სახელი და გვარი? რა მიზანი ჰქონდათ?
– როდესაც ჟურნალისტმა სია მაჩვენა, დავიწყე ფიქრი, რომ ვიღაცა ჩემ წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას არ ცდილობდა. მერე დავიწყე ფიქრი, ვინმემ მართლა ხომ არ დაბეჭდა შიდა მოხმარებისთვის და სხვა გიორგი ახვლედიანი ხომ არ იგულისხმება. „ქართულ ოცნებას“ თავისი გიორგი ახვლედიანი ჰყავს, რომელიც თბილისის საკრებულოს მოადგილეა. მე ეს იმიტომ ვიცი, რომ როდესაც სია გამოქვეყნდა 2017 წელს, ნახევარმა საქართველომ დამირეკა და მეკითხებოდნენ, როგორ მოხვდი „ოცნების“ სიაშიო, ზოგი კი მეკითხებოდა, მანდ რა გინდაო. მერე დავინტერესდი ამ თემით და გავარკვიე, რომ მართლაც არის ვინმე გიორგი ახვლედიანი. მერე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გამხდარა. ეს ვკითხე ჟურნალისტს, ის ხომ არ არის-მეთქი და ჟურნალისტმა მითხრა, გავარკვევო, მაგრამ სიუჟეტში იყო, „ოცნების“ ახვლედიანი არ გამოირჩევა განცხადებების კეთებითო და თურმე მე გამოვირჩევი „ოცნების“ სასარგებლო სპიკერობით. სადმე ხომ უნდა მქონდეს „ნაექსპერტალი“. ბოლოში კი იყო ნათქვამი, ზუსტად არ ვიცით, ვინ არის ეს გიორგი ახვლედიანიო, მაგრამ თავში გამოკვეთილად იყო ნათქვამი, თითქოს მე ვიყავი.
– აღნიშნეთ, რომ პოლიტიკურად კიდევ უფრო გააქტიურდებით და ახსენეთ მედიის მიმართულებაც. ჟურნალისტიკაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?
– ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. მთელი ეს პერიოდი, პოლიტიკაში ყოფნა იქნებოდა თუ ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტებთან ვმუშაობდი. ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალგაზრდა ჟურნალისტებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი. ახლა ვფიქრობ, მეტი დრო დავუთმო ამას. დიდი ხანია ვფიქრობ პრაქტიკული ტელეჟურნალისტიკის სკოლის ჩამოყალიბებას. ბევრ ჩემს მეგობართან მაქვს ამაზე საუბარი და ვნახოთ, შეიძლება, ამ მიმართულებასაც დავადგა საშველი, მაგრამ ის, რომ პოლიტიკურ საქმიანობას გამოვეთიშე, სიცრუეა.
– ამ არჩევნებში აღარ მიიღებთ მონაწილეობას?
– ამ ეტაპზე როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა?!
– მაგალითად, მაჟორიტარად დააყენოთ კანდიდატურა.
– არა. მაგას გამოვრიცხავ. მე 15 წელია, მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ ვიბრძვი და ახლა, როცა პარტიაში აღარ ვარ, მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი რომ გავხდე, გამორიცხულია. პარტიაში როდესაც ხარ, გევალება, ეს გააკეთო, რათა ხმები არ დაკარგო, მაგრამ ამ ვითარებაში გამოვრიცხავ ამას.
– „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებთ?
– ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიუღებელი იყო „ოცნების“ საქმიანობაში და რომელსაც ვუპირისპირდებოდი, რა თქმა უნდა, აქტიურად გავაგრძელებ პოზიციონირებას.